მაპატიეთ, იუნკრებო!

სტატია კი დავწერე, მაგრამ გული მაინც არ მითმენს: იქ პირადი გრძნობები და განცდები ვერ ჩავდე. ვერც სათაური დავარქვი ისეთი, როგორიც მინდოდა, თანაც, კომენტარებში პოსტერებმაც ნერვები მომიშალეს…

პათეტიკური არაფერი მიყვარს: არც ლექსები, არც სადღეგრძელოები, არც ლიტერატურა. ახლა ვიხსენებ და ვხვდები, რომ არასდროს იმ ხნის განმავლობაში, რაც ალკოჰოლურ სასმელებთან შეხება მაქვს, იუნკრების სადღეგრძელო არ დამილევია. არა, ფეხზე როგორ არ წამოვმდგარვარ საქართველოსთვის დაცემულთა ხსოვნის შესანდობარზე, მაგრამ როცა დაცემულ ბიჭებზე ვფიქრობდი, უფრო ჩემი მეგობრები მახსენდებოდნენ, აფხაზეთში რომ დაიღუპნენ (ზოგიერთები ჩემს გვერდითაც კი), ან ის ქართველი არმიელები, 2008 წლის აგვისტოში რომ შეეწირნენ სამშობლოს, მაგრამ იუნკრები – არა.

ჰოდა, რაც უნდა პათეტიკურად მოგეჩვენოთ, მე მაინც ვიტყვი, რომ გულიდან წამოსული პათეტიკა უკვე გრძნობაა და არა პათეტიკა, ამიტომ, ხმადაბლა, ნირწამხდარი ვიტყვი:

მაპატიეთ, ძმებო – იუნკრებო!

მაპატიეთ, რომ სკოლის ასაკში, 23 თებერვალს, თქვენი ხსენების ნაცვლად,  იმაზე ვფიქრობდი, რა მხიარულება მელოდა საღამოს, როცა თანაკლასელი გოგონები “ბიჭების დღის” აღსანიშნავად სადმე შეგვკრიბავდნენ და საჩუქრებს გადმოგვცემდნენ.

მაპატიეთ, რომ 23 თებერვალი დიდხანს, ძალიან დიდხანს მეგონა საბჭოთა არმიის ხსენების დღე;

მაპატიეთ, რომ მონაწილეობა მიმიღია ამ დღისადმი მიძღვნილ სასკოლო ღონისძიებებში, როგორც წარჩინებულ და ფრიადოსან მოსწავლეს;

მაპატიეთ, რომ ლექსებიც წარმომითქვამს (თუმც კი არ მახსენდება) საჭოთა არმიაზე, ხოლო ორი დღით გვიან იმაზე, თუ რა ნათელი დილა გათენდა 1921 წლის 25 თებერვალს… მაპატიეთ, რადგან ახლა ვხვდები, რომ მაშინ ხელმეორედ გკლავდით თქვენ – ერთხელ უკვე გმირულად დაცემულებს…

იმ ჩემი წინაპრების ნაცვლადაც მაპატიეთ, რომლებიც მაშინ მხარში არ ამოგიდგნენ და თავიანთი პირმშოები გადამალეს, ხოლო შემდეგ, სხვების დასანახად, ნიანგის ცრემლებით თვალებზე, ცხვირსახოცების ქნევით მიგაცილებდნენ თბილისიდან ტაბახმელასკენ;

მაპატიეთ, ძმებო, რომ აქამდე არასდროს შევჩერებულვარ კოჯორში, თქვენი ხსოვნის მემორიალთან. ისიც მაპატიეთ, რომ გვიან, ძალიან გვიან გავხსენით ეს მემორიალი და ძალიან გვიან ვუწოდეთ თქვენი სახელი თბილისის ერთ–ერთ ქუჩას…

მაპატიეთ, რომ არაფერი ვიცოდი თქვენი თავდადების შესახებ და ეს არ იყო არავის ბრალი – რა თქვენი ან ჩემი უახლოესი წინაპრების ბრალია, თუკი მე არქივში ქექვა მეზარებოდა…

მაპატიეთ, რომ პარლამენტის შენობასთან ყოველი ჩავლის დროს არ მახსენდებით;

იმ შენობაში მყოფ დეპუტატთა ნაცვლადაც მაპატიეთ, საერთოდ რომ არ იციან, შენობის კედლებქვეშ თქვენი ძვალთშესალაგის არსებობის ამბავი…

მათ ნაცვლადაც მაპატიეთ, ვისაც მიაჩნია, რომ თქვენი ბრძოლა უაზრო იყო, რომ თქვენ საზარბაზნე ხორცად გამოგიყენეს, რომ საჭირო არ იყო ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ მაინც დავმარცხდებოდით და ამიტომაც თქვენი ჩახოცვა გაუმართლებელი იყო…

მაპატიეთ, რომ ცხოვრებისეული პრობლემებისგან დაღლილს, ხშირად ჩამიქნევია ხელი ყველაფერზე, მიფიქრია, რომ აზრი არა აქვს და ამ დროს არ გამხსენებიხართ, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…

მაპატიეთ, იუნკრებო! ყველაფერი მაპატიეთ!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: