გასული კვირის მიმოს ხილვები

კირილე მიმინოშვილი

ერთი წლის შვილიშვილი მყავს, ტიტინს ახლა იწყებს და როცა ხუთ თითს გავუფარჩხავ ცხვირწინ, ცდილობს ისე დაითვალოს, როგორც ვასწავლი ხოლმე, მაგრამ „ეთი, ოი“-ს მეტს ვერ ქაჩავს. მერე ისევ ხელახლა იწყებს და ისევ ვერ ქაჩავს ორზე მეტს. სწორედ მისი მცდელობა მახსენდება, როცა ამ ჩვენს ოპო-ბელადებს ვუსმენ, გაზაფხულამდე თვეებს რომ თითებზე ითვლიან და ორ თვეზე მეტს ვერ ქაჩავენ.

თუნდაც, სუბარად ქცეული სუბელიანი, სოზარა. გასულ კვირას ასე თქვა, გაზაფხულზე ეგვიპტიდან მერცხლები ბრუნდებიან და თან რევოლუციის სურნელი მოაქვთო. შე ნასოსდაკარგულო, ჩემი შვილი პატარა მაინცაა და ახლა სწავლობს, ეპატიება – ამხელა კაცს რა გაგიჭირდა ისეთი, რომ ორს ზემოთ ვერ ითვლი… კაი, გასულა ეს ორი თვე და მოფრენილან ეგვიპტიდან რევოლუციის სურნელიანი მერცხლები, ვერ უნდა დაითვალო, მერე რა იქნება – სამი, ოთხი, ხუთზე?

იქაური რევოლუციის სურნელი სისხლია და კი ხარ სისხლის აღების მხარიდან, მაგრამ გვაკლია ახლა, ვითომ ჩვენ, სისხლი?

რა, მაინც როგორ დაუჟინიათ ეს რევოლუცია, როგორც იმ ჩემმა ცოლისძმამ- პლატონ სამანიშვილმა დაიჟინა – სამნაქმარევი და უშვილო ქვრივი მინდა მამაჩემისთვისო? ერთი მაგან იპოვა და მეორე ესენი იპოვიან კიდე…

არადა, ყველამ რომ ახლა გამოიღვიძა გამოზამთრებული დათვივით? დათვი ტყუილად კი არ გამხსენებია – დავითაშვილმა განაცხადა გასულ კვირას, მიტინგები მომწყინდა, აზრი არა აქვსო. ამას რომ ამბობდა, ისეთი „გავძეხი“ სახე ჰქონდა, მეგონა, იტყოდა, „ნავერტილე“ მომწყინდაო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – მიტინგებიო.

გასულ კვირას, ფასები ისევ იზრდებოდა და ისევ აქტუალური იყო სასურსათო ვაუჩერზე საუბრები. ჩემი მეგობრის სახლში შევესწარი ორი დიასახლისის კამათს. ერთი ირწმუნებოდა, ეს ვაუჩერი ერთი ხორციანი ბორშჩისთვის საჭირო ბოსტნეულს და ხორცს ვერ მიყიდის, რა თავში ვიხლიო, მეორე კიდევ, სულ კაპიკ-კაპიკ ანგარიშობდა ამ წვნიანისთვის საჭირო ინგრედიენტებს და პირველს ამუნათებდა.

ალბათ, დიდხანს იდავებდნენ, ჩემს მეგობარს ორივე რომ არ დაეშოშმინებინა – ორშაბათს უკრაინულ რესტორანში წაგიყვანთ, ერთი „პორცია“ 7 ლარი ღირს და ორ-ორს გაჭმევთ, ეგ ვაუჩერი კი მე მაჩუქეთო. არა, რომ ვაკვირდები, მაინც რა უმადური ხალხი ვართ ქართველები – აბა, ვინმემ იანგარიშა, რამდენ ოჯახსაც ეს ვაუჩერი გადაეცემა, იმდენი 30 ლარით რამდენჯერ შევიდოდა „სუში ბარში“ მაგის დამრიგებელი? მოიკლო კაცმა და არ ვუფასებთ. ეგრე არ არის, შვილოსან, დაუნახაობა არ შეიძლება…

გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში ვნახე, მსოფლიოში ყველაზე მსმელი ქვეყნების სია იყო გამოქვეყნებული და თვალებს არ დავუჯერე: რაც მე ღვინო დამიწურავს საწნახელში, რა განსხვავებულებიც ჭინჭილებით, ფიალებით, ყანწებით, ლამპის შუშით, კრამიტით და ჩვენი სოფლის ტურფის – ელპიტეს ლიფით დამილევია, ღვინოდ კი არა, წყლად ჩაუთვლიათ მსოფლიო ჯანდამცველებს. „რაპორტში“ ეწერა, ყველაზე მსმელი ხალხი მოლდაველები არიან მთელ მსოფლიოშიო. საპატიო ადგილს ვინ დაეძებს, ათეულშიც არ ვიყავით შეყვანილი ქართველები.

მართალი გითხრათ, აღვშფოთდი და სასწრაფოდ ვაფრინე ორგანიზაციაში საპროტესტო წერილი – შემიგროვეთ თქვენს მიერ დასახელებული ათი ქვეყნის ათი საუკეთესო მსმელი, პურ-მარილი ჩემზე იყოს და, კაცი არ ვიყო, რამდენსაც ეგენი დალევენ, მე თუ მაგდენი ძმარი არ დავასხა სალათაზე-მეთქი. პასუხი არ მომსვლია ჯერ. პლატონი მეუბნება, ძმარი რამ დაგაწერინა, ალბათ, ვერ თარგმნეს და დღემდე უკირკიტებენო.

გასულ კვირას, ლალი მოროშკინამ დაანანონსა, ძალიან მალე ჩემი წიგნის პრეზენტაცია მექნებაო. „უსექსობა პატარა ქალაქში“  დაურქმევია თურმე. წიგნის სათაური არ ჰქონდა ბოლომდე დასახელებული, რომ ყველა მხრიდან შეუტიეს და იძახდნენ, ეგ ქალი სულ ცდუნებაზე, სექსზე და შიშველ სხეულებზე როგორ უნდა ლაპარაკობდესო. არადა, ვერ გავიგე, რას ერჩოდნენ: რაც იცის, მაგაზე ლაპარაკობს, ბევრისგან განსხვავებით…

გასულ კვირას, გარი კასპაროვი ჩამოვიდა საქართველოში და აქუმ, არც აცია, არც აცხელა, თავის ტელევიზიაში მიიწვია. მეგონა, ჭადრაკს ეთამაშებოდა, მაგრამ მაგდენი ვერ გარისკა და დაფიცებით შემოიფარგლა – „კლიანუს, ია ვას ოჩენ უვაჟაიუ“-ო, უთხრა. კიდევ კარგი, „გრეჩიხა“ არ ჰყავდა მოწვეული, თორემ ისიც ეტყოდა, „უვაჟაიუო“, ოღონდ, დაფიცების ნაცვლად, დაიგინებდა. მერე ვიღაცამ დარეკა პირდაპირ ეთერში და კასპაროვს მიესალმა, მიხარია, საქართველოში „სამომ დემოკრატიჩესკომ“ არხზე რომ გხედავო.

არ ვიცით, დაიჯერა თუ არა კასპაროვმა აქუს ფიცი და ის, რომ აქუვიზია დემოკრატიის ოაზისია, მაგრამ ჩემი წყაროებით გავიგე, იმ დღეს აქუს თავისი ტელევიზიის კომპიუტერის დირექტორისთვის დაუვალებია, უკანა ფონი რომ „ტრიალებ, ტრიალებს, ტრიალებს“, გააჩერე, იმ ქალმა კასპაროვის ეთერში ყოფნის დროს არ დამირეკოს და თავი არ მომჭრასო. თანაც, პირობა მიუცია, ეთერში არ დამეძინებაო.

გასულ კვირა,ს მოსკოვიდან ალექსანდრე ებრალიძემ აფრინა ღია უსტარი საქართველოს პრეზიდენტთან. უსტარში ალიკამ “იბაზრა”, საქართველოს მოქალაქეობა მინდა, რამდენჯერ ვითხოვე და არ მაძლევენო, თანაც იკითხა, ჩემი ასე რატომ გეშინიათო. შე მამაცხონებულო, შეგვეშინდება, აბა, რა იქნება – წეღან ვკითხულობდი, „აბრეზი“ იმდენჯერ ჩაგირტყამს ადამიანისთვის, სანამ გონება არ დაკარგა და, მინდა ახლა მე კრიმინალი პრეზიდენტი? შენ, ძმაო, დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონია?..

გასულ კვირას კურილიის კუნძულებზე კინაღამ მაგარი თაქი აიწია. რუსეთი იძახის, ჩემიაო და იაპონია კიდე – ჩემიო. ზოგს „მისტრალი“ გაახსენდა, ზოგს ხიროსიმა და ნაგასაკი, მე კიდევ, ის მახსენდებოდა, ჯერ კიდევ როდის თქვეს გურულებმა – იაპონია რამდენიც ზემოთაა, ორი იმდენია ქვემოთო…

გურულებს მხოლოდ ამერიკელებმა დაუჯერეს და კურილიის კუნძულები იაპონიისაო, ხმამაღლა თქვეს. თავის მხრივ, იაპონელებმა თქვეს, რუსები თუ ასე გააგრძელებენ, ქართული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს გადავხედავთო. აი, რა სარგებლობა მოაქვს კურილიას…

გასულ კვირას, ბათუმის ტელევიზიამ ვახტანგ კომახიძის „ესაც ჩვენი მოგებული ომი“ გაუშვა ეთერში. დაუფასდა შრომა იმ ბიჭს, რას ერჩით – ჯერ „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენი უბაგუნეს ბათუმში, მერე უშიშროებაში მუშაობდა და იქ ვერ დააფასეს, რამხელა პიროვნება ჰყავდათ, მერე ომმა მოუსწრო და ომზე ისეთი „ობიექტური“ ფილმი გადაიღო, თვითონ რუსებმაც კი შორს დაიჭირეს, აშკარად ტენდენციურია და ვერ გავუშვებთო. არადა, კომახიძემ მაგ ფილმზე აიწყო ცხოვრება:

ჯერ იყო და გადაღების დროს  ცხინვალში ხაბიზგინები ჭამა, თანაც, შვეიცარიაში წერილი აფრინა, ობიექტურ ფილმს ვიღებ ომზე და საქართველოს ხელისუფლება მდევნის, იქნებ, თავშესაფარი მომცეთო. ორასმეორე ხაბიზგინას ჭამდა თურმე, დასტური რომ მოსვლია და წავიდა კიდეც, ოჯახთან ერთად. ჰოდა, იქ დაასრულა ფილმზე მუშაობა და ექსკლუზივის უფლებით გამოგზავნა ბათუმის „25 არხზე“…

გასულ კვირას თბილისში, როგორც იქნა, მოვიდა თოვლი. თბილისური თოვლი მოვიდა, სველი და უვარგისი, მაგრამ ბავშვებს მაინც უხაროდათ. საუკეთესო ხარისხის მერე მოვა, თუ ჭკვიანად ვიქნებით და დავიმსახურებთ. ახლა წავედი მე სოფელში, გადევნებთ იქედან თვალყურს და გეახლებით მომავალ ორშაბათს ისევ.

ჩემს გამო ბენზინის გაძვირებაზე ნუ იდარდებთ, ცხენი მყავს. ქალაქიდან რომ გავდიოდი, კი მომიცურდა რამდენჯერმე და სანამ საბოლოოდ გავცდები თბილისს,  ჩემი ომახიანი ხმით შემოვძახებ, ვისაც ეხება, გაიგონოს:

…თიყვა! მარილი არაა ქუჩაზე!..

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: