„სულ „კი, ბატონოს“, ისევ „ჰკა მაგას!“ მირჩევნია…“

ამ  ბლოგს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: სხვადასხვა, მათ შორის, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით აჩვენოს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი სულაც არ ისახავდა მიზნად მხოლოდ სამხრეთ ოსეთში „სტატუს-კვოს“ აღდგენას, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, დაიგეგმა და რუსეთს საქართველოს არმიის განადგურება და საქართველოს ხელისუფლების მეფისნაცვლითა და „ნამესტნიკებით“ შეცვლა სურდა, რომ ჩვენმა ბიჭებმა არგაგონილი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს და რომ მათ უზარმაზარ, რიცხობრივად, მინიმუმ, სამჯერ მეტ მტერთან უწევდათ ბრძოლა. და მთავარი: რუსეთი საქართველოში მაინც შემოიჭრებოდა, მიუხედავად იმისა, 7 აგვისტოს გაიცემოდა თუ არა ცხინვალისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება.

ემზადებოდნენ თუ არა რუსები საქართველოში შემოჭრისთვის?

პასუხი ცალსხაა: დიახ, დიდი ხნით ადრე. მხოლოდ ფაქტები:

დავიწყოთ იმით, რომ გვიანი გაზაფხულიდან ქართულმა მხარემ, სულ ცოტა, 26 დიდი კონტეინერი დააფიქსირა, რითაც რუსებმა აფხაზეთში შეიარაღება შეიტანეს. ეს უკანონო ტვირთი მოიცავდა ათეულობით ჯავშანმანქანას, D-30 ტიპის ჰაუბიცებს, SA-11BUK ანტისაჰაერო სისტემებს, BM-21 „გრადის“ სარაკეტო დანადგარებსა და  ZSU-23-4 „შილკას“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. იგივე შეიარაღების შედარებით მცირე რაოდენობა სამხრეთ ოსეთშიც შეიტანეს და წინასწარ განათავსეს ჯავის რაიონში. 2007 წლის ბოლოსთვის, ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი საგანგებო რუსული სამთო ბრიგადები შეიქმნა: 33-ე ბრიგადა დაღესტანში, რომელიც ბოთლიხში განლაგდა და შემდეგ სამხრეთ ოსეთში შეიყვანეს; 34-ე ბრიგადა კი ყარაჩაი-ჩერქეზეთში და მერე ის აფხაზეთში გადაისროლეს. რუსი მაღალჩინოსნები, მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი ომის შემდეგ ღიად აცხადებდა, როგორ აგროვებდა თავდაცვის სამინისტრო მთელ რუსეთში სხვადასხვა შენაერთებიდან მაღალი ჩინის ოფიცრებს საქართველოს წინააღმდეგ ომში გამოსაგზავნად(„ინტერფაქსი,2008 წ. 30 დეკემბერი).

უკვე ივლისის შუა რიცხვებში, საქართველოს დაზვერვამ დასავლეთის მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურების დახმარებით მიიღო ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში დამატებით განათავსეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავები.

საქართველოში შემოჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთის 58-ე არმიამ საზაფხულო სამხედრო წვრთნები: „კავკაზ-2008“ ჩაატარა ჩრდ. ოსეთის ტერიტორიაზე. წვრთნების ოფიციალური მიზანი „ტერორისტული ჯგუფების აღმოჩენა, ბლოკირება და განადგურება“ იყო ადგილობრივ მთაგორიან ადგილებში. მაგრამ თუ მონაწილეთა რაოდენობას და ჯარების სახეობას გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ 700 საბრძოლო მანქანა, ავიაგამანადგურებლები და შავი ზღვის ფლოტის გარკვეული ნაწილები ნაკლებად გამოსადეგია მთებში ტერორისტებთან საბრძოლველად, სამაგიეროდ კი იდეალურია მეზობლის ტერიტორიაზე შესაჭრელად. დღეს ცხადია, რომ ეს იყო საქართველოზე თავდასხმის მოდელის წინასწარი გამოცდა: წვრთნებში მონაწილე ჯარისკაცებს დაურიგეს კიდეც პატარა ბროშურები სათაურით – „ჯარისკაცო, იცნობდე შენს მტერს!“. მტერში საქართველოც იგულისხმებოდა.

წვრთნების დასრულების შემდეგ ბევრი შენაერთი თავდაპირველი დისლოკაციის ადგილს არ დაუბრუნდა. შესაბამისად, როკის გვირაბის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანმა რუსულმა სამხედრო ძალამ მოიყარა თავი. 5 აგვისტოს საღამოსთვის 12 000 ჯარისკაცი, საბრძოლო ჯავშანტექნიკა და არტილერია სრულ მზადყოფნაში ელოდა საქართველოსკენ დაძვრის ბრძანებას.

თუ ვინმეს ზუსტად აინტერესებს: მონაცემების თანახმად, აქ შემდეგი შენაერთები იყო განლაგებული: 58-ე არმიის მე-19 დივიზიის 135-ე და 693-ე პოლკები; 76-ე სადესანტო დივიზიის 104-ე და 234-ე სადესანტო-საშტურმო პოლკები; 96-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 217-ე სადესანტო პოლკი და ასევე 31-ე საგანგებო დანიშნულების საჰაერო-სადესანტო პოლკი.

2 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი და ანატოლი ხრულიოვი – დაზვერვის შეფის მოადგილე და, შეთავსებით, 58-ე არმიის სარდალი. ისინი შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას და რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს, სავარაუდოდ, ამ ნაწილებისთვის შემდგომი სამოქმედო გეგმის დასაზუსტებლად.

‎”არაერთმა დასავლელმა სცადა განგაში აეტეხა – ერთ-ერთი პირველი მათ შორის რიჩარდ ჰოლბრუკიც გახლდათ, რომელმაც ჯერ კიდევ 2006 წლის შემოდგომაზე, “ვაშინგტონ პოსტის” ფურცლებიდან გააფრთხილა ყველა: ვიდრე აშშ აღმოსავლეთის პრობლემებითაა დაკავებული, მოსკოვი სააკაშვილისთვის ძირის გამოთხრას და მის თავიდან მოშორებას შეეცდებაო. მსგავსი განცხადებები ისმოდა ატლანტის ორივე სანაპიროდან 2007 წელსა და 2008 წლის დასაწყისში, როცა კრიზისი სულ უფრო ღრმავდებოდა. ომამდე 9 თვით ადრე პირადად მეც, სხვებთან ერთად სამი სგაზეთო სტატია გამოვაქვეყნე,რომლებშიც დასავლეთს ვაფრთხილებდი- მთვარეულებივით თვალდახუჭულები მივაბიჯებთ ომისკენ და თუ მისი აცილება გვინდა, დროზე უნდა ვცადოთ ქართველების გულში ჩაკვრა, უშუალოდ ჩართვა ამ რეგიონულ მოვლენებში. ამ სტატიებიდან ბოლო, 15 ივლისით დათარიღებული, ასე იწყებოდა: “ჰაერში უკვე საქართველო-რუსეთის ომის სუნი ტრიალებს!…” – რონალდ ასმუსი.

როდის დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა ოსურმა მხარემ და მონაწილეობდნენ თუ არა მასში რუსები?

დიახ, მონაწილეობდნენ.

ამ რეგიონში აგვისტოს თვე ყველა თვალსაზრისით ცხელი იყო ხოლმე. თითქოს ჩვევადაც კი იქცა ამ დროს საარტილერიო ბათქა-ბუთქის ატეხვა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის. 2007 წლის ზაფხულში ორმა რუსულმა თვითმფრინავმა სოფელ წითელუბანთან ქართული სარადარო სისტემა დაბომბა. ერთ-ერთი გაშვებული რაკეტა არ აფეთქდა და, მოსკოვის ფიცი-მტკიცის მიუხედავად, დასავლელ ექსპერტებს მისი რუსული წარმოშობის დამტკიცება არ გასჭირვებიათ.

2008 წლის 29 ივლისს, როცა სროლები ისევ დაიწყო, ბევრმა დამკვირვებელმა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თავდაპირველად ეს ყველაფერი უკვე ჩვეულ ამბად მიიჩნია, მაგრამ მალევე ნათელი გახდა, რომ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობდა.

სროლა დაღამებამდე არ შეწყვეტილა. გამოყენებული იყო 100 და 200 მმ-იანი არტილერია, ანუ, ის გაცილებით უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ოფიციალურად იყო აკრძალული და ადრე არც არასდროს უხმარიათ. ეს იარაღი იქ თავისით ვერ გაჩნდებოდა – მხოლოდ რუსეთიდან შეიძლებოდა შემოეტანათ. 4 აგვისტოს რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურმა, მარატ კულახმეთოვმა დაადასტურა ქართული სოფლების მიმართულებით სროლისას აკრძალული შეიარაღების გამოყენება. მართალია, მას არ უთქვამს, სახელდობრ, ვინ ისროდა, მაგრამ ეს ისედაც ნათელი იყო: საქართველოში უკვე მოსმენილი ჰქონდათ ის სატელეფონო საუბრები, საიდანაც დასტურდებოდა რუსული და ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძელებთან, რაც ქართველების მიზანში ამოღებასა და შემდგომ ნებისმიერ მტკიცებულებათა უარყოფას გულისხმობდა. ეს ჩანაწერი ქართულმა მხარემ ყველა დაინტერესებულ ელჩს და დამკვირვებელს გააცნო.

შესაბამისად, ამ დაბომბვის შედეგები უმძიმესი იყო: ეუთოს 4 აგვისტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ გამართული ბრძოლები ყველაზე სასტიკი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ცნობილია ასევე, რომ 29 ივლისიდან 7 აგვისტომდე დაიჭრა 6 ქართველი პოლიციელი,სამშვიდობო ქვედანაყოფების 11 ქართველი ჯარისკაცი და 14 სამოქალაქო პირი.  2 ქართველი ჯარისკაცი უშუალოდ ბრძოლის დროს დაიღუპა, კიდევ ორი კი, მიღებული ჭრილობების შედეგად,მოგვიანებით გარდაიცვალა.

ქართულმა მხარემაც მიაყენა ზარალი ოსურ მხარეს. ასე მაგალითად, 1 აგვისტოს საღამოს მოკლეს 6 მებრძოლი. მათგან 4 სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, ხოლო 13 დაიჭრა(7 – სნაიპერის მიერ).

ვინ ემზადებოდა წინასწარ ომისთვის – ქართული თუ ოსური მხარე?

29 ივლისს დაწყებული სროლების გამო ქართული სოფლების მოსახლეობა დაუცველი აღმოჩნდა. იგი პანიკამ მოიცვა. პარალელურად, ცხინვალიდან დაიწყო ქალების, ბავშვების და მოხუცების გაყვანა,

ასე რომ, მოგვიანებით რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადება, ქართველების იერიშის დროს 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპაო, მტკნარი წყლის სიცრუეა – ევაკუაციის შემდეგ ცხინვალში 3-4 ათასი კაცი იქნებოდა დარჩენილი და მათი უმრავლესობა ოსი მებრძოლები და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები იყვნენ.

5 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში მყოფი მთელი დიპლომატიური კორპუსი მიიწვია კონფლიქტის ზონაში, ვითარების ადგილზე გასაცნობად. როგორც წესი, მხარე, რომელიც ომისთვის ემზადება, ასე არ იქცევა, ანუ, რუსული მხარის მტკიცება, ომისთვის ჩვენ კი არა, ქართველები ემზადებოდნენო, ასევე მტკნარი სიცრუეა. ეუთოს მისიის მიერ იმ კვირის განმავლობაში(7 აგვისტომდე) ზედიზედ გაგზავნილი რამდენიმე ანგარიში, ფაქტობრივად, დიპლომატიური განგაშის ტოლფასია – ნათლად ჩანს, რაოდენ სახიფათო სახეს იძენდა რეგიონში მოვლენები. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მაშინ ამას არც არავინ მიაქცია.

ამავე დროს, კოკოითიმ რამდენიმე ისეთი ნაბიჯიც გადადგა,რაც სამხრეთ ოსეთის მხრიდან ომის წამოწყებისთვის მზადებას მოასწავებდა. ჯერ კიდევ 2 აგვისტოს სამხრეთ ოსეთმა საჯარო განცხადება გააკეთა ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის თაობაზე. 7 აგვისტოს, დილით კი, რუსეთისა და ადგილობრივი მედიის წინაშე გამოსულმა კოკოითმა ყველა გააფრთხილა: ჩვენი შენაერთები რეგიონს აქ მყოფი ქართული ძალებისა და ქართული სოფლების მოსახლეობისგანაც გაწმენდენ, თუკი საქართველოს შეიარაღებული ძალები უკან არ გაბრუნდებიანო. სხვათა შორის, 2-დან 6 აგვისტომდე ცხინვალში თითქმის 50 რუსი ჟურნალისტი ჩავიდა, რომლებიც წამყვან გაზეთებს, რადიო და ტელეარხებს წარმოადგენდნენ – რაც, თავისთავად, რიგით ამბად ვერ ჩაითვლებოდა…

რა ზომებს მიმართა ქართულმა მხარემ ომის თავიდან ასაცილებლად?

პირდაპირ დავიწყოთ: იმის მიუხედავად, რომ ქართულ დაზვერვას უტყუარი ცნობები ჰქონდა რუსული სამზადისის სესახებ, მაინც ყველაფერი გააკეთა, რათა ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. სააკაშვილის ბრძანებას ცხინვალზე იერიშის დაწყების, ანუ, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის დაწყების შესახებ ცალკე თავში განვიხილავ, ახლა კი ვნახოთ, რა გააკეთა ქართულმა მხარემ ომის თავიდან ასაცილებლად უშუალოდ 7 აგვისტოს და წინადღეებში. სახმელეთო და საავიაციო ძალების თავმოყრა ცღდილოეთში ავისმომასწავებელი ჩანდა. ქართული მხარე ცდილობდა ამოეცნო, რა მიზანი ამოძრავებდა მოსკოვს. 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე სცადა, ტელეფონით დაკავშირებოდა დიმიტრი მედვედევს, თუმცა, მისი ზარები უპასუხოდ რჩებოდა.

მანამდე, 5 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში მყოფი მთელი დიპლომატიური კორპუსი კონფლიქტურ რეგიონში მიიწვია.ევროკავშირის საგანგებო მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ სემნებიმ ბრიუსელს აცნობა, რომ ნამდვილად არსებობდა სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართული პოზიციებისკენ საარტილერიო ცეცხლის მტკიცებულება, მაგრამ, ამავე დროს, არც მეორე მხარე აკლებდა ხელს. ეუთოს მისიის თვალით დანახული რეალობა კი უფრო პესიმისტური და ვითარებასთან უფრო ახლოა. იმ კვირის განმავლობაში ზედიზედ გაგზავნილი რამდენიმე ანგარიში, ფაქტობრივად, დიპლომატიური განგაშის ტოლფასია – ნათლად ჩანს, რაოდენ სახიფათო სახეს იძენდა დაპირისპირება, მაგრამ მაშინ ამ ანგარიშებს განსაკუთრებული ყურადღება არავინ მიაქცია.

სააკაშვილმა 7 აგვისტოს 13.00 საათზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც იმაზე მსჯელობდნენ, რა უნდა მოემოქმედებინათ რუსეთის ნაბიჯების პასუხად. „შეხვედრის ბოლოს თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს დაურეკეს და ისეთი რამ უთხრეს, რომ სახეზე ფერი დაეკარგა, მან დამსწრეებს სამშვიდობო კონტიგენტის კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა ამცნო. სააკაშვილმა საჭიროების სემთხვევაში ქართული შეიარაღებული ძალების კონფლიქტის ზონის საზღვართან მიყვანის ბრძანება გასცა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადა. დაახლოებით 18.00 საათზე ამ ძალებს მართლაც ებრძანათ კონფლიქტის ზონის საზღვრისკენ დაძვრა.“ – რონალდ ასმუსი, „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“.

უშიშროების საბჭოს პარალელურად სააკაშვილმა უკანასკნელ დიპლომატიურ სვლასაც მიმართა. 7 აგვისტოს მან თემურ იაკობაშვილი ცხინვალში მიავლინა საგანგებო წარმომადგენლად, რათა პირდაპირი კავშირის დამყარება ეცადა რუსეთისა თუ სამხრეთ ოსეთის  წარმომადგენლებთან და რაიმე მაინც ეღონა.

იაკობაშვილი რამდენჯერმე ეცადა თავის რუს კოლეგებს დაკავშირებოდა: სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მას შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა უარი. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს, იური პოპოვს,ის ჯერ დათანხმდა იაკობაშვილთან ერთად ცხინვალში გამგზავრებაზე,მაგრამ მოგვიანებით ავტომობილის საბურავის დაზიანება მოიმიზეზა და შეხვედრაც არ შედგა. როცა იაკობაშვილმა ჰკითხა – სათადარიგოს რატომ ვერ დააყენებთო, ისიც დაშვებულიაო, მიიღო პასუხად… მოკლედ, რუსებს არაფერზე ეტყობოდათ, რომ კრიზისის განმუხტვა ან, საერთოდ, ამ საკითხზე საუბრის წამოწყება სურდათ.

ერთადერთი რუსი, რომელიც იაკობაშვილთან შეხვედრას დათანხმდა, კულახმეტოვი იყო. მან კაბინეტში ჩამხშობი აპარატურა ჩართო, შემდეგ კი, იაკობაშვილის თქმით, გულწრფელად აღიარა, რომ სროლები ქართული მხარის მიმართულებით მართლაც სამშვიდობო ძალების ახლომდებარე ან უშუალოდ, მისი ტერიტორიიდან ხდებოდა, ანუ – სამხრეთ ოსური მხარე მართლაც იყენებდა ფარად რუს სამშვიდობოებს. კულახმეტოვს ისიც უთქვამს, მე ამას ვერ აღვკვეთ, რადგან ისინი უკვე აღარც მემორჩილებიანო.

წამოსვლის წინ იაკობაშვილმა რუს გენერალს ჰკითხა, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შემდგომი გამწვავების თავიდან აცილებაო, რაზეც გენერალმა უპასუხა-ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, თუ ქართული მხარე ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტას გამოაცხადებს და სიტყვას, რაც შეიძლება დიდხანს შეინახავსო. როცა იაკობაშვილმა სააკაშვილს შეხვედრის დეტალები აუწყა, საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის იდეა აიტაცა და თბილისში დაბრუნებულმა იაკობაშვილმაც 18.40-ზე გამართულ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ, რაც სააკაშვილმა ნახევარი საათის შემდეგ გამართულ თავის პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ქართულმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა.

„საღამოს, ცხრის ნახევარზე კანცელარიაში ტელეფონის ზარი გაისმა: პრეზიდენტთან შინაგან საქმეთა მინისტრი რეკავდა. მან სააკაშვილს აცნობა, ქართული სოფლების დაბომბვა არ შეწყვეტილაო. „სროლით არ უპასუხოთ,“-უთხრა სააკაშვილმა. დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე კი უკვე თავდაცვის მინისტრმა დარეკა. მისი თქმით, კვლავაც ისროდნენ მიმდებარე ქართული სოფლების მიმართულებით, ქართული სამშვიდობო ძალების პოზიციებზეც დაიწყო შეტევა და რამდენიმე ჯარისკაცი უკვე დაიჭრა და დაიღუპაო. მისივე თქმით, თუკი ქართულ შეიარაღებულ ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლება არ მიეცემოდათ, ვერც დაჭრილებს გამოიყვანდნენ და მსხვერპლიც, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნებოდა. სააკაშვილმა ამოიოხრა და კვლავ იგივე ბრძანება გასცა: „არ უპასუხოთ!“

დაახლოებით თორმეტის ნახევარზე ზარის ხმა ისევ გაისმა. იაკობაშვილის თქმით, ამჯერად პრეზიდენტს თურმე სახე მიტკალივით გაუფითრდა: აცნობეს, რომ არა მარტო ცეცხლი გაძლიერდა რამდენიმე ქართული სოფლისა და პოზიციის მიმართულებით, არამედ, დაზვერვის მონაცემებით, დამატებითი რუსული ძალები როკის გვირაბში შემოვიდნენ და საზღვრის გადმოლახვის ბრძანებაც მიიღესო. ამავე დროს, ქართულმა სადამკვირვებლო საშუალებებმა ჯავიდან სამხრეთით, ცხინვალის მიმართულებით რუსული კოლონის მოძრაობა დააფიქსირეს. ქართული მხარის მონაცემებით, ეს სწორედ ის კოლონა იყო, რომელიც წინა საღამოს შემოვიდა როკის გვირაბით და ჯავის მახლობლად, რუსულ ბაზაზე განლაგდა.

სააკაშვილისთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა: შემოსევა იწყებოდა! მან შეარაღებული ძალების შტაბის უფროსს, ზაზა გოგავას დაურეკა და ორი ბრძანება გასცა: შეეჩერებინათ ცხინვალისკენ დაძრული და როკის გვირაბიდან გამომავალი რუსული კოლონები და ოსური მხარის საცეცხლე წერტილებიც გაენადგურებინათ. მერე ყურმილი დადო, მცირე ხანს შეიცადა, ისევ აკრიფა ნომერი და მესამე ბრძანებაც გასცა, მინიმუმამდე დაიყვანეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიო.

ამ სამი ბრძანების გაცემის დროს შუაღამეს ოცდახუთი წუთი აკლდა“ – რონალდ ასმუსი, „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“.

როცა სააკაშვილმა ცხინვალზე საარტილერიო იერიშის დაწყების ბრძანება გასცა, ანუ, 7 აგვისტოს, ღამით, იყო თუ არა ცხადი, რომ საქართველოს რუსის ჯარი შემოესია?

პასუხი აქაც ცალსახაა: დიახ. ჯერ კიდევ 6 აგვისტოს საქართველოში მოისმინეს საუბარი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზალების წარმომადგენელთა შორის და ამ ინფორმაციის თანახმად, გაირკვა, რომ რუსეთის სასაზღვრო ძალებს საკუთარ კონტროლქვეშ მოექცია როკის გვირაბი და რუსულ სამხედრო კოლონასაც დაახლოებით დილის 4 საათზე უკვე გამოევლო ხსენებული გვირაბი. კოლონის სიდიდე მაშინ არ იყო ცნობილი. გვირაბის სიგრძე თითქმის 4 კმ-ია და როგორც ტელეფონით ერთ-ერთი მოსაუბრე აცხადებდა, იგი მთლიანად სავსე იყო. ქართულ დაზვერვას გვირაბის გამოსასვლელთან საკუთარი ინფორმატორი ჰყავდა რომელმაც 150 ერთეული ჯავშანტექნიკა დააფიქსირა.

დაახლოებით იმავე დროს ქართულმა სამშვიდობო ძალებმა რუსული ნაწილების გადაადგილება შენიშნეს სამხრეთისკენ, ჯავიდან ცხინვალისაკენ, შემოვლითი გზით. ქართველ სამშვიდობოთა მეთაური,მამუკა ყურაშვილი მაშინვე დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას ტელეფონით და ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს გადაადგილება, მით უმეტეს, მძიმე არტილერიის თანხლებით. რუსულმა მხარემ ყურაშვილს ვითარებაში გარკვევის პირობა მისცა, მაგრამ ეს პირობა პირობად დარჩა. კოლონის შემადგენლობაში იყო მძიმე არტილერია,ტანკები და ჯავშანმანქანები და ცხადი იყო, რომ ის არ შედგებოდა არც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისგან და არც ჩრდილოკავკასიელი „მოხალისეებისგან“ – ისინი რუსები იყვნენ.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბი მხოლოდ 8 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათისთვის გაიარეს, მაგრამ ეს, უბრალოდ, სიცრუეა. ანდრეი ილარიონოვი, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ომისთვის რუსეთის მზადების ფაქტები, აცხადებს, რომ უკვე 7 აგვისტოსთვის სამხრეთ ოსეთში არალეგალურად იქნა შეყვანილი დაახლოებით 1200 რუსი ჯარისკაცი – სამედიცინო და საკომუნიკაციო დანაყოფებთან ერთად, ხოლო „კიდევ 12 000 სამხედრო მზად იყო,რათა დაუყოვნებლივ გადაელახა საზღვარი და დახმარება აღმოეჩინა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი სამშვიდობო ძალებისთვის“.

მათ გარდა, ბრძოლებში მონაწილეობდნენ ჩეჩენი, კაზაკი და ჩრდილოეთ ოსეთში შეკრებილი „მოხალისეები“, რომელთა მობილიზება და ოფიციალური რეგიტრაცია მოსკოვმა ჯერ კიდევ საქართველოს საზღვრის გადმოლახვამდე მოახდინა და ბევრი მათგანი უკვე 3 აგვისტოდან „ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის“ შემადგენლობას მიაწერა.

უამრავი რუსული წყარო „უნებლიედ“ ადასტურებს, რომ რუსები სამხრეთ ოსეთში არა 8, არამედ 7 აგვისტოს, ცხინვალზე იერიშის დაწყების ბრძანებამდე შევიდნენ. ეი, ერთ-ერთი მათგანი:

რუსეთის სამხედრო უწყების გაზეთ “კრასნაია ზვეზდაში”(დააკვირდით, სად: “კრასნაია ზვეზდაში”!!!!!) დაიბეჭდა სტატია 135-ე მოტომსროლელი პოლკის კაპიტნის შესახებ, რომელმაც აღიარა, რომ მისი ბატალიონი 7 აგვისტოს უკვე სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა, 8-ში კი ცხინვალში გადაისროლეს, სადაც კაპიტანი დაიჭრა კიდეც. მას მერე, რაც ამ სტატიამ გადაჭარბებული ყურადღება მიიქცია და მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ჯერ ტექსტი შეცვალეს, მერე ოფიცერს ხელახლა ჩამოართვეს ინტერვიუ და ათქმევინეს, რომ მისი ნაწილი საქართველოში თურმე მხოლოდ 8 აგვისტოს შევიდა, საბოლოოდ კი ეს რესპოდენტი საერთოდ გაქრა თვალთახედვის არედან.

ქართული მხარე 7 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში იღებდა დაზვერვის ცნობებს რუსული და სხვა დანაყოფების როგორც როკის გვირაბის ჩრდილოეთით, ასევე ჯავას მახლობლად, უგარდანტას სამხედრო ბაზაზე თავმოყრის შესახებ. ეს ბაზა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უნდა დახურულიყო, მაგრამ მოსკოვმა პირიქით – ერთი წლით ადრე განაახლა კიდეც და ახლა იქ გაცილებით მეტი სამხედრო ძალის განთავსება იყო შესაძლებელი. ცხადია, ამ ფაქტს დამთხვევად ვერ ჩავთვლით.

7 აგვისტოს დილით კი ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ 4 თუ 5 აგვისტოს მოსკოვმა სამხედრო თვითმფრინავები ივანოვოს სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის ბაზაზე გადააფრინა. მათ შორის იყო რუსული A50 – ჰაერიდან მართვის სპეციალური თვითმფრინავი, საიდანაც უშუალოდ შეიძლებოდა საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების კოორდინირება. იყო ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ რამდენიმე დღით ადრე სევასტოპოლის ბაზიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გავიდა ზღვაში და მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადებოდა. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსეთი საქართველოში შეჭრისთვის ემზადებოდა.

„…ასე რომ, როცა სააკაშვილმა ომში ჩაბმა გადაწყვიტა, უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. სააკაშვილის არჩევანი განწირულის არჩევანი გახლდათ. მისი გაანგარიშებით, ამით რუსეთს საკუთარ მზადყოფნასაც უჩვენებდა და დროსაც მოიგებდა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა – პირველ რიგში აშშ და ევროპა გამოფხიზლებულიყო და მისი ქვეყნის დასაცავად დარაზმულიყო. შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცდომადაც მივიჩნიოთ, მაგრამ არა – აუხსნელად.“ – რ. ასმუსი: „მცირე ომი, რომელმაც სამყარო შეძრა“.

ახლოსაა თუ არა სიმართლესთან რუსული მითები იმის შესახებ, რომ ომისთვის წინასწარ რუსული კი არა, ქართული მხარე ემზადებოდა?

ცხინვალის აღების გეგმა რომ ყოფილიყო შემუშავებული და რომ არსებულიყო, ჯარისჯაცებს სახლებში არ გაუშვებდნენ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დაწყების შესახებ იმ ღამით არ შეიტყობდა, როცა 7 აგვისტოს ოჯახთან ერთად გადიოდა ქალაქიდან და წყლის თხილამურებიც დამაგრებული ჰქონდა მანქანაზე. არც 5 აგვისტოს მიიწვევდა დიპლომატიურ კორპუსს თბილისი კონფლიქტის ზონაში, სიტუაციის შესაფასებლად. და არც მე-2 ბრიგადის გენერალი მიიღებდა ბრძანებას მხოლოდ 7 აგვისტოს(და არა ადრე), წინასაერაყო მომზადებიდან მოეხსნა ბრიგადა,გორისკენ დაეძრა და რუსებთან საბრძოლველად განეწყო. 12 საათზე ნაკლები დრო ჰქონდა მას, რათა შვებულებაში მყოფი ჯარისკაცები და ოფიცრები ნაწილში დაებრუნებინა, M-4ამერიკული კარაბინები, ვაზნების ნაკლებობის გამო ისევ “კალაშნიკოვებით” ჩაენაცვლებინა და ბრიგადა მანქანებით და რკინიგზით გორისკენ გადაესროლა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც აპირებდა ომს, ამ ომს ასე მოუმზადებელი არ შეხვდებოდა.

როდის დაიღუპა რუსეთის სამშვიდობო ძალების პირველი ჯარისკაცი

რუსეთმა საქართველოში შემოჭრა სწორედ ამ მთავარი არგუმენტით გაამართლა – რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვის დროს, დაიღუპნენო. არადა, ცნობილია, რომ პირველი რუსი „სამშვიდობო“ 8 აგვისტოს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. როცა ცხინვალის სამხრეთ ნაწილში საქართველოს შსს-ს საგანგებო დანიშნულების ძალები შევიდნენ, მათ გააფთრებული ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთ შტაბიდან, ე.წ. „ვერხნი გოროდოკიდან“,რომელიც შემაღლებულზე მდებარეობს და იდეალური საცეცხლე წერტი იყო ქართული ნაწილების მიზანში ამოსაღებად. სწორედ ამ შტაბის შენობის სახურავიდან ხდებოდა არტილერიის ცეცხლის კორექტირება ქართული შენაერთების მიმართულებით. ქართული მხარის განცხადებას, ცეცხლი პირველად რუსმა სამშვიდობოებმა გახსნესო, თავის მხრივ, ომის დროს ცხინვალში მყოფი ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტის ბლოგიც ადასტურებს: ომის დაწყებისას მან ინტერვიუები ჩაწერა სწორედ ამ “ვერხნი გოროდოკში” მომუშავე ორ ექიმთან, რომლებმაც უთხრეს კიდეც, დილით 4 საათზე ბრძანება მივიღეთ, იარაღი აისხით და მოახლოებულ ქართულ ნაწილებს დამიზნებით ესროლეთო. როგორც ჩანს, სწორედ ამ სროლების დროს დაიღუპა პირველი რუსი სამშვიდობო და რამდენიმე ოსი მებრძოლი. ერთ-ერთი მათგანი ლეიტენანტი ოლეგ გოლოვანოვი იყო, რომლის ნეკროლოგშიც სიტყვასიტყვით წერია: „7 აგვისტოს ლეიტენანტი გოლოვანოვი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა – ახორციელებდა საარტილერიო ცეცხლის დამიზნებასა და კორექტირებას. მისი სათვალთვალო პოსტი რუსული სამშვიდობო ბატალიონის შტაბ-ბინის სახურავზე იყო განლაგებული – ქალაქ ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში. 7-8 აგვისტოს ღამეს ეს ყველაზე სახიფათო წერტილი აღმოჩნდა, ვინაიდან ქართულ არტილერიას სწორედ სამშვიდობოები ჰყავდა მიზანში ამოღებული“.

ამასთან, რუსული მედიაწყაროებიც აღიარებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საკვანძო ფიგურებმა სროლის დაწყებისთანავე რუსული სამშვიდობო ძალების  შტაბს შეაფარეს თავი „ნიჟნი გოროდოკში“ და მერე აქედან ერთობლივად ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციებს ქართული შენაერთების წინააღმდეგ.

(გაგრძელება იქნება)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: