გია ბურჯანაძე VS ქაქუცა ჩოლოყაშვილი

პირველად გამოვაქვეყნე აქ

დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცნობა:
„უახლოეს პერიოდში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” “შეფიცულთა რაზმები” ამოქმედდება. როგორც “პირველს” “სახალხო კრების” პრეს-სამსახურიდან აცნობეს, “შეფიცულთა” ჯგუფს გია ბურჯანაძე  უხელმძღვანელებს. “შეფიცულთა რაზმები” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება, მათ მიზანს კი “ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის აღკვეთა და სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარება” წარმოადგენს“. – ( „პირველი“, 2011 წლის 7 მარტი)

ფანტაზიის მოშველიება დაგვჭირდება იმის წარმოსადგენად, რა რეაქცია ექნებოდა უდიდეს პატრიოტს, ნამდვილ „შეფიცულთა რაზმის“ ლიდერს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ერთი წამით რომ მამადავითიდან გადმოახედა და ენახა, რა მემკვიდრე ჰყავს თანამედროვე „შეფიცულების“ სახით, მაგრამ დღეს ფანტაზია გვერდზე გადავდოთ და გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქაქუცას „შეფიცულთა რაზმი“ და მერე იმასაც გადავავლოთ თვალი, როგორ მივიდა „სახალხო კრება“ თანამედროვე „შეფიცულებამდე“. ამ ორ, სახელით იდენტურ და სულისკვეთებით განსხვავებულ შენაერთს შორის განსხვავებასაც სწორედ ამ პარალელებში აღმოვაჩენთ.
ცოტა რამ პირველი „შეფიცულთა რაზმის“ ლიდერის შესახებ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს „შეფიცულთა რაზმის“ მომავალი ლიდერი, პირველ მსოფლიო ომგამოვლილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსების წინააღმდეგ მედგრად იბრძოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ოფიცერი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918-1921 წლებში იგი იყო ეროვნული არმიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის მონაწილე. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სათავეში ედგა საკავალერიო შენაერთს.
ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია. 1922 წლის მარტში ქაქუცა თავის შეფიცულთა რაზმთან ერთად ტყეში გავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაფერი გააკეთა საქართველოს ისტორიის უკუღმა დატრიალებული ჩარხის შემოსაბრუნებლად, 1922–23 და 1924 წლის გამოსვლები და აჯანყებები დამარცხდა, რის შემდეგაც, 1924  წელს იძულებული გახდა, თვითონაც ემიგრაციაში წასულიყო.
თურქეთსა და პოლონეთში ყოფნის შემდეგ იგი საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 42 წლის ასაკში, 1930 წელს. მისი სიტყვიერი ანდერძის თანახმად, ქაუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში უნდა ჩამოესვენებინათ და ასეც მოხდა:  2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ჩოლოყაშვილის ნეშტი და დიდი პატივით დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში.
ცოტა რამ მეორე „შეფიცულთა რაზმის“ ლიდერის შესახებ

საქართველოს დამსახურებული არტისტი, გია ბურჯანაძე თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობია. ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა დასის წევრიცაა და, პარალელურად, 2009 წლიდან, „შეფიცულების“ შეფიც გახდა.
თუ მსახიობობიდან პოლიტიკაში გადანაცვლებული გია ბურჯანაძის როლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრ ისეთ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც თავიანთი სულისკვეთებით აშკარად განსხვავებულია. რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მსახიობისთვის, მაგრამ თუ მისი დღევანდელი პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამომდინარე შევხედავთ, შესაძლოა, საინტერესო პარალელებსაც მოვკრათ თვალი, ამიტომ ამ ფილმებსა და სპექტაკლებს ერთმანეთის საპირისპიროდ დავალაგებთ:
„დემეტრე მეორე“ – „წიგნი ფიცისა“;
„გრაალის მცველნი“ – „დაკარგული საგანძურის ძიებაში“;
„ასის წლის წინათ“ – „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“;
„პილატე“ – „კეთილშობილი ავაზაკი“.
გია ბურჯანაძეს მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია სპექტაკლში: „გრაალის მცველნი“ შესრულებული როლისთვის.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, გია ბურჯანაძემ შეასრულა კოტე აფხაზის როლი ლევან წულაძის სპექტაკლში „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ – ეს სწორედ ის კოტე აფხაზია, რომელსაც „შეფიცულთა რაზმის“ შექმნის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაუკავშირდა და მასთან ერთად აჯანყებას გეგმავდა, ოღონდ, ის აჯანყებები არა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების, არამედ წითელი ოკუპაციის წინააღმდეგ იყო მიმართული…
როგორ იქმნებოდა პირველი „შეფიცულთა რაზმი“

„მომავალმა შეფიცულებმა გადაწყვიტეს რომ წინააღმდეგობის ფრონტის ბაზად კახეთი აერჩიათ და შედეგად, ისინი დაბანაკდნენ ყვარელში, წინამძღვრიანთ კარის საბაღოსნო სკოლის შენობაში. ამ პერიოდიდან მოყოლებული იწყება ზრუნვა ფარული ორგანიზაციების შექმნაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით.
მოსახლეობაში გავრცელებულმა ხმებმა, რომ ჩოლოყაშვილი პარტიზანულ რაზმებს აყალიბებსო, ხალხმა სიხარულით მიიღო და ადგილობრივი მკვიდრნი ყველანაირად ხელს უმართავდნენ მათ.
ყოველივე ამას 1921 წლის ივლისში აკეთებდნენ სრულიად საიდუმლო ვითარებაში. ყოველ სოფელში დანიშნული იყვნენ ათისთავები და ასისთავები (თანამედროვე სამხედრო ტერმინოლოგიით ათმეთაურები და ასმეთაურები). დანარჩენ საქართველოში, სადაც პარტიზანებს ხელი არ მიუწვდებოდათ ჩოლოყაშვილი აგზავნიდა სანდო პირებს და ამგვარად ამყარებდა მათთან კავშირს.
გარდა ამისა, თბილისში ჩამოყალიბდა პარიტეტული კომიტეტიც, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი მეთაურობდა. ეს კომიტეტი კოორდინაციას ახდენდა საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც მუშაობა არ შეეძლოთ პარტიზანებს. საკმაოდ მოკლე ხანში ფარულმა ორგანიზაციებმა მოიცვა არა მარტო მთელი კახეთი, არამედ დუშეთისა და გორის მაზრებიც.
პარტიზანებს ბაზად საიმედო ადგილი სჭირდებოდათ, სადაც შეძლებდნენ შიკრიკების მეშვეობით მოკავშირეების საქმის კურსში ჩაყენებას. ამ თვალსაზრისით არჩეულ იქნა პანკისის ხეობა, სადაც მათ მრავლად ჰყავდათ ნაცნობებიც და მოკავშირეებიც. პარტიზანებმა ბინა დაიდეს ხეობის სათავეებში მდებარე ვრცელ ტყეში, საიდანაც საცხენოსნო გზა გადის კავკასიონის ქედისკენ. მთელ საქართველოში გავარდა ხმა, ქაქუცა საბრძოლველად გავიდაო.“
როგორ იქმნებოდა მეორე „შეფიცულთა რაზმი“

თავდაპირველად იყო „სახალხო პატრული“ და პატრული იგი იყო მომიტინგეებთანა, მაგრამ მერე და მერე, როგორც ჩანს, „სახალხო კრების“ მესვეურებს სიტყვა „პატრული“ ეხამუშათ და ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, „სახალხო პატრული“ „შეფიცულთა რაზმად“ გადააკეთეს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „სახალხო პატრულის“ შეფის „თანამდებობაზე“ გია ბურჯანაძეს, რომელიც კანონიერი ქურდის – ლიმონას როლიდან „სახალხო პატრულის“ ლიდერის როლში აღმოჩნდა, არც მაშინ ჰყავდა რეალური კონკურენტი:
„სახალხო კრების სათათბირო ორგანომ “სახალხო პატრულის” ხელმძღვანელად გია ბურჯანაძე აირჩია. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, “სახალხო პატრულის” დებულებას და საბოლოო სახელწოდებას სამუშაო ჯგუფი დააზუსტებს. ბათიაშვილის განცხადებით, შემუშავებული აქვთ მოკლევადიანი სტრატეგია იმ მიზნების შესრულებისთვის, რომელიც სახალხო კრებამ მიიღო. “კრება კი არ მოკვდა, არამედ 25 ნოემბერს დაიბადა და მას შემდეგ აღმასრულებელი საბჭო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს”,- დასძინა მან“ („პირველი“, 2010 წლის 9 დეკემბერი).

უწყვეტ რეჟიმში მუშაობა მართლაც გაგრძელდა და ოდნავ მოგვიანებით „სახალხო კრების“ დევნილთა კომიტეტები შეიქმნა. გადაწყდა, რომ დევნილებს ცალკე ეყოლებოდათ „შეფიცულთა რაზმები“:
„დევნილთა სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის კომიტეტების დაფუძნების სამუშაო პროცესზე და შედეგებზე ისაუბრა.სხდომაზე კომიტეტის ათი ახალი წევრი იქნა არჩეული. კომიტეტის აღმასრულებელ მდივნად რევაზ ქობალია დაამტკიცეს, “შეფიცულთა” ჯგუფს ჯანიერ ღვინჯილია უხელმძღვანელებს.“  ( „პირველი“, 2011 წლის 2 თებერვალი)

„შეფიცულთა რაზმები“ არამარტო დედაქალაქში, რეგიონებშიც შეიქმნა. ყველა რეგიონის დამფუძნებელ კრებაზე უნდა აერჩიათ კომიტეტის წევრები და, ამავდროულად, „შეფიცულთა რაზმების“ ადგილობრივი ლიდერები. აი, რას იუწყებოდა „სახალხო კრება“ ხაშურის ორგანიზაციის დაფუძნების დროს:
„ღონისძიებას კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ირაკლი ბათიაშვილი და ლუკა კურტანიძე, ასევე “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესწრებოდნენ. ამასთან, შეიქმნა შეფიცულთა ჯგუფები, რომელსაც ხაშურში – ზაზა თევდორაშვილი, ბორჯომში კი ვასილ გოგალაძე უხელმძღვანელებენ. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 30-მდე კომიტეტი ფუნქციონირებს.“ ( „პირველი“, 2011 წლის 15 თებერვალი)

სხვათა შორის, „სახალხო კრებაში“ ხშირად აცხადებენ, რომ ეს რაზმები არ არის ფიზიკური ძალის გამოყენებაზე ორიენტირებული და, მით უმეტეს, შეიარაღებული ფორმირება, აქედან გამომდინარე, თითქოსდა მათი შედარება ქაქუცას შეიარაღებულ რაზმებთან და „მხედრიონთან“ ხელისუფლების მიერ შეთხზული მითია.
თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „სახალხო კრების“ ლიდერებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ თავიანთი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოთქმები ამ თემასთან დაკავშირებით და, მინიმუმ, იმაზე მაინც უნდა იზრუნონ, რომ მათი და „კრების“ ლიდერთა პოზიციები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდეს. არადა, განსხვავება რომ თვალშისაცემია, თუნდაც, „სახალხო კრების“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერის, ნუგზარ გველესიანის ამ ინტერვიუდანაც ცხადია:
„ – საზოგადოებამ უკვე იცის, რომ „სახალხო კრების“ ფარგლებში ჩვენ ვქმნით „შეფიცულთა რაზმებს“, რომელნიც მოქმედებენ საკუთარი წესდების შესაბამისად. რაზმებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს კრების ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე. ქალაქში ჩვენ უკვე გვყავს 50-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელნიც ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად იმოქმედებენ.
’’შეფიცულთა’’ ძირითადი ფუნქცია იქნება ხელისუფლების ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე ადექვატური, კონსტიტუციური და კანონიერი პასუხის გაცემა. გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, ამ ახალგაზრდების შერჩევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ისინი გაივლიან სერიოზულ მომზადებას და ამაში პირველ რიგში, იგულისხმება მომზადება სამართლებრივი კუთხით, რადგან ვიცით, თუ რა პროვოკაციებია მოსალოდნელი.
– თავად სახელწოდება ’’შეფიცულთა რაზმი’’ სხვადასხვა ასოციაციებს იწვევს. ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ’’ადექვატურ რეაგირებაში’’ ხომ არ გულისხმობთ წინააღმდეგობის გაწევას ფიზიკური ფორმებით?

– ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც 2009 წლის აქციების შემდეგ საპატიმრო დაწესებულებებში აღმოჩნდნენ იმ დანაშაულთა გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.გამოცდილება გვკარნახობს, რომ თავი დავიცვათ და ამისათვის შესაძლოა, ფიზიკური ძალის გამოყენებაც იყოს საჭირო, რათა წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას.“ – („რუსთავის ამბები“, 2011 წლის 1 მარტი).

პირველი რაზმის შეფიცვის რიტუალი

„1922 წლის მარტში, აღდგომა დღეს პარტიზანები აღნიშავდნენ დღესასწაულს და ჰყავდათ სტუმრები, უაღრესად სანდო პირები და მოკავშირეები, რომელთა შორის იყო ხევსური დიმიტრი ჭინჭარაული, რომელსაც ადგილობრივები ბაბოს ეძახდნენ. სააღდგომო ნადიმზე დიმიტრიმ, რომელიც ფრიად განსწავლული კაცი გახლდათ, მიმართა დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით:
”დღეს ჩვენ ვუქმობთ ბრწყინვალე საქრისტიანო დღეს, აღდგომას, და მასთან ერთად ბრძოლის დასაწყისს წმინდა საქმისათვის. აი, ამ მთებში ბალახმა აიტანა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ დაქნილი ბილიკები. რუსეთის უსამართლობას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვითომდა მოყვრულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც.
შენ, ქაქუცაო, შენა გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ალექსანდრე ბატონიშვილის ნათელი ბილიკები. თქვენ, რაზმელებო, ალბათ გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი თავის ირგვლივ. თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად.
თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ეს არის ჩვენი მთავარი მტერი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ. ჩვენი წინაპრების თავგანწირული ღვაწლის მეოხებით კიდევ ღვივის საქართველოს ნაპერწკალი.
ჩვენ არ უნდა ჩავაქროთ ეს ნაპერწკალი. დღეს თქვენზეა დამოკიდებული ამ ნაპერწკლის გაღვივება. მაშ გაუმარჯოს დიდი თამარის და ერეკლეს საქართველოს!”» ამას შემდეგ, ჭინჭარაულმა რაზმის წევრები ხევსურული წესით დააფიცა და სწორედ ეს მომენტი მიიჩნევა შეფიცულთა რაზმის დაარსების ოფიციალურ თარიღად.“
მეორე რაზმის შეფიცვის რიტუალის ანონსი

“შეფიცულთა” წარდგენა და ფიცის დადების ცერემონიალი 10 მარტს, 14:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.“ – ( „პირველი“, 2011 წლის 7 მარტი) …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: