“მაგნას” ეპოქა

აკა მორჩილაძემ ჩვეული ენამოსწრებულობით დაარქვა “მაგნას” ეპოქა იმ დროს, როცა თბილისში “დიდი სროლების” პერიოდი იყო და ყველა “სროულობდა”, ვისაც არ ეზარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ აჯენდა ტყვიას ტყვიაში. ჩანაწერი სულ სხვა ადამიანს ეხება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო მორის ფოცხიშვილი, რომლის გარდაცვალება მაშინ სრულიად ერს გამოეპარა და რომელმაც სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაწერა: “უცებ მოვტყდი და უცებ მოვხუცდი,/ვეღარ მიპოვით, რაც უნდა მძებნოთ,/თქვენს მიერ მოკლულ მორის ფოცხიშვილს/ნუღარ დაეძებთ ცოცხლებში, ძმებო!”ან: “…იმ ტყვიით მოვკვდი, თქვენ რომ ერთმანეთს/ასე უბრალოდ ესროლეთ, ძმებო!” – სადაც ერს ერთი ან მეორე პოლიტიკოსის, თუნდაც პრეზიდენტის ან მომავალი პრეზიდენტის სახელები სხვადასხვა კონტექსტში აკერია პირზე, იქ ხელოვნება და ხელოვანნი რომ არ ახსოვდეთ, აბა რა გასაკვირია. ვინ თქვა, როცა ქვემეხები გრიალებენ, მუზები სდუმანო? – კარგად უთქვამს.

ჰოდა, ამ ქვემეხების გრიალის, მუზების დუმილის, “მაგნას” და სხვათა ზემორეჩამოთვლილთა ეპოქაში წარმოიდგინეთ, ასე, 70-ს მიტანებული, ასაკთან შედარებით ოდნავ მოტეხილი, ღრმა, სევდიანზე სევდიანი თვალებით თბილისის ქუჩებში მოხეტიალე მოხუცი, რომელიც “წერას ჰყავს ატანილი”, რადგან საქმე აქვს, “თანაც, როგორი: ძნელ უკეთესობას მიუახლოვდეს და აუხილოს შეგუებულებს ამტანი თვალი”. მაგრამ თვალების ასახელად ვის სცალია. პირიქით, უფრო იბურავენ მზერას შავი “რეი ბანებით”. მოხუცი კი წიგნების მაღაზიებთან ჩერდება, შედის, ხან ხმადაბლა უსვამს გამყიდველს კითხვას, ხან თაროებს შეავლებს თვალს და კითხვის დაუსმელადაც ხვდება პასუხს დასასმელ კითხვაზე.

მალევე გამოდის უკან. რუსთაველიდან პუშკინის ქუჩით, პუშკინიდან ვორონცოვისკენ, ვორონცოვიდან პლეხანოვისკენ, პლეხანოვიდან წერეთლის პროსპექტზე… რა თქმა უნდა, ფეხით და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ: მისი წიგნი ბოლო თვეებია, არ გაყიდულა, ასე რომ, პროცენტებს ვერ მიიღებს. მერე რა,რომ ზამთარია, დიდი ამბავი, თუ მწერალი სახლიდან იმ იმედით გამოვიდა, რომ წიგნის გაყიდვიდან მიღებული სარგებელით სადმე პურის რიგში ჩადგებოდა და შინ პურით დაბრუნდებოდა. აბა, ვის აინტერესებს წიგნი, ხომ ვთქვი, რა ეპოქაც დგას. არა, წიგნებით( თანაც მისი წიგნებით) დაინტერესებულნი იმ ეპოქაშიც იყვნენ, მაგრამ იძულების წესით შაქარზე და პურზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე წიგნებზე.

მოხუცი მწერალი დაიღალა, თანაც, ძალიან “პირშიმთქმელურად” ღამდებოდა. აბა როგორ
შეიძლებოდა, იმ ეპოქაში იმ მწერალს არ მოეწია და ეწეოდა კიდეც, ოღონდ, ეპოქის შესაბამისი სიგარეტი არ ჰქონდა. ვისაც გახსოვთ, ბათუმის თამბაქოს ქარხანა უშვებდა მაშინ, “დელფინი” ერქვა,- უსაშველოდ გრძელი, არცთუ ხარისხიანი თამბაქოთი გაჯერებული და, რა თქმა უნდა, უფილტრო სიგარეტი იყო. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მწერალმა, რომელსაც ცოცხალი კლასიკოსი ყოველგვარი პირობითობის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ, უჩუმრად ამოიოხრა, შინ პურის გარეშე მისვლის ბედს თითქმის შეეგუა, მაგრამ როცა ვახუშტის ხიდი გადაიარა, მაინც გაიგონა, როგორ დუდუნით უხმობდა მტკვარი ამქვეყნიურ ამაოებათაგან გასათავისუფლებლად.

სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და წარმოიდგინა, რომ არავის არ სჭირდება მისი შემოქმედება, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური არსებობითაც უნდა დაეხმაროს, – ვერ ეხმარება. გზად უპოვარს ჩაუარა და ძველი ჩვეულებისამებრ, შარვლის ჯიბეზე უმწეოდ მოისვა ხელი. მათხოვარი თითქოს არც ელოდა ფულად მოწყალებას, მაგრამ როცა მოხუცი გასცდა, ზურგიდან მიაძახა: “სიგარეტი მაინც ხომ არა გაქვს?”

– აქ კი ცოცხალ კლასიკოსს გაახსენდა, რომ სახლში, კარადის თავზე კიდევ ეგულებოდა ათამდე კოლოფი “დელფინი”, რომელიც მისმა მეგობარმა ბათუმიდან საჩუქრად გამოუგზავნა, სახე ნათელმა ღიმილმა გაუნათა, რომ მას, თვითონ უმწეოს, შეეძლო სხვა უმწეოს თუნდაც ამ ფორმით დახმარებოდა, სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, ძველი მწეველის მანერით ყურში გაირჭო, ნახევარ კოლოფზე მეტი სიგარეტი უპოვარს მიაწოდა, უთხრა: “აჰა, შენი იყოს, მე კიდევ მაქვს”,- შებრუნდა და გზა გააგრძელა, მაგრამ სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისევ მოესმა უპოვრის ხმა: “არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: