ესეც გაივლის!

დაწერილი სიტყვის ძალის ახლაც მწამს. ჩემთვის სულ სხვაა ზეპირად ნათქვამი და სულ სხვა – დაბეჭდილ–დაწერილი. რა თქმა უნდა, ტექსტს გააჩნია. ფიქრებზე, ფიქრების წერაც მიყვარს. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ერთი ჩვევა ახლაც შემომრჩა: როცა რთული პერიოდი მაქვს, როცა რაღაც ბარიერების გადალახვა მიწევს, ვჯდები კომპიუტერთან, ერთი ხელის მოსმით, წინასწარ მოუფიქრებლად და გაუაზრებლად ვკრიფავ ტექსტს, სადაც ვაანალიზებ, ჩემს თავს ვამხნევებ, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, ვიხსენებ სოლომონის ბეჭდის ამბავს(ეგ მეხმარება, სხვათაშორის), ვწერ, რომ სულ სხვაა მთავარი და ადამიანის დანიშნულებაა, ამ მთავარს მიხვდეს და ჩასწვდეს, მერე გადაუკითხავად ვინახავ ფაილს, მოგვიანებით, ასე ერთ საათში ვხსნი და ვკითხულობ.

თავის მოტყუებასავით გამოდის, მაგრამ კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც სხვამ, ჩემნაირმა და ჩემსავით უკიდეგანო ოპტიმისტმა, წერილი მომწერა და ამიხსნა, რომ გამოსავალი არსებობს…

შეიძლება ეს ძალიან სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ თუ გშველის, რატომაც არა… როგორც ჩემი საყვარელი მწერალი ამბობს, „ყველას თავისი მუღამი აქვს…“

ის ჩანაწერები თუ წერილები არასოდეს გამომიქვეყნებია. წამიშლია და მერე კი დამნანებია, მაგრამ რაღა დროს. ეს ფაილები ამითაა ცუდი – ნაწერივით კარგად და საიმედოდ ვერ შეინახავ.

ამ ჩანაწერსაც, პირველ რიგში, ჩემთვის ვწერ. ვიცი, როცა მოგვიანებით გადავიკითხავ, ნაცნობი შეგრძნება დამეუფლება, თითქოს ვიღაც ჩემნაირი მწერს. ამიტომ მაპატიეთ, თუ თქვენთვის, ვინც წაიკითხავთ, ეს ნაწერი უინტერესო აღმოჩნდება. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩემს თავს, რომ „ცხოვრება კია წვალება, მაგრამ, ცოტათი მაინც ჯობია სიკვდილს…“ ეს მე მეხმარება და თუ რომელიმე თქვენგანსაც დაეხმარება, ამას რა სჯობს.

დიდი ხნის წინ სადღაც წავიკითხე, რომ ამერიკაში ერთი ხიდია, რომელსაც, თუ არ ვცდები, „შეყვარებულთა ხიდს“ უწოდებენ. რომელიღაც ხეობაშია გადებული, დიდი უფსკრულის ორ ნაპირზე, ძალიან მაღალია და ქვეითად მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი. „შეყვარებულთა ხიდი“ იმიტომ კი არ დაურქმევიათ, რომ უკაცრიელ ადგილასაა და შეყვარებულები ეტანებიან, არამედ იმიტომ, რომ ეს ხიდი ამერიკაში პირველ ადგილზე ყოფილა შეყვარებულთა თვითმკვლელობის მიხედვით. ხტებიან როგორც წყვილად, ასევე ცალად. ანუ, სიყვარულით გულდამწვარნი.

გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს – ხიდი ძალიან მაღალია და ქვემოთკენ, გზაში, ისევ დოჩანაშვილს რომ დავესესხო, ქვაც კი გაცვდება. ერთი შემთხვევა მომხდარა რამდენიმე წლის წინ, როცა თვითმკვლელობის მსურველი გადარჩენილა. უიმედო სიყვარულის გამო გადამხტარა, მესამედი გზა უფრენია, ძლიერი ქარი ყოფილა, კიდისკენ წაუღია და კლდიდან გამოშვერილ ხეს შეუნარცხებია. ტოტებზე ეკიდა ტანსაცმლით, როცა მაშველები მოვიდნენო, ასე ეწერა.

მერე ეს ბიჭი ცოტა ხნით გმირად ქცეულა: იწვევდნენ შოუებში, პირდაპირ ეთერში, აყოლებდნენ, როგორ გადაწყვიტა, ბოლოს რა მოიმოქმედა…

მხოლოდ ერთ წამყვანს დაუსვამს ჩემთვის საინტერესო შეკითხვა, რადიოს ეთერში: რას ფიქრობდი, როცა მიფრინავდიო. ბიჭის პასუხი სამუდამოდ დამამახსოვრდა:

„ვფიქრობდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: ყველაფერს მოევლება, ყველაფერი გაივლიდა, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გარდა იმისა, რომ ახლა შენ „შეყვარებულთა ხიდიდან“ მიფრინავ…“

თქვენი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ გარდაუვალი სიკვდილის წინ სწორედ ასეთი სინანულის და მონანიების, სიცოცხლის სიყვარულის გამო დაუბერა მაშინ იმ ბიჭისთვის ქარმა…

აი, კიდევ ერთი არგუმენტი იმისთვის, რატომ უნდა იბრძოლო და რატომ უნდა უყურებდე იმედით ხვალინდელ დღეს.

„…მაგრამ, მტერს, ძმებო, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი…“ – სიცოცხლე იმითაც ფასობს, რომ, მუხრანის არ იყოს, ხომ იცი, „ღმერთი რავარია“, სანამ სიკვდილს გაიმეტებს, თავი რაიმეთი უნდა შეიქციო. ჰოდა, ეს „რაიმე“ ხან ასე გევლინება და ხან ისე…

ამიტომაც ვამბობ და მჯერა, რომ ახლა რაც მიჭირს, რაც მტკივა და რაზეც საუბარს ვერიდები, რაც ძილში მყვება და მაშფოთებს, რაც მაიძულებს, სულ ციფრები მიტრიალებდეს თავში და ხელში ტელეფონი მეჭიროს, რომ მივწერო, ვკითხო, დავურეკო – გ ა ი ვ ლ ი ს !!!

ყველაფერი კარგად იქნება!

და ჩვენ ერთად გადავაგდებთ იმ პატარა ჩანთას, მხარზე რომ გკიდია და არსად რომ არ უნდა დაგავიწყდეს. გადავაგდებთ და დავივიწყებთ! აი, ნახავ, თუ არა! მანამდე კი – ვუძლებთ და არ ვწუწუნებთ…

როცა ძალიან გჭირდება დახმარება, არსებობს წუთები, როცა შენს თავს უნდა მოუხმო – სხვა ვერავინ გიშველის. ჰოდა, ვუხმობ. მიშველის კიდეც. ეს ჩანაწერი, ეს “მე” დამეხმარება.

როგორ?

„კიდევ ერთხელ ვახსენო არაქართული სიტყვა „მუღამი“? თუ აღარ არის საჭირო?“ – გურამ დოჩანაშვილი: „ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა“.

 

4 Comments (+add yours?)

  1. veronika
    Feb 26, 2011 @ 09:03:10

    გმადლობ შენ ლამაზი ჩანახატისთვის,გული გამითბე…მართლაც მალამოდ დამედო შენი სიტყვები,სულ ერთფეროვანი და გაუსაძლისი ხომ არ იქნება სიცოცხლე?,ახლა ძალიან მიჭირს…მაგრამ შვილისთვის რას არ გააკეთებს დედა?!-გაუმარჯოს სიცოცხლეს!

    Reply

    • ბლოგი-კაატინგა
      Feb 26, 2011 @ 12:03:23

      გმადლობ, ვერონიკა, ვცდილობ კარგზე ვიფიქრო, ცუდზე არასდროს ვფიქრობ და ამაზე ზოგი მსაყვედურობს კიდეც, რეალისტი არ ხარო. არადა, ცუდისთვის შინაგანად ყოველთვის მზად ვარ და თუ რამე ცუდი ხდება, ძალიან მობილიზებული ვხდები, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდები, არ ვუშვებ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. უხეშად რომ ვთქვა, ფეხბურთის სათამაშოდ გაშვებული შვილები თუ დაბნელებისას არ გამოჩნდნენ, არ ვიფიქრებ, რომ მანქანამ გაიტანა ან გაიტაცეს…

      Reply

  2. ირმის ნახტომი
    Feb 26, 2011 @ 09:58:59

    შენი არ ვიცი და მე რაღაცებზე დამაფიქრა.

    Reply

    • ბლოგი-კაატინგა
      Feb 26, 2011 @ 12:05:06

      დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, გაიხარე… მეც ბევრ რაღაცებზე დავფიქრდი, როცა ჩემი დაწერილი წავიკითხე… ზოგადად, მუხრანს აქვს ყველაზე კარგად გადმოცემული: “ცხოვრება კია წვალება, მაგრამ, ცოტათი მაინც სჯობის სიკვდილს…” – მგონი, ამაზე უკეთ ეს აზრი არსად ამომიკითხავს…

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: