უგულწრფელესი წერილი ტაციტას

არც ვიცი, ახლა რა მომინდა – შენზე წერა თუ შენი მოფერება, მა…

ლამისაა, შევიდე იმ ოთახში, სადაც ახლა მშვიდად და თბილად გძინავს, მოფერებით, ფრთხილად გაგაღვიძო და შენს ლამაზ, მეტყველ თვალებში ჩაგხედო. რა ტევადი მზერა გაქვს, მა, რა სუფთა მზერა, ცხოვრების მტვრით ჯერარავსებული, დაწმენდილი თვალები და როგორ უსიამოდ წაგრძელებული სახით ვჩანვართ ყველანი, ვინც შენს თვალებში ვიხედებით…

დაწმენდილი, სუფთა ჭაა შენი თვალები, მა, კრიალა ზედაპირით…

არა, აღარ გაგაღვიძებ, მაგრამ ისე ნათლად წარმოვიდგენ, როგორ გაღვიძებ და გეფერები, რომ შენი მოფერების სურვილით მაჟრიალებს კიდეც:

ჯერ მიმოიხედავ, მერე სახეში შემომხედავ, მხოლოდ შენეული ღიმილით გაიღიმებ და უცებ წყნარად იტყვი: „მამაააა“ და ორ უნაზეს ტორს მარცხენა და მარჯვენა ბეჭზე დამაყრდნობ, პაწუკა თავს კი მხარზე დამადებ და, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გეძინება, გაბმულად იტყვი: „ნანაააა“.

მერე თავს აწევ, ისევ სახეში მომაჩერდები, ტუჩებს გამოწევ, ჩემს ლოყას ოდნავ, სულ ოდნავ შეახებ, სწრაფადვე აწევ და მერეღა იტყვი: „მპაააააა’ – ისე ლამაზად ყოველივე ეს….

მერე მეორე ოთახში გავალთ და უკვე იცი, რაც უნდა გააკეთო – ხატებისკენ იშვერ ხელს. ახლოს მივდივართ და თამარის ნაჩუქარ, ხისგან გამოთლილ, პატარა, კვადრატულ ნაჭერზე ლამაზად დამუშავებულ ღვთისმშობლის ხატს ვიღებ და გაძლევ. უკვე მერამდენედ, ხელში ატრიალებ, მერე დააკვირდები და… იქ არის, კი – ყრმა იესოს დანახვაზე სახე გინათდება და ამბობ: „ბა!“ – გიხარია, რომ ისევ იქ, ანუ, ისევ შენთან არის…

ხატი ტუჩებთან მიგაქვს, იმავე პრინციპით კოცნი, როგორც მე მკოცნი ხოლმე, მერე კი ხატი ჩემი ტუჩებისკენ მოგაქვს. როცა მეც ვაკოცებ, ხელებში მაძლევ, რომ ისევ ძველ ადგილას დავაბრუნო. არავის უსწავლებია, მაგრამ ეს ერთადერთი ნივთია, რომელსაც შენივე სურვილით ელევი, უყოყმანოდ და დაუნანებლად…

შენი ბუნჩულა ლოყა ჩემს სახესთან ახლოსაა და ძლივს ვითმენ, რომ მსუბუქად არ გიკბინო, მა!

კოცნას ვჯერდები, ოღონდ, არაერთს… მერე, უკვე საბოლოოდ გამოფხიზლებულს რომ გხედავ, ილიებით გიჭერ,  თან ვითვლი და თან ყოველი მომდევნო რიცხვის წარმოთქმაზე ოდნავ მაღლა გწევ… უკვე იცი ამ „ტრიუკის“ ფინალი და როცა დათვლას ვიწყებ, თვალებში უთვალავი ჭინკუშა აგითამაშდება ხოლმე… როგორი, საყვარლად ჭინკური ღიმილი გაქვს, მა…

იცი, დღეში რამდენჯერ მახსენდება  ეგ ღიმილი და რამხელა ძალას მმატებს?

დათვლას ერთიდან ვიწყებ, …ცხრა, ათი და… თეერთმეტი – და შენ ჰაერში ხარ… ამ დროს როგორი, შიშნარევი სიცილი გაქვს, ახლაც ყურებში მიდგას…

მერე გავერთობით, სხვადასხვანაირად: ჩვენებურ ტანგოს ვიცეკვებთ, მუხლებზე დასმული „აჩუ, აჩუ, ცხენოს“ შემოვძახებთ, მერე მე „დაგლევ“, ანუ შესრუტვით გაკოცებ და შენ სასაცილოდ მომბაძავ, მერე ღუმელს მივეფიცხებით და შენ, ვითომ თითდამწვარ (ერთხელ მართლაც დაგეწვა თამაშ-თამაშში) ხელს ტუჩებთან მომიტან და თვითონვე იტყვი: „ჰუუუუუ“…

უკვე იცი, მონატრება რა არის, როცა მთელი დღის უნახავს გვნახავ. შენი გაგრძელებული „დედააა“ და მოკლედ, ავტომატის ჯერივით ნასროლი „მა-მა“ იცი, როგორ მეღვრება სულში?

ან, როცა გავლას ცდილობ და ტანის სასაცილო მოძრაობით გიწევს წონასწორობის დაცვა… ეცემი, დგები, მიბობღავ, ებღაუჭები, ადიხარ, ძვრები, გინდა, აღწევ… ცხოვრებას სწავლობ და ვერ ამჩნევ ჩემს ხელს, რომელიც ახალფეხადგმულს მიგაცილებს, რომელიც მზადაა, იქიდან შეგეშველოს, საითკენაც გადაიხრები, ბურჯად შეგიდგეს… ნუ გეშინია, მა, სანამ ვარ, ეს ხელი ასე შემოგევლება უხილავ რკალად და დაცემის ნებას არ მოგცემს, ან კიდევ, თუ დაეცი, წამოგაყენებს და ცრემლებსაც მოგწმენდს, როცა ატირდები…

გპირდები, მა! – ასე იქნება, სანამ გეყოლები და, როცა აღარ გეყოლები, უკვე შენ შემოავლე შენს სისხლს და ხორცს შენი ხელები…

მინდა, ძალიან მინდა და ხშირად მინდა შენთან ყოფნა, შენ ხომ მამშვიდებ… როცა მეხუტები, მეტიტინები, მანერებით მესაუბრები, როცა ჩემს მხარზე გიდევს თავი, მაშინ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ: დანარჩენი შვილებიც – შენი ძმები, დედაც, მამაც, ძმაც… თუ ნიოც ჩვენთანაა, ხომ აღარაფერი მინდა მეტი და იმდენად ბედნიერი ვარ, სული თბება, ირგვლივ ჰაერი დიდებული აურით იმუხტება…

მე მიხარია, რომ შენ მყავხარ, მა!

მამას სიხარულო, ჩემო ტაციტა – გმადლობ, რომ მოხვედი ჩემთან…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: