მარტის პირველი კვირის მიმოს ხილვები

 

პირველად ფსევდონიმით გამოქვეყნებულია აქ

არ ვიცი, ყოფილხართ თუ არა სიტუაციაში, რაღაცის ახსნას რომ მთელი მონდომებით ცდილობ და ამასობაში იმდენად ბევრ სიტყვას ამბობ, რომ არათუ მოსაუბრე, თვითონაც იბნევი. მერე შენს თავზე ბრაზდები, ამდენი ლაპარაკი რად მინდოდა, უფრო მოკლედ და გასაგებად მეთქვაო. ჩვენს ოპოზიციასაც ასე ემართება: ხან ამბობენ, არავითარი ძალადობა და გადატრიალებაო, ხან კიდევ ხელისუფლებას უთვლიან, თუ ნებით არ ჩამოვარდებით, ძალით ჩამოგაგდებთო.

საერთოდ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ბევრ შეცდომასაც უშვებს. მაგალითად, გასულ კვირას სოზარ სუბარმა იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს რამსები აერია და რაღაც ფრაზა გაიხსენა, აკაკი გოგებაშვილმა თქვაო. ალბათ, კოკა გუნცაძეში თუ აერია. სწორად გაიფიქრეთ – სად აკაკი და სად კოკა, მაგრამ ორივეს სახელი „კ“-ზე იწყება და ორივესთან ორი „კ“ გვხვდება, ასე რომ, გაევროპელებულ სვანს რას გაუგებ…

ნათელაშვილის მიერ „ბუხრიდან ჩამოვარდნილ მაჯლაჯუნად“ წოდებულმა ეროსი კიწმარიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, ოპოზიციაში დიდხანს ყოფნას არ ვაპირებო. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა ამის გაგონებაზე მობილურები მოიმარჯვეს და ის-ის იყო, სენსაციური ცნობის გავრცელებას აპირებდნენ, რომ კიწმარიშვილმა დაამატა – იმიტომ რომ მალე ხელისუფლებაში მოვალო… „იმდენი შენ არ აგიდგა გვერდებიო“, – გაიფიქრეს ჟურნალისტებმა და დარბაზში მყოფი 200 კაციდან 132-მა, მაგრამ ხმამაღლა მაინც არაფერი უთქვამთ…

გასულ კვირას „გრეჩიხამაც“ ამოიდგა ენა და ბევრი რამ დააბრეხვა. ჯერ იყო და, აღნიშნა, სათვალავი ამერია, იმდენი ორგანიზაცია გავხსნითო. დარბაზში მყოფმა გადაცმულმა აგენტებმა კინაღამ უკარნახეს, მაგრამ დროზე დააჭირეს ენას კბილი.  მერე დავით ბაქრაძეს შესთავაზა, თუ გინდა, რომ ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს, ჩვენს მხარეს გადმოდიო. ბაქრაძეს ულვაშებში ჩაეღიმა, ჩემი წინამორბედი რომ გადავიდა, რა მოიგოო. რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა „გრეჩიხა“, მით უფრო მეტად ბრაზდებოდა და ბოლოს თქვა, დიახაც, რევანშისტი და განაწყენებული ვარო, გულში კი გაიფიქრა – აბა რა გეგონათ, ის 12 მილიონი რომ არ მომეცითო.

დანარჩენი რადიკალები გასულ კვირას ცოტა იმედგაცრუებულები ჩანდნენ, რადგან კადაფის ჩამოგდება გაჭიანურდა. ლიბიის ოპოზიციისთვის მთლად დეპეშა არ გაუგზავნიათ, მაგრამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდებზე კი წერდნენ პოსტებს – ბატონო არაბებო, გრაფიკიდან ამოვარდითო – ეს ის ხალხია, გაზაფხულის შემოსვლის გახსნებაზე, ქუსლით გასრესილი ანწლის სუნის ნაცვლად სისხლის და რევოლუციების სუნი რომ სცემთ.

გასულ კვირას ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავასკვენი, რომ საქართველოში რევოლუციის მსურველებს ზუსტად ერთი კაცი აკლიათ რევოლუციის მოსაწყობად. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ის კაცი რევოლუციას არასდროს მოაწყობს. რევოლუციის რა გითხრათ, მაგრამ გასულ კვირას სპეცრაზმელებთან ერთად ირბინა. მირბოდა და ოპოზიციის მისამართით ფიქრობდა, თქვენი ჩამოგდებული მთავრობის რა ვთქვიო.

გასული კვირა ისევ ყანაში გაატანა ბაკურ კვეზერელმა. ჰიბრიდული სიმინდის თესლები სულ ყანა-ყანა არიგა და ბოლოს ერთმა შარიანმა გლეხმა უთხრა სამეგრელოში: ასეთი სიმინდის მოსავალი რა ჯანდაბად მინდა, ღომიც კი არ კეთდებაო. არც მჭადიო, დაამატა გურულმა. მერედა, თქვენც აიღეთ და ამ თესლისგან მოწეული სიმინდი სულაც დედალ და მამალ ძროხებს აჭამეთო, დამოძღვრა გლეხები კვეზერელმა. გლეხებს ბაკურ გულუა გაახსენდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, იმანაც ასეთი მადლიანი რჩევების მიცემა იცოდაო.

გასულ კვირას, აფხაზეთის ეკლესიის თვითმარქვია მეთაურმა, ბესარიონ აპლიამ თქვა, ქართველები სულ ტყუილად გვაბრალებენ ილორის ეკლესიის გადაკეთებას, ჟენევაში ფოტოებს გავგზავნი და ყველა დარწმუნდება, რომ არაფერი გადაგვიკეთებიაო. მერე დაამატა, ამ ადგილს ილორი კი არა, აილირგარა ჰქვიაო. ამის გაგონებაზე საწყალი ბებიაჩემი საფლავში გადატრიალდებოდა – მთელი ბავშვობა მარწმუნებდა, როცა ავად გახდი, ილორში ფეხშიშველი წავედი და შენი გადარჩენა ღმერთს შევევედრეო, თურმე მატყუებდა და აილირგარაში დადიოდა.

ის ამბავიც გასულ კვირას გახმაურდა, ამერიკელმა მკვლევარებმა რომ თქვეს, 2020 წლისთვის რუსეთი მსოფლიო რუკიდან გაქრებაო. პუტინისთვის რომ მოუხსენებიათ ეს ამბავი, სულაც არ გაკვირვებია: რას ერჩით, სწორად უთქვამთ, მაგ დროისთვის სსრკ-ს აღდგენა მაქვს დაგეგმილიო.

გასულ კვირას ოზურგეთში კულტურის სახლი დაიწვა. ორი სართული განადგურდაო, მწუხარებით იუწყებოდნენ ჟურნალისტები. ესე იგი, გურულებს ერთდროულად მოეშალათ გართობის, დასვენების, თავშეყრის, ახალი ამბების, ერთმანეთის გაცნობის და ინტერნეტში ძრომიალის კერა. არადა, მთელ გურიას ეს ერთადერთი კერა ჰქონდა…

გასულ კვირას კიდევ ხდებოდა რაღაცები, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გაზაფხული მოვიდა და თითქოს ამინდებიც გამოკეთდა. საქართველოში ეს გაზაფხული ისეა დაანონსებული, მგონი, შიშით მერცხლებმაც კი თბილ ქვეყნებში გადაწყვიტეს დარჩენა – ჯერ არ მოფრენილან…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: