დე, გილოცავ, მაპატიე!…

ვისაც გყავთ და სულში გიზით, ვისაც აღარ გყავთ და გენატრებათ, ვინც ხართ და გიხარიათ – გილოცავთ დედის დღეს და დედაჩემის შემდეგ თქვენ გიძღვნით ამ პოსტს…

ნამდვილად არ მეთქმოდა დამჯერი ბავშვი. დედას სულ ვაბრაზებდი, მამას იმდენად ვერა – მისი უფრო მერიდებოდა. ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია, ყოველთვის მამას ვიფიცებდი, ბავშვობიდანვე. ეგ კიდევ არაფერი, ბევრისგან გამიგია მამის დაფიცება, მაგრამ როცა ჯერაც პატარას, სრულიად იდიოტურ, მაგრამ რატომღაც გავრცელებულ შეკითხვას დამისვამდნენ – დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, დაუფიქრებლად ვპასუხობდი – “მამა”. თუ ამ შეკითხვას დედის თანდასწრებით მისვამდნენ, ხმამაღლა, გამოკვეთილად ვამბობდი “მამას”, ჩემი ჭკუით, ეს შურისძიება იყო დედაზე, რომელიც უფრო ხშირად მიჯავრდებოდა, ვიდრე მამა.

დედას არ სწყინდა. თბილად, კეთილად გაიღიმებდა და ჩემს გამოხდომას ყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ მე ჯიუტი ვიყავი და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვირწმუნებდი თავს, რომ მამა უფრო მიყვარს, ვიდრე დედა. ხმამაღლაც ვამბობდი ხოლმე ამას, მაგრამ მამის თანდასწრებით არასოდეს. მგონი, ახლაც არ იცის ამ ჩემი ბავშვური აკვიატების შესახებ. ალბათ, არც დედას უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, მამას ამ თემაზე ჩემთან არ უსაუბრია და ვასკვნი, რომ არ იცოდა – წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მეტყოდა რამეს, თავისებურად.

როცა ზაფხულში ლეჩხუმში წაგვასხამდნენ და ბებია-ბაბუა-ბიძაშვილებთან გვტოვებდნენ, დედა და მამა მეორე დღეს უკან ბრუნდებოდნენ ხოლმე. ის დღე ორღობეებში ჯირითით რომ გაილეოდა და დასაძინებლად დავწვებოდით, დედა უკვე მენატრებოდა. ჯერ დედას წარმოვიდგენდი, მერე მამას და მამას უფრო დიდხანს ვათვალიერებდი წარმოსახვაში, რომ თავი მომეტყუებინა, უფრო მენატრება-მეთქი, მაგრამ არა – დედის სახე ფარავდა და თან ის სახე, იმნაირღიმილიანი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ღებულობდა, როცა მის გასაგონად ვამბობდი, მამა უფრო მიყვარს-მეთქი. გული მეკუმშებოდა, ჩემი სიჯიუტე სადღაც ქრებოდა, ცრემლებს აღარ-ც და ვეღარ-ც ვიკავებდი, სახეს ბალიშში ვრგავდი, ზლუქუნის ხმასაც ბალიშში ვახშობდი და ბალიშს ვკოცნიდი, თან ვჩურჩულებდი: “მაპატიე, დედა!..”

მთლად პატარაც არ მეთქმოდა მაშინ, მაგრამ უდედობის საღამოების დარდს ჯიუტად ვიკლავდი გულში, როცა დედა ჩვენს წასაყვანად ჩამოდიოდა, რა თქმა უნდა, არაფერს ვუყვებოდი, ლოყაზე ზერელედ ვკოცნიდი და პირველი, რასაც ვეკითხებოდი, იყო: “მამა როგორ არის?”

არასოდეს დავფიქრებულვარ, მაგრამ ამ საღამოს ამეკვიატა ფიქრი, ნეტა, გული თუ წყდებოდა? თუ, როგორც ყველა დედა, გრძნობდა იმას, რასაც გულმოდგინედ ვმალავდი? არ ვიცი, რატომ ვიქცეოდი ასე – ცივი ადამიანი არ მეთქმის და რა აკვიატება იყო ასეთი, რატომ არ ვაგრძნობინებდი დედას, რომ მიყვარდა და მენატრებოდა, რომ ქვეყანას მერჩივნა, რომ მისი მონატრება მაზლუქუნებდა ღამღამობით, რომ… ვინ იცის, რამდენი “რომ”…

მართალია, ბავშვობასთან ერთად, საბედნიეროდ, ამ უცნაურმა ახირებამაც გამიარა, მაგრამ გარდატეხის ასაკშიც გადამყვა, მერე კი, 20 წლისას, ბექა მყავდა და დედისთვის კუთვნილი სითბოს გადასაცემად უკვე ვეღარ ვიცლიდი… მერეც და მერეც, სულ… არადა, როგორ მკლებია ეს მოფერება. როგორ მდომებია ამ ყველაფრის ამოთქმა, რაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ, არასდროს არავისთვის მომიყოლია. აი, ვწერ და უზარმაზარი ლოდი მეხსნება გულიდან – მერე რა, რომ ლოდი მარილიანი ცრემლებით შეკრული ყოფილა და ახლა თვალებიდან მდის – მთავარია, გულიდან მეხსნება…

მაპატიე, დე – სულაც არ ვაპირებდი, ასე სევდიანი მილოცვა გამომსვლოდა, მაგრამ გთხოვ, დამარწმუნე, მომეფერე და მითხარი, რომ ჩემზე ნაწყენი არ ხარ და რომ ჩემს სიყვარულს შენდამი გრძნობდი… მითხარი, რომ ჩემს ვირეშმაკობასაც ხვდებოდი და რომ ისიც კარგად იცოდი, შენ რომ მიყვარდი ყველაზე მეტად…

 

დედის დღეს გილოცავ, დე…

იცოდე, ყველა დღე შენთვის მემეტება და მაპატიე, თუ ოდესმე გული მიტკენია…

 

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. netochka3
    Apr 05, 2011 @ 07:29:31

    “ვისაც გყავთ და სულში გიზით, ვისაც აღარ გყავთ და გენატრებათ, ვინც ხართ და გიხარიათ –”
    -ლამაზი სიტყვებია..
    დედი,

    რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

    დედი,

    როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

    დედი,

    ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

    დედი,

    ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

    დედი,

    როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,

    დედი,

    ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა …

    უკვდავება რომ დაიწყოს,

    ღმერთს მოსურდეს აღწერა,

    არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,

    ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

    ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,

    მაგრამ ერთის არ მჯერა:

    სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა. (გოდერძი ჩოხელი)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: