“2012”–ის აურა და 2012–ის მოლოდინი

პირველად  გამოქვეყნდა აქ

 

როცა სხვა ქვეყნებში მიმდინარე სტიქიური უბედურებების შესახებ ტელევიზიით სიუჟეტები გვინახავს, ვინ იცის, რამდენჯერ მოგვისმენია კატაკლიზმების უშუალო მონაწილეებისა და თვითმხილველებისგან ფრაზა: „თავი საშინელებათა ფილმში მეგონა!..“ გუშინ ძალიან დიდხანს ვიმუშავე იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის თემაზე და მას შემდეგ, რაც სადღაც წავიკითხე, ცუნამს, პირობითად, „2012“ დაარქვესო, კიდევ ერთ საგულისხმო დეტალს მივაქციე ყურადღება: იაპონიის სამხრეთიდან ქვეყნის სიღრმისკენ დაძრული მოქალაქეები, ცუნამგადატანილები და ყველაფრის თავიანთი თვალებით მხილველები, ჟურნალისტებთან საუბრისას ყველაზე ხშირად საკუთარ ემოციას ამ ფრაზით გადმოსცემდნენ: „მეგონა, „2012“-ს ვუყურებდი, ოღონდ, ყველაფერი რეალური იყო…“

 

ამის შემდეგ დავფიქრდი და გადავწყვიტე, ბლოგი იმაზე დამეწერა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ზოგადად, ფილმები, მით უმეტეს, ისეთი შინაარსის, როგორიც „2012“-ია. მანამდე „2012“-ის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ფილმი ფართო ეკრანებზე გამოსვლისთანავე განსაკუთრებული პოპულარობით, აშშ-ს შემდეგ სწორედ იაპონიაში სარგებლობდა. რადგან ამ ფილმზე ყველამ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იცის, მის შესახებ მოკლედ შეგახსენებთ და შემდეგ ისევ სათქმელს დავუბრუნდები:

 

რეჟისორ რონალდ ემერიხის ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა ფართო ეკრანებზე. „კოლუმბია ფიქჩერზის“ ბაზაზე გადაღებული „2012“ „სულ რაღაც“ 260 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით 2012 წელს ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის შესახებ მოგვითხრობს. ამ კალენდრის მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ წელს მზის სისტემის პლანეტები ერთ მწკრივში მოექცევიან, რაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს: მძლავრი მიწისძვრები, ცუნამი და ვულკანების ამოფრქვევა ქვეყნებსა და კონტინეტებს ნანგრევებად აქცევს.

 

ამ ფილმზე რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკოსთა ნაწილი არ დაეთანხმა იმას, რომ, შესაძლოა, ფილმში ასახული მოვლენები დედამიწის მომავალია. მრავალგზის კრიტიკის და ქარცეცხლში გატარების მიუხედავად, ფილმი არნახულად პოპულარული აღმოჩნდა და მხოლოდ 2009 წლის მაჩვენებლების მიხედვით, მის შემქმნელებს უკვე 235 მილიონი დოლარის მოგებაც მოუტანა.

აი, სწორედ ამ ფილმის პოპულარობის მაჩვენებელი იყო იაპონიაში ყველაზე მაღალი აშშ-ს შემდეგ. ჯერჯერობით არავინ იცის, რას ამბობენ ისინი, ვისაც „2012“-ის რეალურად განხორციელებაზე ფიქრი სისულელედ მიაჩნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 88 ათასზე მეტი (ცუნამის პირველ დღეს, პარასკევს, გვიან ღამით არსებული მონაცემების მიხედვით) ადამიანის უმრავლესობას, რომლებიც ცუნამმა ზღვაში გემებთან ერთად გაიტაცა და რომელთა ასავალ-დასავალი ჯერაც არავინ იცის, აუცილებლად გაახსენდებოდა თითქმის ანალოგიური კადრები „2011“-დან, როცა ზღვაში ნაფოტივით ათამაშებული გემიდან დაინახავდა, როგორ წალეკა ათმეტრიანმა ტალღებმა მთელი ქალაქი.

ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა, მხრები აიჩეჩოს და, ერთი შეხედვით, ლოგიკური კითხვაც დასვას – რა შუაშია ადამიანის ცნობიერებაზე ფილმის გავლენა, თუკი ზუსტად ვიცით, რომ ბუნებრივ მოვლენებსა და კატაკლიზმებს ცნობიერება არა აქვთ, ხოლო ადამაინის ხელი 11 მარტს იაპონიას თავსდამტყდარ ცუნამში არ ჩარეულა? ამ კითხვაზე ასეთი, ალბათ, არაკომპეტენტური, მაგრამ საკუთარი პასუხი მაქვს:

თავის რომანში – „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილს ერთი ასეთი ფრაზა აქვს: „ქვეყნად არარა არ იკარგება, ჩვენ გვავიწყდება მხოლოდ“. თავს არ შეგაწყენთ იმის შეხსენებით (მით უმეტეს, ციტირებით), რომ ამ ფრაზის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ახსნაც არსებობს და ჩემი სიტყვებით გეტყვით: როცა მხატვრულ ნაწარმოებში, იქნება ეს ტილო, სპექტაკლი, ფილმი თუ მულტფილმი, ოსტატურადაა აღწერილი ის, რასაც ადამიანი ქვეცნობიერში მოელის (ოღონდ, მასზე არ ფიქრობს), მაყურებელი არა ნანახის პასიური აღმქმელი, არამედ იმ მოვლენის მონაწილე ხდება, რასაც ხედავს, ხოლო შემდეგ ამ ნანახის ასრულებას რეალურადაც მოელის.

„2012“ და მისი მსგავსი ფილმები აძლიერებს მოლოდინს, რომელიც, მცირე დოზით, მაგრამ მითითებულ თარიღამდეც არსებობს. ოღონდ, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ როცა ფილმს უყურებს ვიღაცის ან ვიღაცების უბედურების შესახებ, თანაგრძნობასთან ერთად ის გრძნობაც უჩნდება, რომ ანალოგიურ სიტუაციაში თვითონ არასდროს მოხვდება. ამ დროს კი მოლოდინი არსებობს და, მაიას ტომის კალენდრის სიზუსტის არ ვიცი, მაგრამ მსგავსი მოლოდინი, უფრო სწორედ, ამ მოლოდინის სახით არსებული უსიამოვნო პროგნოზები, ადრე თუ გვიან, მაინც ახდება ხოლმე.

სამყაროს აღსასრულის მოლოდინის გაჩენა, რა თქმა უნდა, მხოლოდ „2012“-ის და მისი სცენარის მსგავსი სხვა ფილმების „დამსახურება“ არ არის. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე აწ გარდაცვლილი ბებიაჩემისგან ხშირად მესმოდა, რომ ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა და როცა შევეკითხებოდი, ბებო, ეგეთი რამეები საიდან მოგაქვს, სად წერია-მეთქი, დიდი სიამაყით მეტყოდა – ეფუთის წიგნშიო.

მთელი ჩემი ბავშვობის მანძილზე ეს იყო ერთადერთი საოცნებო წიგნი, რომლის წაკითხვა მსურდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სულმოუთქმელად წავიკითხავდი. მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, ასაკის მატებასთან ერთად კი ეფუთის მიმართ ინტერესი გამიქრა და, თუ ბებოს სულს არ ვაწყენინებ ამით, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნის არსებობაში დარწმუნებული არ ვარ…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანთა განწყობილება, ცუდის მოლოდინი, იმის დაშვება, რომ შესაძლოა, სამყაროს აღსასრული დადგეს, ჩემი აზრით, ქმნის აურა, აურა კი… აურას ბევრი რამ შეუძლია, თუ ყველაფერი არა. სადღაც წავიკითხე, რომ ერთი მაღალგანვითარებული ქვეყნის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: ერთ ოთახში ერთნაირი ჯიშის ქოთნის ყვავილები ჩაამწკრივეს და ამავე ოთახში ზედიზედ, ერთმანეთის მონაცვლეობით შეუშვეს ოცი კაცი. თითოეული მათგანის შესვლასა და გამოსვლას შორის ათწუთიანი ინტერვალი აირჩიეს. მე–20 ადამიანს დანა მისცეს და ერთ–ერთი ყვავილის აკუწვა დაავალეს, რაც მან გააკეთა კიდეც. დაახლოებით ორი დღის შემდეგ ოთახში დარჩენილ 19 ყვავილს ზემგძნობიარე აპარატურა შეუერთეს და ოთახში არეული თანმიმდევრობით შეუშვეს ექსპერიმენტის ოცივე მონაწილე. არცერთ მათგანს დანა უკვე აღარ ჰქონდა. მეცნიერები ყვავილების რეაქციას აკვირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ როცა ოთახში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც წინა წქსპერიმენტის დროს ერთ–ერთი ყვავილი აკუწა, ცხრამეტივე ყვავილი შეიკუმშა, თითქოს უბედურების მოლოდინში…

ვინ იცის, იქნებ იაპონიის ფართო ეკრანებზე „2012“ წლის ტრანსლირების დროს დაგროვილმა უარყოფითმა აურამ და ენერგიამ ამოხეთქა ცუნამის სახით ამ ქვეყნის ნაპირებზე? ვინ იცის, იქნებ იგივე კატაკლიზმები სხვა ქვეყნებსაც ემუქრება? რასაკვირველია, შორს ვარ იმ მოსაზრებებისგან, რომ „2012“–ის მსგავსი ფილმები უნდა აიკრძალოს, ან რომ ასეთი ფილმები იწვევს კატაკლიზმებს, მაგრამ ბუნებამაც რომ უცნაური შურისძიება იცის, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით…

სხვათაშორის, ნიუ–იორკში „ტყუპების“ დანგრევის შემდეგ ბევრი მეცნიერი ამბობდა, რომ აშშ მსოფლიოზე ბატონობის სურვილის გამო დაისაჯა, ხოლო ის, რაც 11 სექტემბერს ნიუ–იორკში ხდებოდა და რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, ამერიკელებს ბევრად ადრე, სტივენ სპილბერგის ფილმებში უკვე ჰქონდათ ნანახი…

 

ბოლოს ისიც უნდა დავამატო, რომ რეზონანსული ფილმების გავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე საკმაოდ დიდია. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ უფროსებისგან გამიგია, რომ ფართო ეკრანებზე „ტარზანის“ გამოსვლის შემდეგ თბილისის ბოტანიკური ბაღიდან სასწრაფო დახმარების გამოძახებები რეკორდულად გაიზარდა. მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები, რომლებიც ვითომ სასეირნოდ წასვლის საბაბით ბოტანიკურ ბაღში მშობლებს გაეპარებოდნენ, ტოტიდან ტოტზე გადახტომას ტარზანის მიბაძვით ცდილობდნენ და ეს მცდელობა დედამიწის მიზიდულობის ცნობილი კანონის თანახმად, მძიმე ან მსუბუქი მოტეხილობებით მთავრდებოდა.

 

ასე რომ, „ქვეყნად არარა არ იკარგება…“

 

 

 

3 Comments (+add yours?)

  1. Jessie
    Mar 13, 2011 @ 10:00:45

    არადა, 2012 ყველაზე არარეალისტურ ფილმად ხომ გამოაცხადეს :(…. თუმცა ნიუანსებს თავი რომ გავანებოთ, მაიას ტომები მთლად სულელები არ/ვერ იქნებოდნენ

    Reply

    • ბლოგი-კაატინგა
      Mar 13, 2011 @ 20:10:59

      რა თქმა უნდა, ჯესი, მაიას ტომში სულელები ნამდვილად არ იყვნენ:) ერთი შემედავა “ფბ”-ზე როცა დავაშეარე ეგ ბლოგ-ტექსტი, ძალიან უსუსური ნაწერია, რადგან ემერიხმა ეს ფილმი იმიტომ გადაიღო, რომ საყვარელმა ადამიანმა მიატოვა და ამ ფორმით იძია შური კაცობრიობაზეო… იქნებ მართლაც ასე იყო, არ ვდაობ, მაგრამ ეს ბლოგ-ტექსტი ხომ სულაც არ იყო “2012”-ის განხილვა, უბრალოდ, საკუთარი შეხედულებების ტირაჟირება მოვახდინე და, ამის უფლება, მგონი, მქონდა…:)

      Reply

  2. HellRider
    May 27, 2011 @ 15:15:55

    როლანდ ემერიხი კარგი რეჟისორია, მარა უნდა ვთქვა რომ “2012” არის სუფთა სლეობა, იმენა სლეობა, აბსოლუტურად უაზრო ფილმი, რომელშიც ერთიორი კადრია ნამდვილი და დანარჩენი სპეცეფექტია, არ გააჩნია არავითარი მხატვრული ღირებულება, და ვერ ვხვდები როგორ უნდა იმოქმედოს მან ადამიანზე?

    არავის შეურაცხჰყოფას არ ვაყენებ მარა აბა დაფიქრდით რაოდენ გამოსირებული უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც ამ ფილმის თუნდაც ერთ კადრს დაიჯერებს და იფიქრებს რომ ეს ნამდვილად მოხდება…

    ასევე უაზროა მაიას ტომების კალენდარი და არავითარი კავშირი არ აქვს არც 2012 წელთან და არც 2 000 012 წელთან😀

    2013 წლის 1 იანვარს უნდა გავიდე გარეთ და ჩემს ზოგიერთ ნაცნობს და მეზობელს დედის მ…… უნდა ვაგინო იმის ნიშნად რომ სისულეების ლპარაკით ტვინი გაბურღეს ამდენი ხანი…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: