უმწეო მგზავრი

მას ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ იმ ტკივილმა, რაც შარშან, 5 იანვარს გადაიტანა, ტკივილმა, რომლითაც ტკივილამდელი კომფორტი დაურღვიეს, ყველაფერი დაავიწყა.

 

ახლა ხელახლა ცდილობს ყველაფრის აღდგენას, ყველაფრის დამახსოვრებას და სიტყვად გარდაქმნას, რათა დაიხსომოს და წარმოთქვას.  ზოგჯერ ეს ძალიან უცნაურად გამოსდის და ვისაც ესმის, გულიანად ეცინება. მაგრამ მას არ სწყინს, უფრო პირიქით – თვითონაც აჰყვება ხოლმე სიცილში.

 

სულ თერთმეტი თვეა, ვიცნობ. მანამდე არ ვიცნობდი, უბრალოდ, ერთხელ ვნახე მისი ვიდეოკადრები და, უნდა გამოვტყდე, მაშინ სრულყოფილი ადამიანის ფორმა არ ჰქონდა.

 

რაც გავიცანი, იმ დღიდან სრულიად უანგაროდ ვცდილობ დავეხმარო, სიტყვები ხელახლა შევასწავლო, ავუხსნა ის, რასაც ხედავს, რათა დაიხსომოს, სიტყვებად გარდაქმნას და მერე წარმოთქვას. მასთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ, ერთმანეთზე დამოკიდებულებიც კი გავხდით. იმდენად შეპყრობილი ვარ მისი დახმარების სურვილით, რომ ამას ჩემს მოვალეობად ვთვლი. ამას გარდა, ხომ ყველას გვიზიდავს უმწეოთა დახმარების სურვილი? ამიტომ, სხვა ყველა საქმე გვერდზე მაქვს გადადებული: ჩვენ ერთად ვსეირნობთ ქუჩაში, იგი თავისი ჭკვიანი, ლამაზი თვალებით აკვირდება ყველაფერს, მე კი ხან რისკენ ვიშვერ ხელს და ხან რისკენ, თანაც, სახელებს ვუთითებ. ვგრძნობ, რომ იმახსოვრებს, მაგრამ ვერ ამბობს.

 

ბოლო ოთხი თვეა, მგზავრობა იზიდავს. ეტყობა, რაღაცას ახსენებს. ყველანაირი ტრანსპორტით მგზავრობს, იქნება ეს ტაქსი, „მარშრუტკა“ თუ ყვითელი ავტობუსი, ოღონდ, მარტო ვერ მიდის. ვერ მეუბნება, მაგრამ როცა მგზავრობის სურვილი აქვს, თვალებით მთხოვს, რომ გავყვე. მეც მივყვები. მასთან ერთად სიარული არ მეზარება. აკი მოგახსენეთ, მის დახმარებას მოვალეობად მივიჩნევ-მეთქი.

 

ახლა ჩვენს დღევანდელ მგზავრობაზე მინდა გიამბოთ. როგორც იქნა, გამოჩნდა  შემადგენლობა და ვაგონში ერთად შევედით. ასეთ დროს მგზავრობის მარშრუტს მე ვარჩევ ხოლმე. ის კარგ ხასიათზე ჩანდა და ცოტა გრძელი მარშრუტი ავირჩიე: ნაძალადევიდან ისნამდე და უკან.

 

ის ჩემთან ერთად იჯდა და ირგვლივ ყველაფრის შესწავლა მაშინვე დაიწყო, როგორც კი მოვკალათდით. ცოტა უცნაურად იჯდა და იმაზე მაღალი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეშია. უცნაურად იქცეოდა და მაშინვე მიიპყრო ნახევარი  ვაგონის ყურადღება: თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, ყველას აკვირდებოდა. ზოგს დაჟინებით, ზოგს ზერელედ. თუ ვინმე მოეწონებოდა, უღიმოდა – ეტყობა ვინმეს ამსგავსებდა. ზოგი უბრუნებდა ღიმილს, ზოგი კი კუშტ, მედიდურ იერს არ იცვლიდა და თვალს არიდებდა.

 

თავდაპირველად ის ჩუმად იყო, რადგან თვალიერებით გაერთო. რამდენჯერმე დაიძაბა, როცა შემადგენლობის                რადიოკვანძში „დამხდური“ და „მომხდური“ სადგურები გამოაცხადეს. ჭკვიანი თვალები ჭერისკენ აღაპყრო და რაღაცის გახსენებას დაჟინებით ცდილობდა. შევატყვე, რომ არ გამოუვიდა. ცოტა დაბნეული, შეშინებული სახით შემომხედა, მაგრამ მე ღიმილით გავამხნევე. მერე ისევ მგზავრებზე დაკვირვება განაგრძო, განსაკუთრებით მის გვერდით მჯდარი მგზავრით ინტერესდებოდა.

 

ამის გამო მაინცდამაინც სახარბიელო დღეში ვერ აღმოჩნდა, რადგან მის გვერდით მსხდომნი ისნამდელ სადგურებზე ჩადიოდნენ და ხშირად იცვლებოდნენ. რამდენიმეჯერ გვერდითა მგზავრს მხარზეც შეახო ხელი. ერთმა ქალმა ისე ცივად მოიშორა მისი ხელი, გეგონებოდა, დახრჩობას უპირებენო. ის კი არა, იმისიც შემეშინდა, პირველივე სადგურზე მეტროს პოლიციელს არ განუცხადოს, რომ მგზავრობაში ხელს მიშლიანო, თუმცა იქვე გამახსენდა, რომ ჩემს უმწეო თანამგზავრს პასუხს ვერ მოსთხოვდნენ, გარემოებებისა გამო…

 

ცოტა ხანში ჩემს თანამგზავრს ის დაეწყო, რასაც მე „მხიარულობის შეტევა“ დავარქვი: ხმამაღლა იცინოდა, თითს იშვერდა მგზავრებისკენ, ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე, ცქმუტავდა.  ამ უცნაური მგზავრის დანახვაზე ვაგონში მყოფ მოქალაქეებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ: ზოგი კუშტად უბღვერდა. ზოგი ზრდილობისთვის უბრუნებდა ღიმილს, ზოგიც  – გულიანად უღიმოდა.

 

ისნამდე ერთი სადგურით ადრე ხმაურით აიკლო მთელი ვაგონი. ვაგონის ყველა კუთხიდან მის სანახავად ხლხი ჩვენთან შეჯგუფდა. პოლიციაში დარეკვა არცერთს არ მოუნდა, რაღაცნაირად, მართალი მზერა ჰქონდა და ყალბი არ იყო, თანაც, გადამდები სიცილით იცინოდა.  ამასობაში „ისანიც“ გამოაცხადეს, ვაგონიდან გამოსვლაში დავეხმარე  და საპირისპირო მხარეს გავეშურეთ. ის ხალისით გამომყვა. ჩვენი მგზავრობა ისნიდან ნაძალადევისკენ დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც პირიქითა მარშრუტის დროს. ამ მგზავრობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ის ძალიან მიყვარს.

მას ანასტასია ჰქვია, თერთმეტი თვისაა და ჩემი შვილია:)

ჩვენ დღეს მეტროთი ვიმგზავრეთ:)

 

ციტატები ჩანაწერიდან და აუცილებელი განმარტებანი:

1.

“მას ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს გრძნობდა, მაგრამ იმ ტკივილმა, რაც შარშან, 5 იანვარს გადაიტანა, ტკივილმა, რომლითაც ტკივილამდელი კომფორტი დაურღვიეს, ყველაფერი დაავიწყა.”

მედიკოსების(არა მარტო) დასკვნების მიხედვით ბავშვს დაბადებამდე ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრნობს, მხოლოდ მშობიარობის დროს გადატანილი ტკივილი, ავიწყებს დამახსოვრებულს.

2.

“სულ თერთმეტი თვეა, ვიცნობ. მანამდე არ ვიცნობდი, უბრალოდ, ერთხელ ვნახე მისი ვიდეოკადრები და, უნდა გამოვტყდე, მაშინ სრულყოფილი ადამიანის ფორმა არ ჰქონდა.”

ანასტასია მართლა მყავს ნანახი კადრში, დაახლოებით 4 თვის ასაკში, როცა ნიო ქალთა კონსულტაციაში მივიყვანე. რა თქმა უნდა, მაშინ სრულყოფილი ადამიანის ფორმა არ ჰქონდა.

3.

“ის კი არა, იმისიც შემეშინდა, პირველივე სადგურზე მეტროს პოლიციელს არ განუცხადოს, რომ მგზავრობაში ხელს მიშლიანო, თუმცა იქვე გამახსენდა, რომ ჩემს უმწეო თანამგზავრს პასუხს ვერ მოსთხოვდნენ, გარემოებებისა გამო…”

ალბათ, გასაგებია, პასუხს რატომაც ვერ მოსთხოვდნენ:)

სულ ეს იყო…:)

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: