ცოცხალი კლასიკოსი – გურამ დოჩანაშვილი

ამ ბლოგზე მუშაობის დროს, როცა კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ბევრისთვის საყვარელი მწერლის ცხოვრებისეულ გზას და შემოქმედებას, გავიგე ერთი დეტალის შესახებ, რომელზეც მანამდე არაფერი ვიცოდი.

როგორც ცნობილია, გურამ დოჩანაშვილი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობდა და 1956 წელს შექმნილი ჯგუფის „გორგასლიანის“ წევრიც იყო. ეს ჯგუფი პროკლამაციებს ავრცელებდა. 1956 წლის 9 მარტის შემდეგ ბიჭები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ნოემბრის ბოლოს მათ თბილისის ქუჩებში პროკლამაციები გააკრეს.

1956 წლის 2 დეკემბერს, უშიშროების თანამშრომელთა ძალისხმევით, თავდასხმა მოხდა გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე, რომლის დროსაც გურამ დოჩანაშვილი დანით მძიმედ დაჭრეს ზურგში. 15 დეკემბერს „გორგასლიანის“ წევრები დააპატიმრეს. როცა მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოში იწვა და სიკვდილს ებრძოდა. ის მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო…

არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს დეტალი იყო უცნობი და სწორედ ამ შემთხვევამ შემზარა: ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, ზურგში ჩარტყმული დანა მილიმეტრებით ასცდა გულს (როგორ არ გაგახსენდება ლამაზ-ქალაქელი გიჟი უგოს სიტყვები: „გული ზურგიდან უფრო ახლოა…“), მკურნალ ექიმს კი ბატონი გურამის ახლობლებისთვის უთქვამს, კიდევ კარგი, დანა ოდნავ გრძელი ან ოდნავ ბასრი არ იყოო…

სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით აბსოლუტურად უმნიშვნელო დეტალებზე ყოფილა დამოკიდებული  1956 წელს, პირველ რიგში, გურამ დოჩანაშვილის სიცოცხლე, მერე კი ისეთი ლიტერატურული შედევრების შექმნა, როგორებიცაა: „სამოსელი პირველი“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“,  „მხოლოდ ერთი კაცი“, „მხიარული ბორცვი“, „მუსიკოსი“, „ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ბაქანი“, „ლოდი ნასაყდრალი“ და კიდევ, აბა, რომელი ერთი…

„მწერალი არ ვარ, გადამწერი ვარ!“ – ეს   ერთადერთი ცოცხალი ქართველი კლასიკოსის (ხალხმა მას სიყვარულით სწორედ ასე შეარქვა) საყვარელი ფრაზაა. რასაკვირველია, ეს ფრაზა უდიდესი თავმდაბლობის ნიმუშია და ვისაც ერთხელ მაინც უნახავს  ალალი, გულწრფელი ღიმილით გაღიმებული გურამ დოჩანაშვილი, მის თავმდაბლობაში ეჭვი არ შეეპარება. როცა მას უყურებ, რწმუნდები, რომ „წრფელი ღიმილი ყველაფერზე მეტად გადამდებია, მთქნარებაზეც კი…“

გურამ დოჩანაშვილს თავის მოთხრობებში, ძირითადად, საკუთარი თავი ჰყავს გამოყვანილი.  „პირველი ნაბიჯი“, „საქმე“ „იქამდე“ სწორედ ბატონი გურამის ბავშვობითა თუ სიყმაწვილით, მისი საყვარელი ადამიანებითაა სავსე. მოთხრობაში „იქამდე“ ვხვდებით ზემო იმერეთის ერთ ლამაზ სოფელს, რომელსაც ღულელები ჰქვია.

მწერალს საოცარი სისადავით აქვს აღწერილი ეს სოფელი, სადაც ჩასვლისთანავე პატარა სანდრო უკვე წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს: ხაჭოს ხინკალს ითხოვს და მერე ტყეში გარბის. აი, სწორედ ტყის აღწერისას მჟღავნდება დოჩანაშვილის განსაკუთრებული, ორიგინალური სტილი: „მეჩხერი“, „უღრანი“, „უსიერი“, „დაბურული“, „გაუვალი“ – კიდევ როგორი შეიძლება იყოს ტყე? თურმე, შეიძლება – ქართულა… აბა, გაიმეორეთ, რა ლამაზად, მხოლოდ დოჩანაშვილისეულად ჟღერს: „ქართულა ტყეში ამოჰყოფდა თავს…“ – მოფერებაც ჩანს, სამშობლოს სიყვარულიც, ბავშვური ლტოლვაც და ამათი ერთობლიობა აუწერელი სითბოთი გავსებს…

პერსონაჟების აღწერა გნებავთ? კი, ბატონო, თუნდაც, ამავე მოთხრობაში დახატული, ერთი შეხედვით ცივი, მკაცრი დეიდა ერმონა გავიხსენოთ, როგორ წამოადგა თავზე სანდრო, როცა მან ღორს სალაფავი დაუდგა და ეუბნებოდა: „ჭამე, ჭამე, შე ბეჩავო!“ და როცა მოიხედა და სანდროს გაოცებულ სახეს წააწყდა, თითქოს თავი იმართლა და განუმეორებელი სიტყვით ახსნა ღორისადმი ასეთი თბილი დამოკიდებულება: „უენოოა…“ – განა ბევრი გეგულებათ მწერალი, რომელსაც შეუძლია ერთი ეპიზოდის აღწერის დროს, პერსონაჟს მხოლოდ ერთი სიტყვა, ისიც მხოლოდ მისეული, ათქმევინოს და ამ ერთი სიტყვით ყველაფერი თქვას მასზე?..

გურამ დოჩანაშვილის იუმორიც განსაკუთრებული, უიშვიათესი და მხოლოდ მისეულია. მრავალთაგან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტანთ, მხოლოდ მოთხრობებიდან.

„ჩემი ქმარი მუშაობს, ქალთა მკერავია“. „გინეკოლოგი?“. „არა, კაბების…“

„ეეეჰ, თვითმფრინავში კანფეტებსაც აღარ ირიგებიან,- წუხდა გარებიძაშვილი, – ადრე, ჩამოივლიდა მშვენიერი კაი ქალიშვილი ქალი თვითმფრინავში, ჩამოატარებდა ლანგრით კაი მონპასი-კანფეტებს, შენც აიღებდი ერთ-ორ ცალს, ისე, შეგეძლო მეტიც აგეღო, გაწუწნიდი, გამოწუწნიდი და აღარ დაგიბუჟდებოდა ყურები…“. „მერედა, რა გახდა, შე ჩემანალა, იყიდე შენც ერთი-ორი ღერი კანფეტი!“. „ეეჰ, ქალიშვილი ქალის მიერ მორთმეული…“

„ცოლს თვალებში შეხედა და უთრა: „მინდიხარ, ლამარრა!“

სასტუმრო არ იყო შორს. მით უმეტეს, ტაქსით.“

 

„…ეეჰ, ახლა ნეტა, ორი რამ მამცა“ – ინატრა დედაბერმა. „რა და რა, დიდედ?“-შემრიგებლურად ჩაეკითხა დამრეცი სიკა, მაგრამაც უთხრეს: „საღი ჭინჭარი და შენი ზადნიცი!“

„ისეთი კაცი იყო, ერთ ლოყაში რომ გაგერტყათ, მეორეს არ მოგიშვერდათ, ხელმეორედ რატომღა შევაწუხოო“.

„ვანუა ისეთი სახით იჯდა საჭესთან, რომ სანდროს მაშინვე გაახსენდა სიტყვა „ყურუმსაღი“.

შეგნებულად ვუვლი გვერდს ისეთი ნაწყვეტების განხილვას, რომლებიც თითქმის ზეპირად იცის ლიტერატურის მოყვარულმა ნებისმიერმა ადამიანმა:  „ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე“; „კუჭის კანონია, ეს, გერასიმე“, „ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა“ – ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. თანაც, არა მგონია, ამ ერთ სტატიაში „სამოსელი პირველის“ განხილვა ღირდეს, ამიტომ ქართული პროზის ეს შედევრი გვერდზე გადავდოთ და გურამ დოჩანაშვილის რამდენიმე მოთხრობა გავიხსენოთ.

ცოცხალ კლასიკოს ერთი პატარა, ლამაზი მოთხრობა აქვს, რომელსაც „მუსიკოსი“ ჰქვია. „პრესა.ჯი“ არც ამჯერად დაარღვევს ტრადიციას და ამ მოთხრობას გამოაქვეყნებს, დარწმუნებული ვარ, ბევრს, შესაძლოა, წაკითხულიც არ ჰქონდეს. იგი გურამ დოჩანაშვილის ადრეულ წლებში გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა შორისაა, მაგრამ უკვე იგრძნობა ხელი, რომელიც მალე „სამოსელი პირველის“ წერას შეუდგება. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ისევ მწერალს მივუბრუნდეთ და ლიტერატურასთან მის დამოკიდებულებაზე, მწერლის მისეულ იდეალზე ვისაუბროთ.

მუსიკოსი

საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.

ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ… შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ხმა.

ხმის ამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა სიჩუმე, შეიძლება იმიტომ, რომ ლაპარაკს არ დაეფარა ნაბიჯების ხმა. ჩვენ გვსიამოვნებდა რაღაც. ეს ,,რაღაც“ იყო ლამაზი ქუჩა და სწორედ ისეთი საღამო, როგორიც გვიყვარდა. ჩვენ ჩავუარეთ სახლს, საიდანაც ისმოდა როიალის ხმა. ბგერები ჯარისკაცებივით მწყობრად და რითმულად მიდიოდნენ ზევით და ქვევით. ჩვენ გავცდით სახლს.

- იცი, რა? – მითხრა ნუგზარმა. – როდესაც ოდესმე კიდევ ჩავუვლი ამ სახლს, მექნება მოლოდინი, რომ გავიგონებ გამებს…

მე არაფერი ვთქვი – ვერ შევარჩიე პასუხი.
– შენც? – მკითხა ნუგზარმა.
– ჰო, მეც… – ვთქვი მე.

- იცი, მე ზოგიერთ ქუჩაზე უფრო ხშირად დავდივარ. ასეთ ქუჩაზე მე ვცხოვრობ, ვსწავლობ ან უბრალოდ მომწონს ქუჩა…და დავდივარ. იმ ქუჩაზეც ხშირად ვარ…

–რომელზე?

–ის რომ ცხოვრობს…

,,ის“ ერთი კარგი გოგოა, სიცილი და წითელი კაბა უხდება.

- იმ ქუჩებს კარგად ვიცნობ, – თქვა ნუგზარმა. – მივდივარ და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას, რასაც მივეჩვიე. რომელიმე ფანჯრიდან ხშირად გამოდის სიმღერების ხმა, სხვა ფანჯარაში ჩანს რომელიმე ნახატი, ზოგიერთი ფანჯრიდან მოისმის მაგნიტოფონზე ჩაწერილი მსუბუქი მუსიკა, ზოგიერთიდან გამების დაკვრა ისმის. მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა… ჩემი სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით… ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას, ზოგს პირიქით… ის ხმა კი, ჩემი სახლიდან რომ მოისმის, არავის არ სიამოვნებს. არავის, გარდა იმისა, ვინც უკრავს და კიდევ იმისა, ვინც იცის, რაშია საქმე.

-რაა ეგეთი? – ვკითხე მე.

-მოგიყვე?

-მომიყევი.

-ჩამოვჯდეთ და მოგიყვები.

ჩვენ რომელიღაც სახლის კიბეზე ჩამოვჯექით.

- ის ჩემი მეზობელია, – თქვა ნუგზარმა. – მაშინ ყველანი მუსიკოსს ვეძახდით. ამ დაძახებაში არ იგრძნობოდა ის პატივისცემა, რომელსაც რატომღაც იწვევენ მუსიკოსები. ალბათ იმიტომ იწვევენ რომ არის მათში რაღაც ისეთი, რაც აიძულებთ იყვნენ მუსიკოსები და არა.ვთქვათ… რა ვიცი, რამდენი სხვა პროფესიაა… ჰო, ამ დაძახებაში პატივისცემა კი არა, დაცინვა იგრძნობოდა. ალბათ, იმიტომ, რომ იმ ინსტრუმენტზე უკრავდა.

რომელ ინსტრუმენტზე? – ვკითხე მე.

- ტუჩის გარმონზე უკრავდა… ჩვენ ყოველთვის ვბრაზდებოდით, როდესაც ის უკრავდა… რაღა რატომღაც – წარმოიდგინე ტუჩის გარმონზე გაუთავებელი დაკვრის მოსმენა… ამ ინსტრუმენტის ხმას მეზობლები სხვადასხვანაირად ვეძახდით – ზოგი წრიპინს, ზოგი ჩხავილს, ზოგიც წრუპუნს… უფრო ეს სიტყვა მიგვაჩნდა შესაფერისად – წრუპუნი. მას შეეძლო დაუსრულებლად დაეკრა თავის ინსტრუმენტზე. ეტყობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდა ეს.

ის რაღაც სხვანაირად უკრავდა. რატომღაც ყოველთვის ირჩევდა სევდიან მელოდიას. უკრავდა ხანგრძლივი ჩაბერვით. ყოველი შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი მის კისერზე. მკრთალი ძარღვი შუბლზე. და ასე გაუთავებლად…

ეზოში მეორე მუსიკოსიც გვყავდა, ნამდვილი მუსიკოსი. ის ვიოლინოზე უკრავდა. ის უფრო ხშირად უკრავდა, მაგრამ არავინ ბრაზდებოდა – ის ნამდვილი მუსიკოსი იყო. მეზობლებიდან ზოგს მართლა უყვარდა ვიოლინო, ზოგს არა, მაგრამ ხმამაღლა მაინც ვერ გამოხატავდა საყვედურს – იცოდა, რომ ვიოლინო აღიარებული ინსტრუმენტი იყო. სამაგიეროდ, ისიც ყველამ იცოდა, რომ ტუჩის გარმონი არ იყო ასეთი ინსტრუმენტი და ყველა იძახდა, რომ ყურისწამღები იყო ეს ,,გაუთავებელი წრუპუნი“. სიმართლე რომ ითქვას, ის არ უკრავდა ძალიან ბევრს, არ უკრავდა გაუთავებლად: დაკვრა მაშინვე წყდებოდა, როდესაც გაისმოდა ვიოლინოს ხმა.

ტუჩის გარმონის ხმა მაშინვე იკარგებოდა ვიოლინოს გაგონებაზე, თითქოს იმალებაო. მევიოლინე უკრავდა გამებს, რთულ პასაჟებს, მერე ეტიუდებს და მთელ კონცერტებს. ჩვენც ვიყურებოდით იქით, საიდანაც მოდიოდა ბგერები და გვეჩვენებოდა, რომ ფანჯარა უკრავდა. როდესაც მევიოლინე ამთავრებდა დაკვრას, ეზოში ათიოდე წუთით სიჩუმე იყო. მერე შემპარავად იწყებდა დაკვრას მუსიკოსი.

ისმოდა ლამაზი, სევდიანი მელოდია, მაგრამ ჩვენ მაინც გვეჩვენებოდა, რომ მისი ფანჯარა ,,წრუპუნებდა“. ყველა იწყებდა ლაპარაკს: იძახდნენ, რომ მუსიკოსმა გააჭირა საქმე, რომ წაიღო ყურები, რომ აღარაა მისგან საშველი… ერთ დღეს ჩვენი ერთერთი მეზობელი შემოვიდა ეზოში და გაიგონა ტუჩის გარმონის ხმა. მეზობელს ვიოლინოც სძულდა. ის საერთოდ უკმეხი იყო და იმ დროს, მგონი, ცოტათი მთვრალიც.

,,შენ ეი, მუსიკოსო!“ – დაიღრიალა მან. ფანჯარაში მუსიკოსი გამოჩნდა. ,,რა გნებავთ?“ ,,გააჩერე რა, თუ ღმერთი გწამს, ნუ წაიღე ყურები“. ეს პირველად ხდებოდა, როდესაც მუსიკოსს პირში ეუბნებოდნენ საყვედურს. ,,რას გიშლით?“ – ჰკითხა მუსიკოსმა. ,,როგორ თუ რას!.. აღარაა მოსვენება“. მეზობელი ცოტათი მთვრალი იყო.

,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ორ გარმონზე ერთად დაუკრავდი“, – თქვა მეზობელმა და მიმოიხედა – უნდოდა ჩვენს სახეებზე ამოეკითხა როგორ მივიღებდით მის ენამოსწრებულობას.

,,ერთი ხელითაც შემიძლია ორი გარმონის დაჭერა“, – სცადა ხუმრობა მუსიკოსმაც. ,,კიდევ კარგი, რომ მეორე ხელი არა გაქვს, თორემ ოთხი გარმონით დაუკრავდი!“ – დაიყვირა მეზობელმა, მოეწონა ნათქვამი და აღფრთოვანებით გამოიხედა ჩვენსკენ.

პირველად ზოგს მოეწონა ხუმრობა, მთქმელიც კი. მუსიკოსი ნაწყენი ჩანდა და ცდილობდა ეთქვა რაიმე. ვერაფერი თქვა და შებრუნდა ოთახში.

იმ დღეს ყველანი ველოდით, როდის გავიგონებდით მისი ინსტრუმენტის ხმას, მაგრამ ფანჯარა დუმდა. მე ავედი მასთან და მორიდებულად დავაკაკუნე კარებზე. კარები მუსიკოსმა გააღო. მე შევედი ოთახში და ჩამოვჯექი სკამზე. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით.

,,დაუკარით რამე, რა…“ – ვუთხარი მე. ,,მე არ მეგონა,“- თქვა მუსიკოსმა, – ,,რომ გაწუხებდით თქვენ… ალბათ იმიტომ, რომ ყველა ინსტრუმენტი მიყვარს“, ,,დაუკარით, რა,“- გავუმეორე მე. ,,ორივე ხელი რომ მქონდეს, ვიოლინოზე დავუკრავდი“, – თქვა მუსიკოსმა.

ჩვენ დიდხანს ვისხედით ჩუმად.

,,მე არ შემიძლია არ დავუკრა“,- თქვა მუსიკოსმა. – ,,მე ძალიან მიყვარს მუსიკა. ისეთი კი არა, რომელსაც უსმენენ… ისეთი, რომელსაც თვითონ ჰქმნი“… მან დახედა ინსტრუმენტს: ,,ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზედაც შეუძლია დაუკრას ცალხელა კაცმა“.

,,დაუკარით, რა“, – კიდევ ვთქვი მე.

მუსიკოსმა აიღო გარმონი, მიიტანა ტუჩებთან და ჩაჰბერა. მუსიკოსი უკრავდა ნაღვლიან მელოდიას. უკრავდა გრძელი ჩაბერვებით. შესუნთქვის დროს ქრებოდა დიდი ძარღვი კისერზე, მკრთალი ძარღვი შუბლზე. მერე ისევ ჩაბერავდა და… ისევ იბერებოდა კისერზე დიდი ძარღვი, ისევ ჩნდებოდა წვრილი ძარღვი შუბლზე… ეს არ იყო ,,წრუპუნი“, არც ,,ჩხავილი“ და ,,წრიპინი“.

ეს იყო ლამაზი ნაღვლიანი მელოდია და მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია მეორე ხელზე.

ნუგზარი გაჩუმდა.

- ახლა, როდესაც ვბრუნდები სახლში, შორიდანვე ვამახვილებ სმენას. მერე გავიგონებ, რასაც მოველი და მსიამოვნებს – ეს არის ტუჩის გარმონის ხმა.

- ახლაც უკრავს ნეტავ? – ვკითხე მე.

- ალბათ…

ჩვენ წამოვდექით. მივდიოდით ლამაზ ქუჩაზე – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. იყო სასიამოვნო სიჩუმე და გვესმოდა მხოლოდ ნაბიჯების ხმა. გვსიამოვნებდა ხმა, რომელიც იყო ჩვენი.

მე გამახსენდა მუსიკოსი და რატომღაც შემშურდა მისი. ალბათ, იმიტომ, რომ არ ვუკრავ არცერთ ინსტრუმენტზე…

იმ ღამეს, როდესაც მარტო ვბრუნდებოდი სახლში, მე ვსტვენდი… ეს იყო ნაღვლიანი მელოდია რომელიღაც კინოფილმიდან. მე მომეჩვენა, რომ ეს იყო მელოდია ჩემს ორ ჯანსაღ ხელზე, რომლებსაც არ შეეძლო დაკვრა…

მე მაინც მსიამოვნებდა სტვენა“.

მართალია, სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ სტატიის დასასრულს კიდევ ერთხელ გადავხედოთ, რა დამოკიდებულება აქვს მწერალს მწერლობის, მწერლის დანიშნულების მიმართ:

„ყოველი კარგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი…“ მწერლობის დანიშნულება სწორედ ეგ არის – უკეთესობისკენ შეგცვალოს…

„მან თავისი წინა ნამუშევრის შეძულება იცოდა, ამიტომაც, ყოველი მომდევნო მოთხრობა წინას სჯობდა…“

„…საქმე გვაქვს, თანაც როგორი – ძნელ უკეთესობას მიუახლოვდე და აუხილო შეგუებულებს ამტანი თვალი“

„…მგელი არ იწვრთნება, საყოველთაოდ ცნობილია ეს და მწერლის ჩემეული იდეალიც თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს არის მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე – ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ…“

ბატონ გურამ დოჩანაშვილს, მგელზე ამხედრებულ მწერალს, არწივით მხარზე – წელს 72 წელის უსრულდება. ამ ცოტა ხნის წინათ მწერალმა, რომელიც კარგა ხანია, ჟურნალისტებთან კონტაქტს ერიდება, „პრესა.ჯი“ მიიღო და ექსკლუზიური ინტერვიუც მისცა.

ბატონი გურამი საკმაოდ მხნედ გამოიყურება და ახალ წიგნზეც მუშაობს. მისი ბოლო ნაწარმოები ახლახან გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში: „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება“ – მწერალი თავის ცხოვრებას იხსენებს. გურამ დოჩანაშვილზე სტატიას კი მისი განუმეორებელი „სამოსელი პირველის“ საკვანძო ფრაზის გამოხმაურებით დავასრულებთ:

ჭეშმარიტად, ბატონო გურამ! დედამიწას სიყვარული ატრიალებს!

აქ ფრაგმენტია საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში შესული სატელევიზიო სპექტაკლიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, რომელშიც მთავარი როლი ბრწყინვალედ შეასრულა ეროსი მანჯგალაძემ. სხვათა შორის, ეს ერთადერთი ეკრანიზაციაა, რომელიც თვითონ ბატონ გურამ დოჩანაშვილს ძალიან მოსწონს.

 

About these ads

4 Comments (+add yours?)

  1. Kejeradze
    Feb 28, 2011 @ 19:20:43

    ჩემი უსაყვარლესი მწერალი : ) “კიდევ კარგი, დანა ოდნავ გრძელი ან ოდნავ ბასრი არ იყო”

    Reply

  2. ბლოგი-კაატინგა
    Feb 28, 2011 @ 20:41:07

    როგორც თვითონ იტყოდა: “აჰ, მტრისას, მტრისას…”

    Reply

  3. George
    Mar 07, 2011 @ 16:03:33

    მისი შემოქმედება სულს ატკბობს და გულს მალამოდ ედება :) ენაწყლიანი , ტკბილად მოუბარი, კლასიკურად მოაზროვნე ამავე დროს დიდი თავისუფლების მატარებელი. მიყვარს ;) ბლოგის ავტორს მადლობა საინტერესო ბლოგისთვის.

    Reply

  4. shotik
    Feb 14, 2012 @ 10:40:56

    დიდებული ადამიანი!
    ___________________________________________________________
    “დედამიწას სიყვარული ატრიალებს”
    “დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.”
    (გურამ დოჩანაშვილი)
    ___________________________________________________________

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: