ოკუპირებული ბავშვობა

არამარტო ტერიტორიის, ისეთი აბსტრაქტული სივრცის ოკუპირებაც ყოფილა შესაძლებელი, როგორიც ბავშვობაა.  როცა გადავწყვიტე, კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე რეპორტაჟი მომემზადებინა ჩვეულებრივ ადამიანებზე, უკვე ვიცოდი, რომ აფხაზეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვების შესახებ გავაკეთებდი რეპორტაჟს, რომელთა ბავშვობა, უბრალოდ, ოკუპირებულია.

ისინი ბევრნი არ არიან, დაახლოებით რვაასამდე. გალის რაიონის სოფლებში ცხოვრობენ, სადაც ცალკე რუსების შიში აქვთ, ცალკე – აფხაზი ბოევიკების. თითქოს ბავშვებს რას უნდა უშავებდნენ, მაგრამ ქართულად სწავლას უკრძალავენ. მათ მშობლიურ სკოლებში მხოლოდ რუსულდ ასწავლიან, ბავშვებს კი ქართულად სწავლა უნდათ. ამისთვის როგორმე უნდა მოხვდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ეს ძალიან ძნელია. სახელმწიფო საზღვრად წოდებულ მონაკვეთს რუსები აკონტროლებენ. რაც უფრო იზრდება ოკუპანტების რიცხვი აფხაზეთში, მით უფრო მეტ შემოვლით ბილიკებს ითვისებენ და კეტავენ რუსები. ბავშვები მაინც პოულობენ შემოვლით გზებს, რომ რუსების პოსტებს გვერდი აუარონ და წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს რაიონებში გადმოვიდნენ, ქართულ საჯარო სკოლებში. ამისთვის ისინი გამთენიისას უნდა ადგნენ, ისაუზმონ, წიგნები ჩაალაგონ და გზას ფეხით გაუყვნენ. სკოლამდე შორია: 6, 7, ზოგჯერ 10 კილომეტრიც კი. ამინდიც ხომ არაა ყოველთვის ერთნაირი – ზამთარ-ზაფხულ ასე დადიან.

სკოლისკენ წასულები გზად ერთმანეთს აღვიძებენ და ტალახში თუ მტვერში გზასაც ერთად მიუყვებიან. საოცარი მეგობრობა იციან და საოცარი სევდა უდგათ თვალებში. ხშირად ორ საათს უნდებიან გზის გავლას. ზოგიერთს წიგნი არა აქვს და გზაზე, სკოლისკენ, მეგობრისგან ნათხოვარ წიგნს ჩაჩერებია, უკან რჩება, რადგან ჩქარა სიარულს ვერ ახერხებს – იქნებ მოასწროს და გადაიკითხოს გაკვეთილი სკოლაში მისვლამდე.

მასწავლებლები მათ კარგად უგებენ. ზოგჯერ, როცა სკოლაში ვერ მიდიან, არგამოცხადებასაც არ აღნიშნავენ სასკოლო ჟურნალში. მათ სიბეჯითეზე ხაზგასმით საუბრობენ. მე კი რატომღაც ის მოსწავლეები მახსენდება, გამოცდების გაუქმების მოთხოვნით რომ გამოდიან და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდნენ ისინი ამ ბავშვების ადგლას? არ დაეზარებოდათ ასე წანწალი?

მასალაზე მუშაობის დროს კიდევ ერთ, მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: ეს ბავშვები გმირები არიან. უბრალოდ, გმირები, რომლებსაც ბავშვობა წაართვეს. იმასაც მივხვდი, თუ რამდენი რამე იკარგება ჩვეულებრივ “ნიუსებში”, რომლებსაც კონფლიქტის ზონიდან ტვ-ებით ვისმენთ.

სიუჟეტი ორ ნაწილად დავყავი, თითო ხუთწუთიანია. პირველ ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ, რა ყოფაში ცხოვრობენ და სწავლობენ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდეკლასელი გალელი ბავშვები, შეგიძლიათ თვალებშიც ჩახედოთ. პირველ ნაწილში 14 წლის ნათიას და მისი გალელი თანატოლების ერთი დღეა აღწერილი.

მეორე ნაწილში კი ნათია თანატოლის, ელენეს ერთი დღე აღვწერე. ელენეც დევნილია, სოხუმიდან. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ცხოვრობს, დედ-მამასთან და ბებოსთან ერთად. მისი სახლიდან სკოლამდე სულ ხუთი წუთის გზაა. მართალია, გალელი თანატოლებივით არ უწევს დილით ადრე ადგომა და სკოლაში მისასვლელად კილომეტრების გავლა, მაგრამ აფხაზეთი მასაც ძალიან სტკივა.

მოკლედ, შეგიძლიათ გაიცნოთ ბავშვები, რომელთა ბავშვობა ოკუპირებულია. გაიცანით უპრეტენზიო მოსწავლეები, სწავლას მოწყურებულები და ხვალინდელი საქართველოს შვილები. შეიძლება ცოტაზე მეტად დასევდიანდეთ, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ბევრმა არაფერი იცის.

\”ოკუპირებული ბავშვობა\” – პირველი ნაწილი

\”ოკუპირებული ბავშვობა\” – მეორე ნაწილი

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: