სად ერეკლე და… სად ებრალიძე

ალექსანდრე ებრალიძე არ ცხრება. მან დღეს მოსკოვში პრესკონფერენცია ჩაატარა და უკვე ოფიციალურად და საბოლოოდ დაადასტურა, რომ საქართველოში 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. როგორც ჩანს, მფარველები ბიზნესის ჩაძირვით დაემუქრნენ, თუ არ გააქტიურდებოდა. პრეზიდენტობის სურვილი – სურვილად, მაგრამ უპრიანი იქნება გადავხედოთ, როგორ შესაბამისობაშია ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური ლტოლვა საქართველოს კანონმდებლობასთან.

ბარიერები

დავიწყოთ იმით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. ამ მხრივ ალექსანდრე ებრალიძეს არ გაუმართლა: როცა ადვილად შეეძლო საქართველოს მოქალაქე გამხდარიყო, მაშინ „აბრეზის“ კონდახს კომბალივით იქნევდა, ხოლო ახლა, როცა მოინდომა, ისტორიული სამშობლო მის გულში ჩახუტებას და შვილად აღიარებას სულაც არ ჩქარობს.

მეორე ბარიერი ალექსანდრე ებრალიძეს კანონის იმ მუხლის სახით ეღობება, სადაც მითითებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩევნებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. ეს ვადები უკვე დარღვეულია: თუ გავითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს 2013 წლის 5 იანვრისა უნდა ჩატარდეს, „ალიკ–ბაზარის“ ოცნებას ასრულება არ უწერია (პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, დაბადებით საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში).

თუ ამ მხრივ არსებულ პრობლემებს პრეზიდენტობის მსურველი „ალიკ ბაზარი“ 2013 წლამდე მოაგვარებს, იქნებ ისიც იყოს დროული, სკანდალებითა და დანაშაულით სავსე მის ბოგრაფიას თვალი გადავავლოთ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, ვისი არჩევა მოუწევთ ებრალიძის სახით მათ, ვინც ფსონს ამ „რეკეტიორ–პოლიტიკოსზე“ დადებს.

„აბრეზის“ კონდახით მოპოვებული ფული

ალექსანდრე იოსების ძე ებრალიძის ხმაურიანი კრიმინალური ბიოგრაფია 1978 წლის 7 დეკემბრიდან იწყება, როცა ბათუმიდან ლენინგრადში ახალგადაბარგებულმა ებრალიძემ თავის ამფსონთან, დონეცკელ კრიმინალ ედუარდ ვერეშაგინთან ერთად ლენინგრადში, ვიტებსკის პროსპექტზე მდებარე მესამე კორპუსის 87–ე სახლის №57 ბინაზე დააკაკუნა, რომელიც მოქალაქე ხოხლოვს ეკუთვნოდა. ამ მომენტისთვის ებრალიძე ე.წ. აბრეზით იყო შეიარაღებული, ხოლო მისი ამფსონი არალეგალურად შეძენილი პისტოლეტით, რომელსაც „სტარი“ ერქვა.

სხვათაშორის, თავდასხმის ადრესატი სულაც არ იყო ბინის მფლობელი ხოხლოვი. პირიქით – როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხოხლოვი ებრალიძის ერთ–ერთი ამფსონთაგანი იყო და სწორედ მისგან შეიტყო, რომ ბინაში იმ დროს იმყოფებოდა მოქალაქე მეშერსკი, რომელსაც ებრალიძე და მისი რაზმის წევრები კარგა ხანს უშედეგოდ ეძებდნენ.

თავიანთი განზრახვის სერიოზულობაში დასარწმუნებლად, ვერეშაგინმა, რომელიც პირველი შეიჭრა ბინაში, შეძახილით: „პანების ფული ადგილზე, ნაბიჭვარო!“ მეშერსკის ფეხებთან გაისროლა, საბრალდებო დასკვნის მიხედვით კი ებრალიძემ, მეტი დამაჯერებლობისთვის, მეშერსკის წიხლი ჩააზილა და თავში „აბრეზის“ კონდახიც უთავაზა. ამის შემდეგ, იმ მოტივით, რომ მეშერსკი მათი პოლონელი მეგობრების (პანების) მევალე იყო, იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში და თეატრალურ მოედანზე, მის სახლში მიიყვანეს. ამ გზით თავდამსხმელებმა 2.500 მანეთი მიიღეს, ხოლო მსხვერპლის მოსალოდნელი გატაცებით დაშინებულ მამამისს კიდევ 3.000 მანეთი ააღლიტეს.

დაახლოებით ერთ თვეში, 1979 წლის 16 თებერვალს ორივე დამნაშავე დააკავეს, მაისში კი მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ვერეშაგინს 9, ხოლო ებრალიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ქონების კონფისკაციით და მკაცრი რეჟიმის შრომა–გასწორების კოლონიაში მოხდით.

სასჯელის მოხდის შემდეგ ვერეშაგინი და ებრალიძე ისევ დანაშაულის გზას დაადგნენ. პირველმა კიდევ ორჯერ აიკიდა სასჯელი: ერთხელ ისევ იარაღის ტარებისთვის და მეორედ – წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის საკუთარი „მერსედესის“ სალონში. რაც შეეხება ებრალიძეს, ისიც არაერთხელ სტუმრობდა საბჭოთა „ლაგერებს“. 1986 წელს ის ხულიგნობისა და მილიციელისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით გაასამართლეს, მაგრამ სსრკ–ს დანგრევის დროისთვის იგი კოლონიის ნაცვლად რეკეტისა და ნახევრადლეგალური ბიზნესის ოკეანეში თავით გადაეშვა.

ბიზნეს–იმპერიის სათავეებთან

სანკტ–პეტერბურგად გადაკეთებულ ლენინგრადში დაბრუნების შემდეგ, 1992 წლიდან ებრალიძე მუშაობს ადგილობრივ ქართველ ძმებთან – მიხეილ და კონსტანტინე მირილაშვილებთან. ისინი ერთად აკონტროლებენ კონდრატიევის ბაზრის წილებს. ძმებს ეს საქმე, ძირითადად, ებრალიძისთვის ჰქონდათ მინდობილი და სწორედ აქედან გაჩნდა მეტსახელი „ალიკ–ბაზარი“. მოგვიანებით, კოოპერატივ „პროგრესის“ ბაზაზე მათ სააქციო საზოგადოება დაარსეს. დამფუძნებლებს შორის ცნობილი ავტორიტეტები იყვნენ: ბორის ელკინი, ვიქტორ კორობკინი და პიტერელი მილიარდელი შალვა (შალმი) ბენიამინოვი.

მოგვიანებით ეს ხალხი საქმიანობას ჩამოშორდა, ხოლო ებრალიძის პარტნიორი და მესაიდუმლე გახდა პეტერბურგელი ამერიკელი – იაკობ ბარსკი, რომელსაც აშშ–ში იცნობდნენ, როგორც იაკობ დანს. მათ ერთად დააარსეს „ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი“, რომელიც მოგვიანებით სააქციო საზოგადოება „ტალიონად“ გადაკეთდა.

სწორედ ეს საზოგადოება გახდა პეტერბურგის სასტუმროთა ქსელის, სათამაშო და საკლუბო ბიზნესის ფლაგმანი. ამ ბიზნესის კონტროლში, ებრალიძისა და ბარსკის გარდა, ადგილობრივი და მოსკოველი ავტორიტეტები იყვნენ ჩართულნი. მალე პეტერბურგის პორტში უდიდესი ნავთობგადამზიდი კომპანია გაჩნდა – „ინტრანზიტი“, ებრალიძემ კი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის 20 პროცენტი ჩაიგდო ხელში.

ალექსანდრე ებრალიძემ საკუთარი ბიზნესი სხვა მიმართულებითაც განავითარა – დაწყებული „ბურეს სალონის“ შვეიცარული საათების ცენტრიდან“, პეტერბურგის ბაბუშკინას სახელობის პარკში ატრაქციონების წილში ჩაჯდომით დამთავრებული.

ებრალიძის მაფიოზური კვანძის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა სამშენებლო პროექტები, რომლის განხორციელებითაც მისი კიდევ ერთი ფირმა „ლეოკასპისია“ დაკავებული. სწორედ ამ კომპანიას უნდა „უმადლოდნენ“ პიტერელები ქალაქის უძველესი კინოთეატრის „ბარიკადის“ (ჩიჩერინის სახლის) რესტავრაციას, რომელიც ძირფესვიანად შეცვალეს და ხელუხლებელი მხოლოდ ფასადი დატოვეს, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. საოცარი ის იყო, რომ ამ შენობის თავზე, ისტორიული პეტერბურგის ცენტრში უზარმაზარი თანამედროვე აუზი გაჩნდა. სწორედ ეს კომპანია ცდილობს ახლა კიდევ ერთი ნებართვა მიიღოს, რათა ე.წ. მთავარი შტაბის და სასახლის მოედნის რესტავრაცია დაიწყოს.

„კბილი კბილის წილ…“

ცალკე აღნიშვნის ღირსია ებრალიძის სპეციფიკური ტალანტი საკუთარი კომპანიებისთვის სახელწოდების მოფიქრების კუთხით. მაგალითად, ბარსკისთან ერთად დაარსებულ სააქციო საზოგადოებას მან „კომუნინო“ დაარქვა. სახელწოდება ებრალიძის შვილის სახელს მოიაზრებს. რაც შეეხება „ტალიონის“, აქაც საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ. ლათინურიდან თარგმანში ex talionis ნიშნავს დანაშაულის გამო მიზღვას და ეს მიზღვა, სასჯელი, – უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი ან მასზე აღმატებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ნაკლები. დაახლოებით ამ კატეგორიის გამოთქმაა: „კბილი კბილი წილ…“

ამ პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად, „ტალიონთან“ შეიქმნა სანკტ-პეტერბურგის იურიდიული აკადემია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ებრალიძის მეგობრები, მილიციის გენერალი, საკანონმდებლო საბჭოს დეპუტატი, სტანისლავ ზიბინი და ქალაქის ფინანსური კონტროლის კომიტეტის უფროსი, დიმიტრი ბურენინი. ამ დაწესებულებებთან ერთად ებრალიძის ჰოლდინგში შევიდნენ ფირმები: „სპაიდე“, „ტალიონი“, „ფოვეა“ და ვალების ამოღებაზე ორიენტირებული ერთ–ერთი კომპანია, გულაჩუყებულმა ებრალიძემ კი ჰოლდინგს „დიდსულოვნება“ დაარქვა.

კამერებსა და კოლონიებში გატარებულმა არაერთმა წელმა ალექსანდრე ებრალიძეს ასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა დაზოგოს თანხა ადვოკატების მომსახურებაზე და არასდროს თქვას უარი უსაფრთხოების დამატებით ზომებზე. ამ გამოცდილების წყალობით მისი ჰოლდინგი აგრძელებს ნახევრადკრიმინალურ საქმიანობას, „იმპერატორი“ კი საკუთარ ბიზნეს–იმპერიას მშვიდად მართავს.

ებრალიძემ თავიდან აიცილა ქუჩის სროლები, ხმაურიანი გარჩევები და სამთავრობო თავდასხმები, რადგან ძალიან კარგად იცის, ვის უნდა დაუცაცხანოს და ვის გაეგოს ფეხქვეშ. სწორედ ამ პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ებრალიძის ჰოლდინგმა „დაითრია“ მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია – საკმაოდ დიდი ფართობი სანკტ–პეტერბურგის ოლქის ვსევოლოჟსკის რაიონში.

ზოგჯერ სიფრთხილის ზომები აბსურდამდეც დადის. მაგალითად, ებრალიძის ერთ–ერთ ობიექტზე, სანკტ–პეტერბურგის სასტუმრო „ელისეევ პალას ოტელში“ ფოტოს უღებენ არამარტო სასტუმროში ნომრის დამქირავებლებს, არამედ ყველა შემომსვლელს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მანერა დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მილიციის სტრუქტურებთან არიან დაახლოებულნი და მილიციურ მეთოდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ებრალიძის ფიქრები – „პრეზიდენტი ვიქნები!“

ახალი ასწლეულის დაწყებასთან ერთად რუსეთში სამშენებლო ბუმი დაიწყო. ებრალიძე აბა რის „ალიკ–ბაზარი“ იქნებოდა დროებისთვის ფეხი არ აეწყო: ალექსანდრე იოსების ძემ და იაკობ მაქსიმის ძე ჩუტკომ 2005 წლიდან უდიდესი სამშენებლო ქარხნის მშენებლობა დაიწყეს. ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, ამ ქარხანა–გიგანტის ღირებულება 400 მილიონ ევროს აჭარბებს. პირველი პროდუქცია ქარხანამ უკვე 2007 წელს გამოუშვა, მთლიანი წარმოების ამოქმედების შემდეგ კი ამ ქარხანამ ყოველწლიურად 2 მლნ. კუბური მეტრის მოცულობის სამშენებლო მასალები უნდა გამოუშვას.

მაგრამ ებრალიძეს მთავარი მტერი არა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, არამედ ისეთი მოვლენის სახით გამოუჩნდა, რომლის წინაშეც უძლური აღმოჩნდა – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, რომელმაც, ბუნებრივია, რუსეთსაც გადაუარა. სამშენებლო ბიზნესი ჩავარდა, სატუმროების ბიზნესი, იმავე ეკონომიკური კრიზისის გამო არც ისე მომგებიანია, სათამაშო ბიზნესი ჩაიძირა, რადგან ცოტა ხნის წინ პეტერბურგში საერთოდ აიკრძალა. გაკოტრება კარს იყო მომდგარი, მით უმეტეს, რომ ქარხნის მშენებლობაში ჩადებული ფულის უდიდესი ნაწილი ებრალიძის ჰოლდინგის საკუთრება კი არა, სოლიდური პროცენტებით აღებული კრედიტები იყო.

გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ებრალიძემ აქტივების გაყიდვა დაიწყო. როგორც ამასწინათ გაზეთმა „დელოვოი პეტერბურგმა“ დაწერა, გასულ წელს ებრალიძემ გასაყიდად გამოიტანა შერემეტიევოს სასახლე, რომლის რეკონსტრუქციისთვის, თავის დროზე, 25 მილიონი ევრო ჩაიდო. უფრო ადრე „ტალიონის“ აქციათა 10 პროცენტი კომპანია Selinos Holding B. V.–მ იყიდა, რომლის მფლობელების ვინაობა უცნობია.

დანარჩენი ქონების გაყიდვა უკვე სარისკოა და უცებ… ალექსანდრე ებრალიძეს საქართველო და ამ ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები მოაგონდა.

განაცხადი საკმაოდ სერიოზულად გაკეთდა, ისე, რომ ებრალიძის პრეტენზიას კრემლის ოფიციალური პროექტის სახე ჰქონოდა. ებრალიძემ დეტალებიც არ დაივიწყა. ქართველი მკითხველისთვის უცნობია, რომ ებრალიძემ გვარი გადაიკეთა. ისიც უცნობია, თუ რატომ მოიქცა ასე. ერთი შეხედვით, მისი გვარის რუსული შესატყვისის: Ебралидзе–ს გადაკეთება Эбралидзе–დ, თითქოსდა, რუსული გრამატიკის და მართლწერის საკითხია, მაგრამ ეს ნაბიჯი სცილდება მართლწერის წესებს და პოლიტიკაში გადადის.

რუსულ საძიებო სისტემებში Ебралидзе–ს ჩაწერისთანავე დაუნდობელი და, დოჩანაშვილის ტერმინი რომ ვიხმაროთ, პირშიმთქმელური ინტერნეტი მაშინვე ებრალიძის კრიმინალურ წარსულს და „ალიკ–ბაზარს“ ამოყრის, ხოლო თუ Эбралидзе–ს ჩაწერთ, „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესს“ და მსგავს კულტურულ ორგანიზაციებს ამოგიგდებთ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ალექსანდრე ებრალიძის კანდიდატურა მოწონებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ პლანეტის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ქართველისთვის.

რაც შეეხება კრედიტორებს, რომელთა უმრავლესობა რუსები არიან და, შესაბამისად, სახელისუფლებო წრეში გავლენიანებიც, მათ კარგად უნდა დაინახონ, რომ ებრალიძე განსაკუთრებულ დავალებას ასრულებს – დააბრუნოს საქართველო რუსეთის გავლენის სფეროებში. ამიტომაც, 2013 წლის იანვრამდე ასეთი „შტირლიცისთვის“ ფულის მოთხოვნა ცოტათი უხერხულია, მერე კი ან ეკონომიკის ქარი დაუბერავს სხვა მხრიდან, ან თვითონ ბატონი ებრალიძე მოიფიქრებს რამეს.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი დარეგისტრირების, დარეგისტრირების შემდეგ კი არჩევის შანსები ძალიან მიზერულია, მაგრამ ებრალიძეს არც ეს, არც საქართველოს მოქალაქეობის არქონა და არც ის, რომ საქართველოში არ ცხოვრობს, ხელს არ უშლის, თავი მომავალი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გამოაცხადოს. ამ ამპლუაში მან უკვე გეგმის პრეზენტაციაც ჩაატარა, რომელსაც ასე ერქვა: „საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზები მიხეილ სააკაშვილის ეპოქის შემდეგ“… ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ ყველა თავისებურად უბერავს…

და კიდევ: თუ ძმა ხარ, ნუ კოპწიაობ მაგ სურათთან, თორემ იტყვიან მერე: სად ერეკლე და სად… ებრალიძე!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: