ჩვენი ბავშვობის თამაშები

სანამ კითხვას შეუდგებით, ეს პატარა ლექსი გადაიკითხეთ:

ჩემმა ერთ-ერთმა ფბ-ფრენდმა, კარგად ცნობილმა ლევან ბუთხუზმა გაიხსენა ერთი ბავშვობისდროინდელი თამაში, არცთუ ამოდსასმენი სახელი რომ ერქვა: “ჟოპასტენკა”. იკითხა, ვის გითამაშიათო. აღმოჩნდა, რომ ბევრს. მერე ერთ-ერთ საიტზე ამ თამაშის ძველქართულ ახსნას გადავეყარე ჟარგონის ლექსიკონში: “პანღურის ამორტყმით თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან” – გამეცინა და მერე ბავშვობის სხვა თამაშებიც გამახსენდა, გულისფანცქალით რომ ვთამაშობდით და მთელს ჩვენს მონდომენას ვაქსოვდით. გადავწყვიტე, თქვენც გაგახსენოთ. ბავშვობას ხომ, ძირითადად, ხალისით ვიხსენებთ ხოლმე. იმდროინდელი შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრია, რომ ნაცარს გადაქექვაც არ სჭირდება – ზოგჯერ ნაკვერჩხალი ნაცარზე მაღლაა.

მეც, ისევე როგორც ყველა, ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ, რომელმაც ძირითადად ზუგდიდში, ცაგერში, ქუთაისსა და ოჩამჩირეში განვლო. დახუჭობანა დაჭერობანა და ომობანა იმდენად ხშირი თამაშები იყო, რომ მათი შთაბეჭდილებებიდან ბევრი არაფერი მახსოვს. აზარტი სხვა თამაშობებს უფრო ახლდა, თუნდაც, იგივე “ჟოპასტენკას”. ჩვენთან ახტაჯანა გოგოებიც თამაშობდნენ და ამის გამო ბიჭები მათ ორმაგად ვაფასებდით. მერე, მოგვიანებით, როცა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა “ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა” წავიკითხე, იმ ეპიზოდზე სულ მეცინებოდა, ჰარალეთელები ტერეზას შიშით(იღლიებში ხელის ტაცება და ჰაერში შესროლა რომ უყვარდა) კედელს აკრულები რომ დაიარებიან და ხალათები ზურგზე ყველას რომ გათხუპნული აქვს – ბავშვობის ის თამაში და ჩემი განცდები მახსენდებოდა.

ლეჩხუმი ჩემი დედულეთია და ცაგერის რაიონის დოფელი ზოგიში უნიკალური სოფელია იმ მხრივ, რომ იქ ქვეყნის ყველა დასალიერში გათხოვილი ზოგიშელი ქალების და ასევე ოთხივ კუთხით დაფანტული ზოგიშელი კაცების ნაგრამი იყრიდა თავს ზაფხულობით. ძირითადად, ქუთაისელები და თბილისელები დომინირებდნენ, ერთადერთი კინკილა მეგრელი მე ვიყავი, ჩემს დას და ძმას თუ არ ჩავთვლით.

ზოგიერთ თამაშობაზე(თამაშებს არ ვგულისხმობ: ფეხბურთს, ფრენბურთს, ჯოკერს და მისთანებს) მოდით, ერთად გავიცინოთ, თუნდაც სხვადასხვანაირ სახელწოდებებზე. მაგალითად, გეცნობათ თუ არა ეს დასახელებები: “ვიბივალკა”, “ჩაჭრობანა”, “შუადგომობა”, “წრეში ბურთი”? იცით, რომ ერთი თამაშის სხვადასხვა დასახელებაა? ახლა თამაშობენ ბავშვები ნეტა? მე არ მინახავს, არადა, მერე, როცა უკვე აღარ ვთამაშობდი ასაკისა გამო, ბევრგან, მათ შორის თბილისის ქუჩებშიც შემხვედრია თვალებანთებული ბავშვები, თანატოლისთვის ბურთის მოხვედრებას რომ გამწარებული ცდილობენ და ის კიდევ, არანაკლებ გამწარებული და თვალებანთებული, როგორ დარბის წინ და უკან და ცდილობს, ბურთი ან აიცილოს, ან პირდაპირ ხელში დაიჭიროს, რათა გავარდნილი პარტნიორი “გააცოცხლოს”… რით იყო ცუდი თამაში? გონებას სხარტს ხდიდა და სხეულს მოქნილს…

ყველაზე მეტად, იცით, რაზე მწყდება გული? ლახტი არ მითამაშია არსოდეს, არადა, თუ გახსოვთ(ჩემთაობელებს მივმართავ), რაღაც გადაცემა იყო ტელევიზიით ხალხურ თამაშებზე და იქ უჩვენებდნენ ხოლმე ამ თამაშს და ზუგდიდში     დანერგვაც ვცადე, სკოლის მასშტაბით, მაგრამ

არაფერი გამოვიდა, არადა, მართლა აზარტული თამაშია და რა იქნება, “მხიარულ სტარტებში” ასეთი თამაშებიც რომ შეიტანონ? რა, ევროსაბჭოდან გაგვრიცხავენ(ნატოში მაინც არ გვღებულობენ)? რითაა ლახტი იმ თამაშებზე ნაკლები?

 

 

 

 

“ორდროშობანა” არასოდეს მითამაშია, ზუგდიდში არ იყო პოპულარული. სამაგიეროდ, ჩემზე 15 წლით უმცროს ნინუცას(ჩემს მეუღლეს) თვალები გაუბრწყინდა, როცა გაიხსენა, რამდენი ურბენია ამ თამაშის დროს და ისიც გაიხსენა, როცა მეტოქის დროშა თავის ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით მიუტანია აქოშინებულს, თამაში რომ დამთავრებული დახვედრია და თავიანთი დროშა უკვე მოპარული.

მახსოვს, “გრძელ ვირს” რა დიდი აზარტით ვთამაშობდით და რა ხშირი იყო ამ თამაშის დროს ოინები, ხელ-ფეხის ღრძობა და თავ-ყბის დამტვრევა ამ ოინების გამო, რომელიც მერე გარჩევებში გადადიოდა და მთელი სკოლის ბიჭბუჭობის დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, დირექციის ყურამდე მისვლით და უფროსკლასელებთან მტყუან-მართლის გარკვევით დამთავრებული. რა ჟინი იყო?:)  ასეთი სიტუაციაც ბევრჯერ ყოფილა:)

თუ გახსოვთ, სოფლის სკოლების ეზოებში უცნაური ხის ნაკეთობა იდგა, 50-60 მეტრის სიმაღლის ხის ძელებით შეკრული. ფეხბურთის კარებს ჰგავდა, რომ არა ერთი მხრიდან მიდგმული ძელი, ძირითადად, მრგვალი, რომლითაც ციცაბოდ ადიოდი ზედა ძელზე, მერე ზედა მრგვალ ძელზე ცდილობდი წონასწორობის შენარჩუნებას, მეორე მხრიდან ამოსული ბიჭიც იგივეს ცდილობდა და განზე ხელგაშლილები, დაძაბული სახით უახლოვდებოდით ერთმანეთს. როცა მიუახლოვდებოდით, ხელები ზურგსუკან უნდა შემოგეწყოთ და მხრებით უნდა გეცადათ მოწინააღმდეგის გადაგდება ძელიდან. ვინც პირველი ჩავარდებოდა, წაგებულიც ის იყო. თამაშს გოგოების ყიჟინა და ქომაგობა მატებდა ხიბლს.

 

“ვისი სული გსურს” თუ გახსოვთ?  ფანტაზიას მიეცით გასაქანი, მეხსიერების ფაილები გადაქექეთ და გაიხსენეთ, რამდენჯერ გაქანებულხართ გამწარებული და მკაცრი სახით, რამდენჯერ გაგიწყვეტიათ ან ვერ გაგიწყვეტიათ ჯაჭვი და რამდენჯერ ჩაგიჭიდიათ ღონივრად ხელი პარტნიორისთვის, რათა გამოქანებულ მოწინააღმდეგეს, თქვენკენ გეზაღებულს, თქვენი ჯაჭვი ვერ გაეწყვიტა…

კიდევ ერთი თამაში, ბიჭების და გოგოების გულის ამჩქროლებელი: “წითელი, ყვითელი, შავი” ქალაქად და სოფლად იგივე თამაში გამარტივებული წესით და სახელწოდებით: “ბრის ილი მიაუ”… გაგეღიმათ? მეც… მაშინ თქვენს მოგონებებთან დაგტოვებთ, გაიხსენეთ, როგორ მსუბუქად(ან პირიქით) გაგილაწუნებიათ ან გაულაწუნებიათ, როგორ ნაჩქარევად(ან პირიქით) გიკოცნიათ ან უკოცნიათ, რამდენად სულელური(ან პირიქით) შეკითხვა დაგისვამთ…

კიდე იცით, რას ვთამაშობდით, ძირითადად გაკვეთილებზე, არამკაცრ მასწავლებლებთან, უკანა მერხებზე? ფეხბურთის ნაირსახეობა იყო, რვეულის ფურცლებით ორი კარი კეთდებოდა, სამი პატარა “ბურთი” მზადდებოდა ქაღალდებისგან და მესამე ბურთი დანარჩენ ორს შუა უნდა გაგეძვრინა, ისე, რომ ერთმანეთს არ შეხებოდა და მხოლოდ ორს შორის გაძრომით შეგეძლო კარში დაგერტყა, სადაც შეგეშლებოდა, მოწინააღმდეგე იქედან განაახლებდა თამაშს. მერე ეს თამაში პრიალა იატაკზე გადავიტანეთ, ბორჯომის ან პეპსი-კოლას სახურავებით ვთამაშობდით, მე სახლშიც დავნერგე და “ოფსაიდიც” კი შემოვიღე, განსაზღვრული სიშორიდან უნდა დაგერტყა…

“ბავშვობა, ჰეე, რარიგ ტევადი, სადამდე ვრცელი, როგორ და როგორრანაირად ცვლადი… იდუმალი “ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო”, დამამწუხრებელი “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, გაუგებარი “დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა” და კიდევ უფრო გამაოგნებელი, აბურდული “პატარაში სულ არ იყო”… ბავშვობა, ჰეეე…” გაგახსენდათ? კიდევ იყო რამდენიმე სხვა თამაში, თუნდაც “ფანტობანა” და “ამის პატრონმა რა ქნას”, მაგრამ დღეისათვის საკმარისია.

აბა, თქვენ რას გაიხსენებთ დაამატებთ?

დარჩებით ცოტა ხანს ბავშვობაში თუ დიდობა გეძახით?

მე – მეძახის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: