სიჩუმის ხმაური

სადღაც ამოვიკითხე, დიდი ხნის წინ ერთი უბრალო მიგნება: “ადამიანს ხმაური აღვიძებს, ფიქრებს – სიჩუმე. როგორც კი სიჩუმე ჩამოვარდება, ფიქრები იღვიძებენ და ადამიანის ისრგვლივ იწყებენ სიარულს”. ხომ დიდი ვერაფერიშვილი აღმოჩენაა, მაგრამ, რაც მართალია, მართალია – ნაღდია.

ამ სიჩუმეში, როცა ფიქრებმა გაიღვიძეს და ჩემს ირგვლივ სიჩუმის ხმაური დადგა, მოსე ბაბუა გამახსენდა. ბაბუაჩემი არ გეგონოთ, მეზობლად მცხოვრები ბერიკაცი იყო, ზუსტად თავის დაბადების დღეს და ზუსტად მაშინ გარდაიცვალა, როცა ასი წლისა მოიყარა. ძალიან საინტერესო ბაბუა იყო, მახსოვს, ბავშვობაში, თანატოლებთან თამაშის ნაცვლად, ბევრჯერ მივსულვარ მის სახლში რაღაცის მომიზეზებით. ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული ეზოში და წეკოს ეწეოდა ხოლმე.

ჩემი გამოჩენა უხაროდა. რატომ ეწყინებოდა, როცა თვითონ ლაპარაკი უყვარდა, მე – მოსმენა. ვისხედით და ის მიყვებოდა, მე ვუსმენდი. მერე მივხვდი, რომ ოჯახში, ალბათ, აღარ უსმენდნენ, მისი აზრი არ აინტერესებდათ და ჩემთან საუბარში ირთობდა თავს. როგორი მოყოლა სცოდნია, აქამდე რომ მომყვა მისი ნაამბობის უმრავლესობა, ეს უკვე თავად განსაჯეთ. ჩემი მეხსიერებით ნუ აღფრთოვანდებით, ამ მხრივ დიდი ხვითო არ გახლავართ. უფრო მთხრობელის ეფექტურ თხრობას მიაწერეთ.

ძველ ისტორიებს მიყვებოდა, ადამიანურს და გულშიჩამწვდომს. ვერ გეტყვით, თვითონ იგონებდა თუ ვინმესგან ჰქონდა გაგონილი. წაკითხვით ვერსად ამოიკითხავდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კითხვა არ იცოდა. არ ვაჭარბებ, იყვნენ ჩემს ბავშვობაში ეგეთი ხნიერი ბებიები და ბაბუები, მე რომ ბაბუა გავხდები და ელექტრონული ბიბლიოთეკა მექნება გადაბულბულებული, ეგრე არაა საქმე.

ჰოდა, იმას ვამბობდი, ამ მოსე ბაბუამ უამრავი ამბავი იცოდა. არ მეზარებოდეს, კაი ნოველების კრებული გამოვიდოდა. დავარქმევდი “მოსე ბაბუს ამბები”, და გავყიდდი. რატომაც არა. მაგაზე პენსიის მერე ვიფიქრებ, თუ დავინახე, რომ მაშინაც დააინტერესებთ მოსე ბაბუსნაირები.

სამეგრელოში ერთი კაცი მეორის მოსისხლე მტერი ყოფილა თურმე და მისი მოკვლა გადაუწყვეტია. ცხადია, პოტენციურმა მსხვერპლმა და მისი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ კარგად იცოდნენ. შურისმაძიებელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა. “გასასაღებელი” თავს არიდებდა თურმე. მაშინ ისე კი არ ყოფილა, როგორც ჩვენთან, სულ ცოტა ხნის წინ იყო:  ქუჩაში რომ 18 წლის ბიჭისთვის მხარი გაგეკრა და დანას გაგიყრიდა – რაღაც კრიტერიუმები და მორატორიუმებიც კი არსებულა, ანუ დრო, როცა კაცის მოკვლა ასე ჰაიჰარად არ შეიძლებოდა.

ერთ მშვენიერ, უმთვარო ღამეს შურისმაძიებელს აუღია ორლულიანი სანადირო თოფი, ჩაუდვია შიგ ტყვიები და იმ განწყობით გასულა შინიდან, რომ დღეს მოსისხლე აუცილებლად უნდა მოეკლა. მეზობლების ყანა-ყანა უვლია, არავის რომ არ დაენახა და ასე აღმოჩენილა “ობიექტის” ყანაში. დაახლოებით იცის, რომ სახლშია. სიმინდი მაღალია, ცხენიან კაცს დაფარავს, ამიტომ, თოფიანმა ის ადგილი აირჩია, რომელიც ფეხსადგილისკენ მიმავალ გზას აკონტროლებს. ფეხსადგილები მაშინ გარეთ იყო. შურისმაძიებელს ლოგიკურად უფიქრია, როგორც კი ტუალეტისკენ წავა, გავაგორებო.

როგორც უმრავლესობას, იმ პირისაგან მიწისა აღსაგველ კაცსაც ყანა და ფეხსადგილი სახლის უკან ჰქონია. შეიარაღებული ზის “მასპინძლის” ყანაში და სახლიდან მის გამოსვლას ელოდება. სახლთან ისე ახლოსაა, ბილიკზე წამოსულ კაცისთვის ლულის მიშვერისა და გასროლის გარდა არაფერი დარჩენია.

ამ დროს სახლის უკანა, მოფარებული კარი იღება და ცოლ-ქმარი ჩნდება. როგორც ეტყობა, მამაკაცი თავის გადაბანას აპირებს. ცოლი ვარცლს უდგამს და იქვე, თავთით უკიდებს ნავთის ლამფასაც. მომხდური გახარებულია: ოციოდ მეტრში მისი სამიზნეა, კარგად განათებული.

მშვიდად, აუღელვებლად დაუმიზნა მსხვერპლს თოფი და უნდა ესროლა კიდეც, რომ მის ყურს იმ კაცის ცოლის სიტყვები მოხვდა: “შე მიწადასაყრელო, ხომ იცი, რომ მტერი გყავს, განათებულ ადგილას რატომ იბან თავს?”. “გაჩუმდი, დედაკაცო!”- პასუხობს კაცი და მისი სიტყვები ჩასაფრებულს ესმის, – “რასაა, რომ ბჟუტურობ, განა მე ისეთი მტერი მყავს, შიშველს რომ მესროლოს?”

ამ სიტყვების გაგონებაზე სასხლეტზე საჩვენებელ თითდადებული მომხდური ჩაფიქრებულა. ცოტა ხნის შემდეგ ორივე ტყვია ამოუღია თოფიდან, გატრიალებულა და წასულა, სხვა დროს ვიძიებ შურსო.

ამ ამბის მოყოლის შემდეგ მოსე ბაბუა აუცელებლად დააყოლებდა: აი, რა დამიანები გვყავდნენ, ახლა ასეთები სად არიანო…

 

 

2 Comments (+add yours?)

  1. ირმის ნახტომი
    Feb 26, 2011 @ 17:55:25

    ძალინ მიყვარს ასეთი ამბები. კიდევ დაწერე რა.

    Reply

  2. ბლოგი-კაატინგა
    Feb 28, 2011 @ 18:51:57

    აუცილებლად:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: