როგორ ვეგონეთ მკვდრის სული

პირდაპირ მოყოლაზე გადავალ:
90-იანი წლების დასაწყისის ზუგდიდი. ვინც არ იცის, ვეტყვი, ეს ის დროა, როცა ზვიადისტები ჩაცხრნენ, ქალაქში “მხედრიონი” და სხვა სამთავრობო ფორმირებებია, ტრანსპორტი არ მოძრაობს, უფრო სწორად, თუ სამი მსუბუქი მანქანა დადის, ერთში აუცილებლად ჯაბა იოსელიანი ზის, სიგარეტის, შაქრის, პურის, ადამიანობის დეფიციტია…

სწორედ ამ დროს ავიხირეთ მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ყულიშკარში(7 კმ-ია ზუგდიდიდან), ერთ წვეულებაზე წასვლა. სულ ხუთნი ვართ. 1993 წელია, ზაფხული. ხუთივე სტუდენტები ვართ, თითქმის ტოლები – 21-23 წლისანი. ვინ გადაგვათქმევინებდა – წავედით. ახლა კია სარკესავით ასფალტი ზუგდიდიდან ყულიშკარამდე, მაშინ ოღროჩოღრო გზა იყო. მაგრამ ჩვენ დიდად არ გვიდარდია – ქვეითად გახლდით და ღრმულებსაც უპრობლემოდ ვუვლიდით გვერდს.

საყოველთაო გაჭირვება გავითვალისწინე და სიგარეტი მოვიმარაგე. ფილტრიანი მაშინ ზუგდიდში არ იშოვებოდა. თუ სოხუმის “პალასატი” “ასტრა” ან თუნდაც, ლენინგრადის “პრიმა” გქონდა, შეგეძლო ჩაგეთვალა, რომ “მალბორო მედიუმ” გედო ჯიბეში. დანარჩენები ისე-რა მწეველები იყვნენ, სიგარეტს რომ არასოდეს იყიდიან ცნობილი პრინციპით: “ტყეში ხომ არ ვარ, რატომ ვიყიდო, – ვითხოვ…”

მოკლედ, დავადექით გზას. იქეთა გზა საინტერესო არ არის და რამდენიმე საათსაც გადავახტები: მივედით მშვიდობით, ვიქეიფეთ, შევზარხოშდით, შემოგვაღამდა და მასპინძელთა კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, უკან წამოვედით, ბუნებრივია, ისევ ფეხით. დაახლოებით ნახევარი გზა რომ გავიარეთ, გამახსენდა, სასაფლაოს გავლით(ქაფათის სასაფლაოდ მოიხსენიებენ ამ ძვალთშესალაგს ზუგდიდში) რომ მოკლე გზა არსებობდა და მეგობრებს ჩავაჯინდი, გინდათ თუ არა, ამ გზით წავიდეთ-მეთქი. შევდექით. ფიქრობენ. არადა:

ბნელა. სასაფლაოსკენ – უფრო. შორიდან ავტოამტის ჯერის ხმა ისმის. სადღაც ღამის რომელიღაც ფრინველმა შეგვახსენა თავი. სასაფლაოს ნარგავები, ყვავილებიც კი, ავად შრიალებს. თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავ. საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის, რომ უარი ეთქვათ. ასეც მოიქცნენ. მაგრამ მე ციცქნა გმირობის ჩადენა მომინდა და ვეუბნები, თუ თქვენ არ მოდიხართ, მე მარტო წავალ ამ მოკლე გზით, თქვენ კი ურტყით კრუგები-მეთქი. ამის თქმა იყო და, დავადე თავი სასაფლაოსკენ. მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ასე არ გამიმეტებდნენ და გამომყვებოდნენ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – გზა გააგრძელეს.

უკან ხომ არ დავბრუნდებოდი – გავაგრძელე გზა. მამაჩემის შეგონებებს ვიხსენებ, ჯერ კიდევ პატარას რომ მინერგავდა ჩემთვის გასაგებ ენაზე: “ღამე ირგვლივ ყველაფერი ისეთივეა, როგორც დღისით. ჩვენ გვგონია რომ სხვანაირია, რადგან ბნელა და კარგად ვერ ვხედავთ”; “სასფლაოზე გავლა საშიში არ არის – მკვდრებს იმიტომ ჰქვიათ მკვდრები, რომ არც იკბინებიან, არც დადიან და არც ლაპარაკობენ. სირბილი, ლაპარაკი და ვინმესთვის რამის დაშავება რომ შეეძლოთ, სასაფლაოზე კი არ იქნებოდნენ, შენსავით ივლიდნენ, შეჭამდნენ, დაიძინებდნენ…” ეგენი კი მახსენდებოდა, მაგრამ ღამე, წკვარამში, სასაფლაოზე – მაინც ძნელი ყოფილა…

მოკლედ, ისე მივდივარ, რომ მამაჩემის კიდევ ერთ პრინციპს ვიცავ: “ღამე სიარულის დროს, ნაბიჯის გადადგმისას, ფეხი ჩვეულებრივზე მაღლა ასწიე, რომ რამეს არ წამოსდო…” ფრთხილად ვუვლი გვერდს ბიუსტებს და ქანდაკებებსაც კი(ვისაც სამეგრელოში საფლავები გინახავთ, არ გაგიკვირებათ და ვისაც არ გინახავთ, გეტყვით: სასახლეებს უშენებენ და ძეგლებს უდგამენ გარდაცვლილებს) და ვითომ უდარდელად ვუსტვენ, მაგრამ მალევე ვწყვეტ, რადგან ჩემი ხმა გამოკვეთილად ისმის და უფრო სახიფათოდ ჟღერს.

თავდაპირველად ნელი ნაბიჯებით მივდიოდი, მერე გავთამამდი. თან, წინასწარ მქონდა წარმოდგენილი, როგორ დაველოდებოდი ზუგდიდის დასაწყისში გასული სადმე, გზისპირა სკამზე დანარჩენებს, რომლებსაც იქვე უნდა ჩამოევლოთ. მე დავისვენებდი, გავაბოლებდი, ისინი კი, მთელი სამი კილომეტრით მეტმანძილგავლილები, დაღლილები იქნებოდნენ… თანათან ავუჩქარე ნაბიჯს და მორიგი ნაბიჯის გადადგმის დროს, უცებ, ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხს მიწა არ დახვდა იმ ადგილას, სადაც, წესით, უნდა დახვედროდა. სანამ ხელები ავიქნიე და წონასწორობის აღდგენა ვცადე, თხრილში გადავეშვი. თავით არა, ფეხებით. თავდაპირველად ვარდნის დრო არ აღმიქვამს და ვიფიქრე, რომ პატარა თხრილში ჩავვარდი. ამოსვლა ვცადე – მარჯვენა ოდნავ ავწიე, რომ მიწის ზედაპირი მენახა, მერე მარჯვენა მუხლს დავყრდნობოდი და ამოვსულიყავი. შენც არ მომიკვდე. მერე უფრო მაღლა ავწიე ფეხი. იქაც კედელი დამხვდა. ფეხი ჩამოვწიე და ჩემი მკერდის გასწვრივ ხელი გავიშვირე. ისევ კედელი. თავზემოთ ავწიე ხელები ამ კედელზე ფათურით – ზედაპირი მაინც არ ჩანს. მერე შევხტი და ძლივს მივაწვდინე თითები ზედაპირს, მაგრამ ამოსვლა არ გინდა?

ბნელა. თხრილში – უფრო. როცა მიდიხარ, უკეთ ხარ, სადღაც, სასაფლაოზე, თხრილში ჩავარდნილი კი… გავზომე ეს თხრილი და სიგრძითაც და სიგანითაც ორი მეტრია. ჯერ ვიფიქრე, ვიყვირებ, ვინმე მომეშველება-მეთქი, მერე კი დავასკვენი, რომ ჯერ ერთი, ვერავის გავაგონებდი და მეორეც, რომც გაეგონათ, ღამის სამ საათზე სასაფლაოზე გამსვლელი, თანაც, იმ დროს – აბა ვინ იყო…

ამოსვლა, ამოხოხება – რა არ ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდის. შევეგუე ბოლოს ბედს, ჩავცუცქდი და მივეყრდენი კედელს. შევეგუე, რომ დილამდე აქ უნდა ვიჯდე. მერე ვინმე გამოივლის. ვზივარ და ველოდები გათენებას. რა ფილმებიც მქონდა ნანახი მკვდრების სულებზე, საშინელებებზე, ყველაფერი მახსენდება, მაგრამ ვცდილობ, არ ვიფიქრო. ერთადერთი, რის გახსენებამაც დამამშვიდა, სიგარეტი იყო, ჯიბეში რომ მედო. მაგრამ როცა თითებშუა გავიჩარე, გამახსენდა, რომ ასანთი ერთ-ერთ მხლებელს მივეცი და არ დაუბრუნებია. დამრჩა სიგარეტი თითებში.

არ ვიცი, რა დრო გავიდა, მაგრამ უცებ, ნაბიჯების ხმა მესმის ზემოდან. აშკარად ნაბიჯების ხმაა. კინაღამ გავძახე, მაგრამ დროზე შევიკავე თავი: ხომ გაიქცეოდა, მიწის ქვემოდან რომ ხმა გაეგონა… ველოდები მომენტს, რომ შევეხმიანო და დახმარება ვთხოვო, თან თავს ვირწმუნებ, ნამდვილად ადამიანია-მეთქი… უცებ, მესმის ჯერ შხუილის, მერე დაცემის, მერე კვნესის ხმა. სიბნელეს თვალი მიჩვეული მაქვს, შესაბამისად, მე ვხედავ სილუეტს, ის კი(ბუნებრივია, ადამიანია, მამაკაცი) ვერ მხედავს. შეიგინა, წამოდგა და ზუსტად ჩემს მსგავსად სცადა ამოსვლა. არაფერი გამოუვიდა, ჩემსავით. ჩემს მოპირდაპირე კედელთანაა. რამდენიმე მვდელობის შემდეგ ჩემსავით მოიქცა, ბედს შეეგუა და ჩაჯდა. ვფიქრობ, როდის და როგორ შევეხმიანო, რომ გული არ გავუხეთქო. სიგარეტი ამოიღო, პირში ჩაიდო და ასანთს გაკრა. ყველაფერი დამავიწყდა – ისიც, რა სიტუაციაში ვიყავი და ისიც, რომ ხმა არ უნდა ამომეღო, მხოლოდ ის მახსოვდა, სიგარეტი რომ მეჭირა და რომ ძალიან მინდოდა მოწევა. ჩაცუცქული მივიწიე მისკენ და წყნარად ვეუბნები: “თუ ძმა ხარ, მომიკიდე, რა!..”

მერე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ასანთი ჩაქრა და არაადამიანური ყვირილი გავიგონე, მერე მხარზე ვიგრძენი ფეხები და კაცი თხრილიდან ამოხტა… ამოხტა და გაიქცა, თან ყვირის. მეც ავყვირდი: “ნუ გეშინია, კაცი ვარ, კაცი! გაჩერდი, ჩავვარდი შენსავით, ამომიყვანე!” – მაგრამ გამჩერებელი ვინ იყო…

ბოლოს ხმამაღლა დავიყვირე; “ასანთი მაინც დამიტოვე, შენი!..” – თან ფრიად არათავაზიანად მოვუკითხე უახლოესი წინაპარი, დედა…

ნეტა, ვინ ვეგონე?

თან, წარმომიდგენია, ახლაც როგორ ხატოვნად ჰყვება(ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ მივაკვლიე), როგორ ჩავარდა ღამით საფლავში და როგორ სთხოვა მკვდრის სულმა სიგარეტზე ცეცხლის მოკიდება…

2008 წლის აგვისტო ჩემი მღელვარებისა

შორიდან დავიწყებ: დედა ლეჩხუმელი მყავს. ყოველ ზაფხულს, შორეული ბავშვობიდან, ცაგერის რაიონში ვისვენებდით, ბებია-ბაბუასთან, მინიმუმ, ერთი თვით. ბაბუა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ნაჭრილობევი ახლაც ამჩნევია ზურგზე.

სკოლაში, ასე, მე-6-7 კლასში, კედლის გაზეთს ვრედაქტორობდი, “შედევრებს” ვწერდი სხვებთან ერთად. მახსოვს, ბაბუას რამდენჯერმე გავუგზავნე წერილი, რომ გაეხსენებინა ომის რომელიმე ეპიზოდი: როგორ დაიჭრა, როგორ გადარჩა. ვუხსნიდი, კედლის გაზეთისთვის მჭირდება-მეთქი. პასუხი ყოველთვის მომდიოდა, მაგრამ ბაბუა ჩემი თხოვნის გარდა, ყველაფერზე მწერდა, თხოვნას კი სრული იგნორირებით ხვდებოდა. მაშინ მწყინდა, მაგრამ როცა მეორე კურსიდან გავიპარე აფხაზეთის ომში მოხალისედ და სოხუმის აღების დღეს ძლივს გამოვედი ალმოდებული ქალაქიდან, მოგვიანებით მივხვდი, რატომ დუმდა ბაბუა: ომის დროს გადატანილი განცდები რომ ხელახლა გაეხსენებინა, ყველაფრის ხელახლა გადატანის ტოლფასი იქნებოდა…

ვიცი, იმ აგვისტოს გახსენება ჩემთვისაც ძნელი იქნება, მაგრამ მოვიმარაგებ სიგარეტის გაუხსნელ კოლოფს და დავიწყებ…

2008 წლის აგვისტოში, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, ძირითადად, “ოდნოკლასნიკზე” ვაქტიურობდი და ამას თავისი ახსნა ჰქონდა – რუსებთან პოლემიკაში ვიყავი ჩაბმული და ახალ ამბებს მომენტალურად ვანთავსებდი ფორუმებზე, ძირითადად ჯგუფში “პროფესია-ჟურნალისტი”, სადაც უამრავი ემიგრანტი ქართველი იყო გაწევრიანებული. 6 აგვისტოდან 10 დღის განმავლობაში, თითქმის არ მიძინია, დღისით ვიღებდი კადრებს, ღამით ფორუმებში ვიჯექი. სამეგრელოში პირველი კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის ერთ-ერთი ტერმინალი საჰაერო იერიშის დროს ერთდროულად დაიბომბა . სენაკს ჰაერიდან დაარტყეს, ფოთს კი, “ისკანდერით”, ოჩამჩირიდან. ეს პირველი შეგრძნება იყო იმისა, რომ ომი უკვე შენს თვალწინაა და შენი ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია.

მაშინ “იმედი” ჯერ კიდევ დახურული იყო, რადიო “იმედში” მქონდა პირდაპირი ჩართვები და ვიდეოკამერით “როიტერისთვის” ვმუშაობდი, როგორც სტრინგერი. ვცდილობდი, ოპერატორი არ წამეყვანა, მანქანაში მძღოლის გვერდითა სავარძელზე მედო ავტორეჟიმზე გადაყვანილი კამერა და დავდიოდი ყველგან, სადაც რუსები გაიჭაჭანებდნენ. მერე ამ კადრებს “როიტერს” ვაწვდიდი, თავდაპირველად, ანძის მეშვეობით, ჩვეულებრივი “პერეგონით”, მერე, როცა გორის ანძა ააფეთქეს, ბათუმში დავდიოდი დღეში რამდენჯერმე(200 კმ-ია ზუგდიდიდან), აჭარის ტელევიზია ლოგოს ხსნიდა და პირდაპირ ეთერში უშვებდა შავ მასალას, სატელიტზე გასულ სიგნალს კი “როიტერი” თბილისში იჭერდა და იწერდა.

სანამ ზუგდიდს რუსების პირველი კოლონა მოადგებოდა, დავით ბაქრაძის ცნობილი განცხადება გაკეთდა – ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს წუთებში იგეგმება საჰაერო შეტევა ზუგდიდზე, მტერი ყველა მხრიდან გვიტევს და ვისაც როგორც შეგიძლიათ, შეეწინააღმდეგეთო. ზუგდიდი ზუსტად 10 წუთში ხალხისგან და მანქანებისგან დაიცალა. რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან, სიგნალები, გინება, ფეხშიშველი ხალხი, რომელიც სახლებიდან გამორბოდა, ზოგს მხოლოდ ხატი აეღო და ჩაეხუტებინა გულში, ზოგს ერთი პარკი და ყველა ქალაქიდან გასვლას ცდილობდა და ახერხებდა, მე კი ვერ ვხვდებოდი – სად უნდა წასულიყვნენ, აბა, საქართველოში სად იყო იმ დროს უსაფრთხო ადგილი? ზოგი იმას იმიზეზებდა, ცოლ-შვილი უნდა გავხიზნო, მერე დავბრუნდებიო. რამდენიმე დღის შემდეგ კი მათ ბათუმის ბულვარში ხედავდნენ. “კაი ბიჭები” დედებზე, დებზე, ცოლ-შვილზე წინ გარბოდნენ.

ახლაც ზუსტად მახსოვს ის რამდენიმე ათეული მანქანა(შემიძლია, ნომრებიც გავიხსენო) და ის ადამიანები, რომლებმაც მაშინ ზუგდიდი არ დატოვეს… პირველი კოლონის შემოსვლა საშინელი განცდა იყო – არავინ იცოდა, რას აპირებდნენ რუსები…

 

 

ერთ-ერთ ძალოვან ობიექტთან ნაპოვნი ჯავშანჟილეტი მეცვა, რომელსაც მარკერით დავაწერე PRESS. აი, ასე გამოვიყურებოდი:

 

 

 

მერე იყო კოლონების დევნა მანქანით და გადაღება. ცოდვა გამხელილი სჯობს, რამდენჯერმე ყველა ჟურნალისტური სტანდარტი დავივიწყე და გამოყეყეჩებული სახით “ბტრ”-ებზე მსხდომ რუს ჯარისკაცებს მანქანიდან გაფშეკილი შუათითი ვუჩვენე… ქალაქში შემოსულ დაუმთავრებელ კოლონებს სიძულვილით სავსე მზერით ვეგებებოდი, დაახლოებით ასეთით:

 

 

 

 

 

 

 

გამიმართლა, რომ რუსების მოქმედებების დამახასიათებელი უამრავი კადრი გადავიღე, რომლებმაც მსოფლიო მოიარა: ფოთში როგორ იპარავენ უზარმაზარ რკინის ანძას, ალბათ, ჯართში ჩასაბარებლად, როგორ ამსხვრევს ჩამოძენძილი რუსი ჯარისკაცი ფანჯრის მინას და შენობიდან ქართველი სამხედროს ნახმარ ფორმას იპარავს, როგორ გააქვთ აფხაზეთში ფოთიდან მოპარული კატერები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. გამიმართლა, რადგან ჩუმად, დიდი რისკის ფასად ვიღებდი… რასაკვირველია, მარტო არ ვყოფილვარ. თენგო გოგოტიშვილს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი, იქვე იყო ნატო ბერულავა, ჩემი ნათესავი და პირველარხელი, რომელთან ერთადაც სენაკის ბაზის შლაგბაუმთან ფოტოც კი მაქვს გადაღებული, რათა ჩვენს უკან მდგარი რუსი ჯარისკაცები კარგად გამოჩენილიყვნენ:

და ბოლოს, 15 აგვისტო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ურთულესი დღე. დილით გავიგე, რომ რუსებმა აბაშის რაიონის სოფელ წყემში ქართველ რეზერვისტთა ბანაკი გადაწვეს და იქ ახლაც ცეცხლია. ყურადღება არ მივაქციე შეგონებებს, რომ არ უნდა წავსულიყავი, ჩავისვი მანქანაში მურადი, რომელსაც ჯავშანჟილეტი ჩავაცვი და შევაჭერი წყემის ნაკრძალში, სიდანაც, თურმე, რუსები ჯერაც არ იყვნენ წამოსული.

ჩემი მანქანა პირდაპირ მათ პოზიციაზე შეიჭრა, რადგან ბოლო წუთამდე არ ჩანდნენ. ახლაც მიკვირს, პირდაპირ რატომ არ გამიხსნეს ცეცხლი. როცა დავინახე, რომ ამ ადგილას, რომელიც კონფლიქტის ზონიდან მთელი 70 კმ-ით იყო დაშორებული, რამდენიმე “ბმპ”, “ბტრ” და 50-დე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, დავამუხრუჭე. უკან მობრუნების მცდელობა რომ აშკარა სიკვდილი იყო, მაშინვე მივხვდი, მაგრამ იმასაც მივხვდი მოგვიანებით, რომ გაუაზრებლად, ინსტინქტურად, მაგრამ სწორად ვიმოქმედე.

რაც არასოდეს ამომივა თავიდან, “ბტრ”-ის ტყვიამფრქვევის ღრჭიალი იყო, ჩემი მანქანის საქარე მინის მიმართულებით რომ მობრუნდა და ჯარისკაცების გადარბენა-გადმორბენა, საწრაფოდ რომ მოძებნეს “პრიკრიტიე”. ადრენალინი ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ოთხი ჯავშანმანქანის და 50 რუსული ავტოამატის ალყაში მოხვედრა ძალიან ძნელი ყოფილა…

პირველი, რასაც გონება გამალებით, ჩამოუყალიბებელ აზრად მკარნახობდა, ის იყო, რომ უნდა დამერწმუნებინა ისინი ჩემს შეუიარაღებლობაში. იმასაც მივხვდი, რომ ხელებს თუ ვერ დაიხავდნენ, შეეძლოთ ეფიქრათ, რომ იარაღს ვმალავდი და ესროლათ: ჭკუა დაუშლიდათ თუ გვამს ვერ გადამალავდნენ იმ უკაცრიელ ადგილას.

მურადის ნაძალადევად მშვიდად ვუთხარი, რომ კამერა ზემოთ აეწია და ხელები არ დაემალა, მე ძრავი ჩავაქრე, გასაღები ნელი მოძრაობით გამოვიღე, ღია ფანჯრიდან წინ მოვისროლე და ხმამაღლა დავიძახე პირველივე ფრაზა, რაც ენაზე მომადგა: “ნე სტრელიატე, მი ჟურნალისტი, ბეზ არუჟია, სეიჩას ვიიდუ იზ მაშინი…” – მერე ძალიან წყნარად გავაღე კარი, გადმოვედი, წრეზე დავტრიალდი, რომ ენახათ, ვმალავდი თუ არა იარაღს და მანქანის გვერდით გავჩერდი.

სიამაყემ ხელების თავზევით აწევის საშუალება არ მომცა, განზე მქონდა ორივე ხელი გაშვერილი და, ალბათ, საკმაოდ იდიოტურად გამოვიყურებოდი, რადგან საკუთარი გულისცემა მესმოდა და ვცდილობდი, მღელვარება სახეზე არ შემტყობოდა. მურადმაც იგივე გააკეთა, კამერიანი ხელი განზე გასწია და დაველოდეთ, რა მოხდებოდა. მაშინღა შევამჩნიე, რომ ირგვლივ ჩაფხუტებს, ქართულ ფორმებს, რამდენიმე მანქანას ცეცხლი ეკიდა და გული დამწყდა, რომ ამ კადრებს ვერ ვიღებდით…

როგორც “ბოევიკებში” აპატიმრებენ ტერორისტებს, ისე დაგვაპატიმრეს: ორი ჯარისკაცი გამოიქცა ათ ნაბიჯზე, ზურგიდან ორი ჩვენკენ მოშვერილი ავტოამტებით აზღვევდა, მერე ის ორი გამოიქცა და წინ მყოფებმა დააზღვიეს და ჩვენამდე რომ მოაღწიეს, გაგვჩხრიკეს. მერე მანქანაც გაჩხრიკეს და ცოტათი დამშვიდდნენ,იარაღი რომ ვერ იპოვეს. კამერა, რა თქმა უნდა, ჩამოგვართვეს, რაციები მოიმარჯვეს და ჩვენი ბედის გარკვევას შეუდგნენ. მერე მანქანაში მოცდა გვიბრძანეს და ორი ჯარისკაცი მოგვიჩინეს.

გამახსენდა, რომ მობილურები არ ჩამოურთმევიათ, სალონში მჯდარმა მოვიმარჯვე და მუხლებზე, შეუმჩნევლად დავწერე: “რუსებმა დამიჭირეს წყემში. მგონი, სენაკის ბაზაზე გადამიყვანენ”. გუბერნატორი გოროზია და “როიტერის” თბილისის ბიუროდან მაკა ანთიძე მოვნიშნე. გავაგზავნე და ტელეფონი გამოვრთე. როგორც მერე გავიგე, რამდენიმე წუთში “როიტერის” მთავარ საიტზე ეს ინფო დაიდო:

TBILISI, Aug 15 (Reuters) – Russian forces in western Georgia on Friday briefly detained a freelance television reporter working for Reuters, the news organisation said.

Reuters said Lasha Berulava, a Georgian national, had been travelling to the Black Sea port of Poti to investigate reports of Russian troop movements in the area.

Berulava, who has worked for Reuters since the late 1990s, alerted the company’s Tbilisi bureau by text message that he was being held by Russian forces.

He telephoned about two hours later to advise that he had been released.

რასაკვირველია, ქართულ მას-მედიაშიც ეს თემა ფიგურირებდა. ლეჩხუმში მყოფმა ჩემმა შვილებმა ტელევიზიით შეიტყვეს როგორც დაკავების, ასევე გათავისუფლების ამბავი. წყემიდან სენაკის ბაზაზე გადამიყვანეს ფრიად უცნაური მეთოდით, ჩემივე მანქანით: ჯავშანმანქანების შუაში მიმიქციეს და ისე. იმდენად თავისუფლად ვიგრძენი თავი, რომ მობილური ჩავრთე, ყურთსასმენები გავუკეთე და რადიო “იმედში” გზიდანვე ჩავერთე, მერე ის ჩანაწერი ტელევიზიებმაც დაატრიალეს. სენაკის ბაზაზე მიყვანიდან ორ საათში გამათავისუფლეს. დამიბრუნეს კამერა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კასეტაც. მოკლედ, რეზონანსულმა გამოხმაურებამ იმოქმედა.

არასოდეს დამავიწყდება, როცა სენაკის ბაზაზე ვიყავი, ერთი უჟმური ლეიტენანტი მომიახლოვდა და მკაცრად მკითხა: აკრედიტაცია გაქვს, რომ დაყვები კოლნებს და იღებო? ვისი აკრედიტაცია-მეთქი, ჩავეკითხე. ჩვენი თავდაცვის სამინისტროსიო. ბრაზისგან ავკანკალდი, მაგრამ როგორც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი, რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და ჩემს ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის არანაირი აკრედიტაცია მსგავს სიტუაციაში არ მჭირდება. ყურადღებით მისმენდა. ბოლოს თვალებში შევხედე და ვკითხე: “ა უ ვას ესტ აკრედიტაცია, დაიუში პრავო ნახადიტსა ზდეს?” – ირონიულად ჩაიცინა, მითხრა “მნე ნე ნუჟნო!” და გამცილდა… დღესაც თვალწინ მიდგას მისი სახე, თუ ვინმე მძულს რუსებიდან, ერთ-ერთი ის ლეიტენანტია…

მოკლედ(რაღა მოკლედ) ასეთი იყო ჩემთვის 2008 წლის ცხელი აგვისტო… შედარებით ვრცლადაც იმიტომ აღვწერე, რომ განცდებთან ერთად, სამეგრელოში არსებული მდგომარეობაც მეჩვენებინა. ამ მხრივ აღწერის დეფიციტი ნამდვილად არის. ბევრმა არ იცის, რა ხდებოდა ზუგდიდში მაშინ…

ერთი დოზა ადრენალინი

2009 წლის დეკემბერია.

ხვალ აფხაზეთში „პრეზიდენტს“ ირჩევენ. ზუგდიდში ვარ. ვზივარ და ვფიქრობ: „რა მაგარი იქნება გალის რომელიმე სოფელში გადაპარვა და საარჩევნო უბანზე კადრების გადაღება. რუსები, რამე… ჰა? რატომაც არა? ნიო თბილისშია, გადასასვლელი ბილიკები ვიცი, ძველმანებში გამოვეწყობი, კამერას პარკში ჩავდებ, იკას დავტოვებ, არავის არაფერს ვეტყვი…“ – გეგმა თავისთავად მწიფდება. როცა გაპარსვა გადავიფიქრე, მივხვდი რომ წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი. არადა, ძნელია ამის გაკეთება: ოკუპანტების პატრულირება, დამატებითი ძალები გალში, ჭუბურხინჯის მოლაპარაკებებზე დავდიოდი, „ოდიშის“ ეთერიდან ვახსოვართ – რომ მიცნონ? ვგრძნობ, რომ კონტრარგუმენტებს ფეხებზე ვიკიდებ. ეს გასაკვირი არ არის. ისე ვიქცევი, როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში. ახლა ერთადერთი საკითხია გადასაწყვეტი: მთავარია, „იმედიდან“ არ მითხრან უარი.

პირდაპირ ინწკირველთან ვრეკავ და ჩემს განზრახვას ვეუბნები. „არავითარ შემთხვევაში, გაგიჟდი?“-კატეგორიულია ნანაია. შემდგომი ხუთი წუთი ვცდილობ ავუხსნა, რომ ძალიან კარგ კადრებს მოვიპოვებ, ოღონდ გამიშვას. მის ჟურნალისტურ წარსულსაც ვახსენებ, რამდენჯერ წასულა მსგავს „ავანტიურაზე“ და რა მაგარი კადრები მოუპოვებია. „არ მიღირს, ლაშ, კადრები და შენი სიცოცხლე ერთმანეთის ადეკვატური არ არის, მაგრამ ხელმძღვანელობას მაინც დაველაპარაკები“,- მეუბნება ბოლოს.

რატომღაც მჯერა, რომ ხელმძღვანელობა უარს არ იტყვის, ამიტომ ვემზადები. ასეთი შემთხვევებისთვის გადანახული სეზონური ტანსაცმლიდან ძველ ქუდს, დაკემსილ ქურთუკს, დალაქავებულ ტომრის გადანაჭერს ვიღებ და იკას ვურეკავ, ვეუბნები, რომ კამერა მოიტანოს და ჩემთან მოვიდეს. „დაველაპარაკები და ზარიც მომისწრებს“,-ვფიქრობ. დარწმუნებული არ ვარ, რომ თუნდაც უარის შემთხვევაში მაინც არ წავალ. ჩემი ოპერატორი 7 წუთში მოდის. საქმიანი იერი აქვს, ჰგონია, გადაღებაზე მივდივართ. „რა ხდება?“-მეკითხება კამერამომარჯვებული. „მოდი, შენ თეფშები და ჭიქები დაალაგე, მე რაღაცეებს ამოვიტან“, – ვეუბნები, მაღაზიაში ჩავდივარ და არაყი „უშბა“, ბეკონი და სოსისი ამომაქვს. იკა სკამის ზურგზე გადაფენილ ტანსაცმელს ათვალიერებს და  ღიმილით მეკითხება: „სექსკლუზივი მოიფიქრე?“- ეს იკას ტერმინია, მისი მოფიქრებული. მაგარი მასალის მოპოვებას და კონკურენტების მიჩაგვრას გულისხმობს.

მერე ბევრჯერ მიფიქრია, რამდენად დიდ როლს ასრულებს ჟურნალისტის საქმიანობაში იღბალი. მესამე დიდ, „ჩემებურ“ ჭიქაზე ნანაიას ზარმა მომისწრო: „წადი, არანორმალურო!“-მეუბნება მოკლედ. „ისედაც წასვლას ვაპირებდი!“- ვეუბნები სიცილით. ნანაიამ იცის, რომ ზედმეტი ინსტრუქტაჟი არ მჭირდება და მხოლოდ იმას მთხოვს, მობილურით ინტენსიური მიმოწერა გვქონდეს. ბოლო სადღეგრძელოს ვსვამთ, ძველმანებს ვიცვამ და ჩავდივართ. მაღაზიაში 2 კილოგრამ მანდარინს ვყიდულობ, „იმედის“  „დვესტიპეისიატკა“ ავტორეჟიმზე გადამყავს, ტომრის გადანაჭერში   სასოებით ვდებ და ზემოდან მანდარინს ვაყრი. პატარა კამერაა, მანდარინი ფარავს.

უსინდისოდ მოქცევას მაინც ვერ ავუვლი გვერდს: ნიო ფაქტის წინაშე უნდა დავაყენო და მხოლოდ მას შემდეგ ვეტყვი, რას ვაპირებ, როცა გალის ტერიტორიაზე გადავიპარები. ადმინისტრაციულ საზღვართან მდგომი ჩვენი ბიჭებიც უნდა მოვატყუო, ვითომ აქვე მივდივარ, ნათესავთან, რათა თხილის შეგროვებაში დავეხმარო. მანქანას ჩვენი პოსტიდან მოშორებით ვაჩერებთ და პოსტამდე იკა და მე უდარდელი ნაბიჯებით, ლაპარაკ-ლაპარაკში მივდივართ, თან მეგრულად ვსაუბრობთ. ბიჭებს წინასწარ მომზადებულ ზღაპარს ვუყვები, რომ ფიჩორში, ბიძასთან მივდივარ. ტომარაში ზერელედ იცქირებიან, ერთი მათგანი უხალისოდ იღებს ერთ ცალ მანდარინს, ჟურნალში ჩემს მონაცემებს იწერს და მიშვებს. იკას ვემშვიდობები, ტომარას ზუგრზე ვიგდებ და გალის რაიონის ტერიტორიაზე ვაბიჯებ…

მთავარი წინაა. ჩვენი პოსტიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში რუსების პოსტია, ზოგჯერ აფხაზებიც დგანან. თუ არ დგანან, მსუბუქი მანქანებით დადიან, პატრულირებენ, რადგან ხვალ არჩევნებია. ეს ყველაფერი წინასწარ ვიცი და ვემზადები – რაც შეიძლება უდარდელ იერს ვიღებ და „ერთხელ, ამერიკაში“ საუნდტრეკს ვუსტვენ. რუსების პოსტზე სიწყნარეა, ორი ჯარისკაცი სანგართან ფუსფუსებს, ერთიც იქვე მდგარ „ბტრ“-ზე შემომჯდარა და გზას გასცქერის. ვუსწორდები. „ზდაროვა, რებიატა!“- ვეუბნები ხმამაღლა. „თქვენი დედაც!“-ვამატებ გულში. „ზდაროვა, კუდა საბრალის?“- მეკითხება „ბტრ“-ზე მჯდომი და ჩემს დაკემსილ ქურთუკს ათვალიერებს. „კ დიადე, არეხი საბირატ!“-ვეუბნები და ვიკრიჭები, მერე კი ტომარას ფეხებთან ვიდებ, თავს ვუფართოვებ, კარგად რომ დაინახოს და ვეკითხები: „მანდარინი ხოჩეშ?“, -თავში კი მიტრიალებს: „ჯანდაბა ხოჩეშ!“. „და ნეტ, სპასიბა. ა შტო, უ დიადი ნეტ მანდარინოვიხ პლანტაციი?“- მეკითხება და ისიც იკრიჭება. ირონიას ვგრძნობ, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის, როგორმე უნდა გავძვრე. „ნეტ, ნა არეხი პამენიალ“, – ვეუბნები. „პრაეზჟაი, პრაეზჟაი…“- ამიქნია ხელი. ხელს ვუწევ, ნელი მოძრაობით ზურგზე ვიკიდებ ტომარას და აუჩქარებელი ნაბიჯებით ვცილდები, რათა იოლად გაშვების სიხარული არ დამეტყოს.

მარცხნივ და მარჯვნივ მიტოვებული სახლებია. ზოგან ცხოვრობენ, მილებიდან კვამლი ამოდის. დეკემბერია. უკან ვიყურები. პოსტიდან არ ვჩანვარ. ერთ-ერთ მიტოვებულ ეზოში შევდივარ, მოხერხებულ ადგილს ვარჩევ და უკან მოტოვებულ პოსტს გავცქერი. მშვენივრად ჩანს. იქვე აბრაცაა, „ფიჩორი“ აწერია. ამ კადრის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. კამერა ფრთხილად ამომაქვს ტომრიდან და საშუალო ხედით სტატიკურ კადრებს ვიღებ: პოსტი, ბტრ, ჯარისკაცები, აბრა, უკაცრიელი ქუჩა. ეზო და დანგრეული სახლიც მივაყოლე. ესეც ასე. კამერას ისევ ტომარაში ვაბრუნებ, მანდარინებს ვაყრი და სამომავლო გეგმას ვაწყობ.

აქ არავის ვიცნობ, არადა, ვინმეს უნდა გავენდო და ვუთხრა, რასაც ვაპირებ. არჩევნები ხვალაა, ამაღამ ღამე აქ უნდა გავათიო, ხვალ დილიდან არჩევნების კადრები გადავიღო და უკანაც უნდა გავბრუნდე. კადრები თუ საღამოს არ გავიდა „ქრონიკაში“, მერე დაძველდება და აზრი ეკარგება ეთერში მის გაშვებას. მაგრამ ვის ვუთხრა? ყველა არ არის სანდო, ზოგი აქაური ფარულად თანამშრომლობს რუსებთან და აფხაზებთან. მაჟრიალებს იმის წარმოდგენაზე, რამდენი უსიამოვნება მელის, ან აფხაზურმა, ან რუსულმა მხარემ რომ ამ სოფლებში ჟურნალისტის ყოფნა შეიტყოს. თუ დამაკავებენ, დამალვას აზრი არა აქვს, უფრო პირიქით: უნდა უთხრა, რომ ჟურნალისტი ვარ, ეს სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ვიცი, რასაც ვეტყვი: რომ რუსლან ქიშმარია მიცნობს სახეზე ჭუბურხინჯის მოლაპარაკებებიდან. მაგრამ იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქუჩაში გავდივარ და სახლებს ვათვალიერებ. მალე დაბნელდება, სადმე უნდა შევიდე და ვუთხრა, ვინ ვარ და რა მინდა. აქაც მიმართლებს.

როცა გაიგო, ვინ ვიყავი და რა მინდოდა, მასპინძელმა ორ მეზობელ მამაკაცს დაუძახა. სამი სანდომიანი სახის, გაუპარსავი, შუბლშეჭმუხნული მამაკაცი ზის და ხმამაღლა ფიქრობს, როგორ დამეხმარონ. დიასახლისი ფუსფუსებს, სუფრას შლის. ოთახში შეშის სუნი დგას და სითბოა. გული მიჩუყდება და თვალებზე მოწოლილი ცრემლების დასამალად ეზოში გავდივარ, უკანა კარიდან, რათა სხვა მეზობლების ან გამვლელი მანქანების ყურადღება არ მივიქციო. ვეწევი, თან ნანაიას და ნიოს ვწერ მესიჯებს.

ადგილობრივი მამაკაცების სჯა-ბაასში არ ვერევი. მათ უკეთ იციან, როგორ დამეხმარონ. გეგმაც მზადაა. საარჩევნო უბნები 8 საათზე იღება. უკვე იპოვეს ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი, რომლებიც სხვა სოფელში, აქედან 7 კმ-ს სავალზე ცხოვრობენ. უარს არ იტყვიანო, ამბობენ. დილაადრიან გადავალთ იმ სოფელში, აქაური ოჯახის უფროსი წამომყვება და კამერიან ტომარასაც ის წამოიღებს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, რვის ნახევარზე იმ ოჯახში ვიქნებით, რომლის ეზოც საარჩევნო უბანს გადაჰყურებს. იქვეა ავტოფარეხი, საიდანაც გადაღება შეიძლება. გადავიღებთ, ნაშუადღევს უკან გამოვბრუნდებით, გზაზეც გადავიღებ ხედებს, დანგრეულ სკოლას, სახლებს, თუ გამიმართლა, რუსების გადაადგილებასაც და შემოვლითი ბილიკებით ზუგდიდის რაიონში გადავალთ. თამამი გეგმაა, მაგრამ ისევ ის ერთვება საქმეში – მისი უდიდებულესობა, იღბალი.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო: მე ავტოფარეხში ვიყავი ჩაკეტილი, რომელსაც გარედან ბოქლომი ედო. დაახლოებით 600 მეტრში იყო საარჩევო უბანი. ავტოფარეხში ბნელოდა, მაგრამ კარებს ზედა ნაწილზე ჰქონდა გისოსები, საიდანაც ჩემს კამერას კადრების გადაღება არ გასჭირვებია. მშვენიერი კადრები გამოვიდა:

როგორ ფრიალებს საარჩევნო უბნის შესასვლელთან აფხაზური დროშა, როგორ დადიან „უაზით“ და „ვილისით“ რუსი სამხედროები და ჯგუფებად მოჰყავთ ხალხი, როგორ შედი-გამოდიან უბანში შეიარაღებული პირები, როგორ საუბრობს მობილურზე სოფლის აფხაზი გამგებელი და ბოლოს, როგორ იხურება უბანი დაახლოებით 14 საათზე, როგორ შეაქვთ შენობაში ღვინო, ხაჭაპურები და სხვა სურსათ-სანოვაგე და როგორ გამოდის ცოტა ხანში შენობიდან აფხაზებისა და რუსების მიერ ერთად დაგუგუნებული რუსეთის ჰიმნის ხმა.

არასოდეს დამავიწყდება მასპინძელი, მოხუცი ბებო, რომელიც ცოცხით ხელში ვითომ ეზოს გვიდა ფარეხის სიახლოვეს, თან კი მე მელაპარაკებოდა ხმადაბლა და მიხსნიდა, ვინ ვინ იყო მათგან, ვისაც საარჩევნო უბნის ეზოში ვხედავდი და ვიღებდი… რა თქმა უნდა, ისე ვიღებდი, რომ გისოსები და ბებოს ჭიშკარი არ გამოჩენილიყო და კამერის ადგილმდებარეობა შეძლებისდაგვარად შენიღბულიყო. მაშინაც ვიფიქრე და მერეც ხშირად გამიფიქრია, რომ სანამ ასეთი ქართველები გვყავს, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ მტერს გაუმკლავდება, არავის დაუჩოქებს…

უკანა გზაზე წამოსვლა უფრო ძნელი იყო. რუსები და აფხაზები ერთად პატრულირებდნენ, ცას ვერტმფრენები სერავდნენ. როცა მოსაღამოვდა, ჩემმა მასპინძელმა ფორანში ცხენი შეაბა და მიმიპატიჟა. მახსოვს, კარგად შეზარხოშებულები როგორ ვმღეროდით უკაცრიელ გზაზე(შემოვლითი გზით მივდიოდით) საქართველოს ჰიმნს: ყველას და ყველაფრის ჯიბრზე – ხმამაღლა და შთაგონებით.

პირდაპირი ჩართვა არ გამოვიდა: გაუპარსავი ვიყავი.

„ქრონიკაში“ კი ნოდარ მელაძემ პირველ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „იმედის“ კამერა ერთადერთი იყო გალის რაიონში, რომელმაც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პროცესის გადაღება შეძლო. ჩვენმა კორესპონდენტმა…“