თებერვლის ბოლო კვირის მიმოს ხილვები

გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი, ეგვიპტიდან გამოფრენილი მერცხალი კი საქართველოში უნდა გამოჩნდესო – იმუქრებიან ოპოზიციაში. თუმცა, ერთი მერცხლის ჭიკჭიკი ვერც გაზაფხულს მოიყვანს და ვერც ხელისუფლებას დაამხობს. არადა, ვინ იცის მერამდენედ ჭიკჭიკებენ ოპოზიციაში – გაზაფხულზე აქციებს ვიწყებთო.

გაზაფხულზე დაიწყებენ და… ისევ ჩაფლავდებიან. „ვეებერთელა აქციების ტალღას“ ისევ საშემოდგომოდ გადაიტანენ, მერე შემოდგომის სეზონიც ჩაუფლავდებათ და ისევ გაზაფხულის იმედად რჩებიან… წრეზე სიარული ზოგიერთისთვის 12 მილიონის მომტანია, ბეჩავი ხალხისთვის კი – ვინ იცის, მერამდენე იმედგაცრუების.

ლიბიაში კი, ერთი ბებერი კადაფი ვერ გაისტუმრეს მემუარების საწერად. მუამორი კი გამოდგა კაი კერკეტი კაკალი, ჩვენს შორის რომ დარჩეს. ცეცხლი გიჭამიათ და ნავთი დაგიყოლებიათო, ასე შეუთვალა აჯანყებულებს. მე შენ გეტყვი და, აკლიათ ან ერთი და ან მეორე ლიბიაში. ისე, მანამდეც მეეჭვებოდა და გასულ კვირას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კადაფის გენეტიკას რაღაც შეხება აქვს საქართველოსთან. ბეჭედი მაშინ დავსვი, რომელიღაც გაზეთში რომ წავიკითხე, კადაფიმ ლიბიელი დემონსტრანტები დასწყევლაო – ესე იგი, ბებია ჰყოლია გურული.

გურული და არაგურული ქართველი პოლიტიკოსები საქართველოში გასულ კვირასაც ბობოქრობდნენ. აბა, როგორ შეიძლება, სხვა სიტყვა მოუძებნო ლეიბორისტთა მიმართვას, კვირის დასაწყისში რომ მთაწმინდიდან გააკეთეს. მშრომელებმა ხელისუფლების “მზაკვრული” ჩანაფიქრი “გაშიფრეს” და თქვეს, ეგენი თბილისს დედაქალაქის სტატუსის გარეშე ტოვებენ  და მაგიტომ გადააქვთ სახელმწიფო სტრუქტურები რაიონებშიო. ამ კვირას მშრომელების აღმოჩენაზე „ნეტარი ჩეფჩიკა“ იშრომებს და ახალ კლიპს გადაიღებს, რომელსაც დაარქმევს: „სტატუსი გამოუშვით, ფარჩაკებო!“

გასულ კვირას ჟენია ბორისოვის და კოჭოიას იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ „იმედი“ აფეთქდებოდა, პოლიციამ ცივი წყალი გადაასხა. მართლა გადაასხა – „იმედმა“ გვამცნო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები წყლის ჭავლით დაშალეს. მოკლედ, ამ „იმედს“ ვერაფერი მოუხერხეს, რა: ჯერ იყო და, გვარწმუნებდნენ, იმედი არ იყიდებაო, ახლა კი ვხედავთ, რომ თურმე, აღარც ფეთქდება – კაშჩეი ბესმერტნივითაა.

ბორისოვის, კოჭოიას და ძმათა მისთა თვალის დასავსებად და გულის გასახეთქად, „იმედის“ ეზოში მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელებთან ერთად დადიოდა და პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ნოდარ მელაძე – ნიშნად იმისა, რომ „იმედის“ ჩამოშლის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. რაღა დაგიმალოთ და, ნოდარიკო ცოტა იმედგაცრუებული კი ჩანდა – ბომბები რომ არ  აფეთქდა.

ისე, სულ მაინტერესებდა, ვერავის ვკითხე და თქვენ მაინც მითხარით: ნავთობზე რომ იზრდება ფასები, გაძვირება საავიაციო საწვავსაც ეხება? ჩვენი პრეზიდენტი არ დაფრინავს რაღაც ამ ბოლო დროს და, რაშია საქმე? არადა, ისეთი პერიოდი მახსოვს, მიზიდულობის კანონი ვერ აჩერებდა დედამიწაზე, “დაჟე” ინდონეზიის ვულკანსაც ათქმევინა – მთელი მსოფლიო გავაჩერე და ის გიჟი ვინ იყო, თავზე რომ ორჯერ გადამიფრინაო…

გასულ კვირას კიდევ რამდენიმე ტოტი ჩამოაჭრეს იმ ხეს, რომელზეც გოგა ხაჩიძე ზის. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან რა დარჩება, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ამ ხელისუფლების ვერაფერი გავიგე: თუ მოხსნა უნდათ, მოხსნან ეს კაცი, რაღას ანერვიულებენ, მაინცდამაინც გადადგომის განცხადება უნდა დააწერინონ?

მე მგონი, რაღაც ექსპერიმენტის მსგავსს ატარებენ: გოგას ხეს ნელ-ნელა აჭრიან ტოტებს და აინტერესებთ, მაგ ხეზე ტოტების გარეშე რომ დარჩება, მაშინ თუ იქნება სიმღერების წერის ხასიათზე. მე თუ მკითხავთ, გოგას არც ეგ გაუჭირდება.

გასული კვირის ამბებს რომ ვიხსენებდი, ერთი ამბავი მწარედ მომხვდა გულზე. მეზობელი მყავს, საკუთარი მსუბუქი ავტომანქანით ტაქსაობს. სულ წუწუნებდა, დილიდან საღამომდე სახლში არ ვარ და მაინც არაფერი მრჩება, პური ძლივს მომაქვს სახლშიო. ბენზინის გაძვირებაზე ხომ საერთოდ გადარეული იყო და, მოკლედ, კარგა ხანია, ეს კაცი გაღიმებული არ მინახავს.

სამაგიეროდ, პარასკევიდან გახარებული იყო – ვენაცვალე „მარშრუტკების“ მძღოლებს, მაგათმა გაფიცვამ ცოტა ფული მაშოვნინაო – ამბობდა და თან დიდ პარკს მოათრევდა, პროდუქტებით სავსეს (“მარშუტკების” მძღოლთა გაფიცვამ ტაქსისტებს მუშტარი მოუმრავლა). მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რაც ზოგისთვის დისკომფორტია, სხვებისთვის კომფორტად შეიძლება იქცეს:

„მარშრუტკების“ მძღოლები რეისების მეპატრონეებმა გაფიცეს, ხალხს სამსახურში დააგვიანდა, ტაქსთა მძღოლებს გაუხარდათ, ყვითელი ავტობუსების მძღოლებისთვის სულ ერთია (მოჭრილი ხელფასი აქვთ), პოლიტიკოსები ამბობენ, მძღოლთა აქციას შევუერთდებითო, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ფიცი კი – ყველა მძღოლს დავასაქმებთო, მგონი, კომპანიის თანამშრომელთა გარდა, არავის სჯერა…

საქართველოა, მოკლედ…

ისე კი, არცერთ პროფესიას არ ვაკნინებ, მაგრამ „ქართული პარტიის“ წევრები რომ უერთდებიან მძღოლების აქციას და იძახიან, დღეს ჩვენ ყველანი შოფრები ვართო, მთლად ტყუილს კი არ ამბობენ – ეგენი გუშინაც შოფრები იყვნენ და, საერთოდ, პოლიტიკაში შოფრობიდან მოვიდნენ. შოფრობიდან პოლიტიკაში მოსვლა კი, ერთხელ უკვე ცუდად გვაქვს დაცდილი, თუ არ გჯერათ, ლოთი ქობალიას ჰკითხეთ…

 

2 Comments (+add yours?)

  1. gaygeo
    Mar 01, 2011 @ 00:06:47

    რა ამომწურავი პოსტია🙂

    Reply

  2. ბლოგი-კაატინგა
    Mar 01, 2011 @ 21:06:14

    მადლობა🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: