”ესაც ჩვენი მოგებული ომი!” – დევნილი ქართველი ჟურნალისტის ანტიქართული ”შედევრი”

რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო საშუალებამ, მოგვიანებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა  ინტერნეტ–გამოცემა „ოსტელერადიომ“ გაავრცელა ცნობა სათაურით  „ქართველი ოპოზიციონერის ფილმს სამხრეთ ოსეთზე, აჭარის ტელევიზიით უჩვენებენ“.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარია „ტელეჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის ფილმზე, რომელმაც გასულ წელს პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში მიიღო“.

„ფილმი პირველად გაიგზავნა საქართველოში და მას აჭარის ავტონომიაში მცხოვრები მოსახლეობა ნახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიის ხელისუფლებას შარშან სთხოვა, მიზეზად კი მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნა დაასახელა. ვახტანგ კომახიძის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, ბოლომდე მიიყვანოს დოკუმენტური ფილმის გადაღება და მეტიც, ამ ფილმზე მუშაობის გამო სდევნიან კიდეც. შვეიცარიამ კომახიძის თხოვნა დააკმაყოფილა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ შვეიცარიაში გამგზავრებამდე ვახტანგ კომახიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომზე საკუთარი ფილმისთვის მასალები იქაც გადაიღო. შვეიცარიაში ვახტანგ კომახიძემ საბოლოოდ დაასრულა ფილმზე მუშაობა და მას „ესეც ჩვენი მოგებული ომი!“ დაარქვა.

რასაკვირველია, 45–წუთიანი „დოკუმენტური“ ფილმის მსვლელობაში ვერსად შეხვდებით ფრაზას: „საქართველო–რუსეთის ომი“. იქ ამ ომს, უბრალოდ, „ქართული აგრესია“ ჰქვია, – ანუ, ზუსტად ისე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსული საინფორმაციო საშუალებები უწოდებდნენ.

ფილმში საქართველო აგრესორად, ქართველი ჯარისკაცები კი პირსისხლიან ჯალათებად არიან გამოყვანილნი, რომლებიც თავს დაესხნენ მძინარე ქალაქ ცხინვალს და იქ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები სარდაფში უმოწყალოდ ამოხოცეს.

ფილმი  ამ სულისკვეთების რომ არ ყოფილიყო, რასაკვირველია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები კომახიძეს ცხინვალში არ მიიპატიჟებდნენ და არც გადაღების უფლებას მისცემდნენ: ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველასათვის ცნობილია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ კოკოითის ხელისუფლებას,  რუსეთის სამხედრო მანქანის წარმომადგენლებს იმ რუსი თუ უცხოელი ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც 2008 წლის ომზე ობიექტური ფილმების გადაღება გადაწყვიტეს.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა ვახტანგ კომახიძის ფილმის ქართული დებიუტით და გაარკვია, რომ ფილმის ჩვენება ბათუმში გუშინ მართლაც შედგა. ისიც გაარკვია, რომ „აჭარის ტელევიზიით“ „ესეც ჩვენი მოგებული ომის“ გაშვება არ იგეგმება, თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს ფილმი ბათუმის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „25–ე არხის“ ეთერში გავიდეს.

ვახტანგ კომახიძის ფილმის პრეზენტაცია ბათუმის პრეს–კლუბში გუშინ გაზეთ „ბათუმელების“ ინიციატივით გაიმართა. სწორედ ეს გაზეთი ფლობს  „ესეც ჩვენი მოგებული ომის“ ჯერჯერობით ერთადერთ ექსკლუზივს საქართველოში.

ბათუმის „25–ე არხის“ დირექტორთან, მერაბ მერკვილაძესთან სატელეფონო საუბარში გავარკვიე, რომ ამ არხს სწორედ ექსკლუზივის არქონა აფერხებს ფილმის ეთერში გასაშვებად. ისიც გავარკვიეთ, რომ თვითონ დირექტორი ფილმის პრეზენტაციაზე არ ყოფილა, თუმცა, ეთერში გაშვებისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად სულაც არ მიაჩნია ის, რომ ფილმი ნანახი არა აქვს:

– თუ გაზეთი „ბათუმელები“ ავტორთან შეათანხმებს და ფილმის ეთერში გაშვების ნებას დაგვრთავს, რატომაც არა, გავუშვებთ, პრობლემას ვერ ვხედავ…

– რამდენად გაითვალისწინებთ ეთერში გაშვებამდე იმას, რომ ფილმი ანტიქართული შინაარსისაა?

– ვინ ამბობს, რომ ანტიქართული შინაარსისაა? მე ვიცი, რომ ეს ფილმი დოკუმენტურ მასალებზეა აგებული და ანტიქართული არ არის. თქვენ თვლით, რომ ანტიქართულია?

– პირადად თქვენ თუ გაქვთ ფილმი ნანახი?

– არა, მე ნანახი არ მაქვს…

– მაშინ, რის საფუძველზე ასკვნით, რომ ანტიქართული არ არის?

– მოსმენილი მაქვს ავტორიტეტული ჟურნალისტებისა და ექსპერტების აზრი ამ ფილმთან დაკავშირებით და ასეთი შეფასება არავის გაუკეთებია…

– შეგიძლიათ იმ ავტორიტეტული ჟურნალისტებიდან და ექსპერტებიდან რამდენიმე ჩამომითვალოთ?

– იგივე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჟურნალისტები, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქცია, მისი მთავარი რედაქტორი „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ საბჭოს წევრია. ესენი ჩემთვის ავტორიტეტული ჟურნალისტები არიან…

– ეს – ჟურნალისტები.  ექსპერტები?

– ექსპერტებიც არანაკლებ ავტორიტეტულები არიან, ყველას ვერ ჩამოგითვლით…

– ესე იგი, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს ფილმი მაქსიმუმ ანტიქართული და, მინიმუმ, პრორუსული არ არის?

– მე არ მიმაჩნია, რომ ანტიქართულია. ეს არის ჟურნალისტის მიერ გადაღებული, დოკუმენტურ მასალებზე აგებული ფილმი. არაფერი ანტისახელმწიფოებრივი მასში არ არის. იმას კი არ ვამბობ, რომ თვალდახუჭული გავუშვებ და ეთერში გასვლამდე არ ვნახავ, მაგრამ არა მგონია, მასში რამე ანტისახელმწიფოებრივი იყოს..

სხვათა შორის, ვახტანგ კომახიძეს თავისი ფილმი რუსეთის სხვადასხვა ტელევიზიაშიც ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა, მისი ეთერში გაშვებისგან იქაც კი თავი შეიკავეს. რასაკვირველია, მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ფილმი ანტიქართული შინაარსის იყო. უბრალოდ, რუსულმა სოლიდურმა ტელეკომპანიებმა ჩათვალეს, რომ მაყურებელს ფილმი იმაზე მეტს ვერაფერს ეტყოდა, რასაც თავიანთი, ქართველებისადმი სიძულვილით გაჟღენთილი სიუჟეტები ეუბნებოდნენ 2008 წლის აგვისტოში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: