ცუნამს შეწირულები და გადარჩენილები

მეგობრებო, რადგან დღეს კვირაა და, შესაბამისად, ძალიან ბევრს გეზარებათ ინტერნეტში ქექვა იაპონიაში მიმდინარე ამბების გასაგებად, მე კი, ჩემი სამსახურის გადამკიდე, მაინც ვმუშაობ, გადავწყვიტე, ამ ფორმით მოგაწოდოთ ამბები, რომლებიც დილიდან მოვიძიე და რომლებიც იაპონიას უკავშირდება. იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ ამ კვირადღეს, ინფორმაცია მცირე ფრაგმენტებად დაგიყავით და ლიდიც დავურთე, თუ დაგაინტერესებთ, მთლიანად წაიკითხავთ:) მაშ ასე, დავიწყებ შედარებით კარგი ამბით:

ოკეანეში მოტივტივე სახლის სახურავზე ცოცხალი იაპონელი მამაკაცი აღმოაჩინეს

60 წლის ჰირომიცუ სინკავამ სახლის სახურავზე ასვლა მოასწრო, ხოლო მისი ცოლი ტალღამ ოკეანეში გადაისროლა. მას შემდეგ, რაც სახლი ცუნამმა ოკეანეში გაიტაცა, იაპონელი მამაკაცი სახლის სახურავიდან არ ჩამოსულა და სახლთან ერთად ოკეანეში დრეიფობდა.

სამოცი წლის იაპონელი მამაკაცი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, იაპონიისა და მთელი მსოფლიოს ყურადღებისა და აღტაცების საგანი გახდება: ფუკუსიმას პრეფექტურის მკვიდრი, ჰირომიცუ სინკავამ ნაპირიდან 15 კმ-ის დაშორებით, შუა ოკეანეში მოტივტივე საკუთარი სახლის სახურავზე ორი დღე გაატარა. დღეს იგი სამხედრო ხომალდიდან შენიშნეს და ბორტზე აიყვანეს.

ქალაქ მინამისომაში მცხოვრები სინკავა სახლიდან გასული იყო, როცა ცუნამის მოახლოების მანიშნებელი სიგნალი გაიგონა და შინ ცოლთან ერთად დაბრუნდა, რათა ნივთები შეეგროვებინა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო, თუმცა, ცუნამის ზონიდან გასვლა ვერ მოასწრო – ტალღამ მისი სახლი ოკეანეში გაიტაცა.

სინკავამ სახლის სახურავზე ასვლა მოასწრო, ხოლო მისი ცოლი ტალღამ ოკეანეში გადაისროლა და ქმარმა მისი შველა ვერ მოახერხა. იაპონელი მამაკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლის სახურავიდან არ ჩამოსულა და სახლთან ერთად ოკეანეში დრეიფობდა.

ეს ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ერთ-ერთმა იაპონურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ჰირომიცუ სინკავა კვირას სრულიად შემთხვევით შენიშნა იაპონიის ფლოტის  სამხედრო ხომალდ „ჩოკაის“ ეკიპაჟმა. ეს ხომალდი მრავალფუნქციური სამხედრო სისტენა „იჯისითაა“ აჭურვილი, რამაც ოკეანეში მოდრეიფე სახლის პოვნა გაადვილა. იაპონელი მამაკაცი სახლის სახურავზე იდგა და შორს გამოჩენილი ხომალდის ეკიპაჟის დასანახად ხელებს იქნევდა, თან ტანსაცმელს აფრიალებდა და ყვიროდა.

იაპონური გაზეთის, „მაინიტის“ ცნობით, სამხედრო ხომალდიდან აფრენილმა ვერტმფრენმა სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი სინკავა ქალაქ სომას საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს მარცხენა ხელის მსუბუქი მოტეხილობა და სახის დაზიანებები აღენიშნება, მთლიანობაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რა ხდება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე

დაახლოებით ერთი საათის წინ რადიაციის ფონის მომატება დაფიქსირდა იაპონიის კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურონაგავასთან“. რადიაციის გამოსხივების დონემ საათში 21 მიკროზილბერტს მიაღწია, რაც დასაშვებ ნორმაზე 400-ჯერ მეტია. რადიაციით დასხივებული ოცდაორი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უკვე მოხდა ქალაქ ფუტაბადან.

დაახლოებით ერთი საათის წინ რადიაციის ფონის მომატება დაფიქსირდა იაპონიის კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურ „ონაგავასთან“ რომელიც მიიაგის პრეფექტურაში მდებარეობს. ეს სწორედ ის პრეფექტურაა, სადაც 11 მარტს მომხდარი ცხრაბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა.

რადიაციის გამოსხივების დონე ამ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში რადიკალურად გაუარესდა და საათში 21 მიკროზილბერტს მიაღწია, რაც დასაშვებ ნორმაზე 400-ჯერ მეტია, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ეს რადიაციული ფონი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არ არის.

შეგახსნებთ, რომ „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი აფეთქების შემდეგ იაპონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ რადიაციის დონე ავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაშვებზე ბევრად მეტია. ამავე დროს, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რადიაციული დასხივება მიიღო ოცდაორმა ადამიანმა. მათ შორის, ძირითადად, მეხანძრეები და მაშველები არიან, რომლებიც გამაგრილებელი ხელსაწყოების კომპენსაციას რეაქტორის ტურბინებისთვის წყლის მისხურებით ცდილობდნენ. საგანგებო ჯგუფი ერთმანეთს ენაცვლებოდა და წყლის შესხურება თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

სამაშველო სამუშაოები აფეთქებამ დროებით შეაჩერა, რამაც რადიაციული ფონის კიდევ უფრო მეტად დაბინძურება გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

რადიაციით დასხივებული ოცდაორი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უკვე მოხდა ქალაქ ფუტაბადან, რომელიც „ფუკუსიმა-1“-სგან ჩრდილოეთით სამ კილომეტრში მდებარეობს. ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიაჩნიათ. 133 ადგილობრივი მცხოვრების სასწრაფო გამოკვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება, რომ ავარიის ტერიტორიაზე აფეთქებიდან სულ ცოტა ხანში რადიაციის დონე 882 მიკროზილბერტზე დაფიქსირდა, მაშინ როცა დასაშვები ნორმა 500 მიკროზილბერტია. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვა მესამე რეაქტორიდანაც დაფიქსირდა. თავდაპირველად ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რადიაციული დასხივება სამმა ადამიანმა მიიღო, ერთ საათში მათი რიცხვი უკვე ოცდაორამდე ავიდა.

ცნობები დაღუპულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულების შესახებ

იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემები ყოველ საათში იცვლება. თბილისის დროით დაახლოებით 13.00 საათზე ევროპულმა საინფოემაციო საშუალებებმა(„ბი-ბი-სი“, „ფრანს პრესი“) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ მიაიგის პრეფექტურაში, სადაც ცხრაბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა, შესაძლებელია დაღუპული ადამიანების რიცხვი ათი ათასს აჭარბებდეს. პრეფექტურაში ნაპოვნია უამრავი ადამიანის ცხედარი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ ან ცუნამის დროს წყალში დაიხრჩვნენ. ამავე დროს, პრეფექტურისკენ მიმავალი გზები მთლიანად განადგურებულია, რის გამოც ცხედრების გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პრეფექტურის პოლიციის უფროსმა, ნაბუტო ტაკეუტიმ გაავრცელა.

იაპონიის მთავარი პოლიციის სამმართველოს მონაცემების მიხედვით, 10 ათასზე მეტი მოქალაქეა შეტანილი სიაში, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

არის თუ არა მოსალოდნელი ახალი აფეთქება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე

ბრიტანულმა სააგენტო „ბი-ბი-სიმ“, თბილისის დროით 11.00-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აფეთქება მოსალოდნელია „ფუკუსიმა-1“-ის მესამე რეაქტორზეც. „ბი-ბი-სი“ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, იუკიო ედანოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც ამბობს, რომ „მესამე რეაქტორი ერთადერთია, სადაც პლუტონიუმის ნარევის მქონე საწვავი გამოიყენება, ამიტომაც მისი აფეთქება ბევრად უარეს შედეგამდე მიგვიყვანს“. პირველ რეაქტორზე, სადაც აფეთქება გუშინ მოხდა, პლუტონიუმს არ იყენებდნენ.

პლუტონიუმი – რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს. იგი  ხელოვნურად 1940 წ.მიიღეს. მის ერთ-ერთ იზოტოპს იყენებენ ატომური ენერგის მისაღებად და სწორედ ეს იზოტოპები გამოიყენება „ფუკუსიმა-1“ მესამე რეაქტორზე.

„მიღებული ზომების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ რეაქტორიდან ატომური საწვავის გაჟონვის რისკი ძალიან მაღალია. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა ხდება რეაქტორის შიგთავსში, მაგრამ საწვავის გაჟონვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა იუკიო ედანომ.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად თვითონ ატომური რეაქტორი არ დაზიანებულა – მწყობრიდან გამოვიდა გარსი, რომლითაც რეაქტორი იყო შემოსაზღვრული.

„ფუკოსიმა–1“ მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მთელ ტოკიოს ელექტროენერგიით ამარაგებს. ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 8.800 მეგავატია. იგი ორი სადგურისგან შედგება. ავარია პირველ სადგურზე მოხდა, რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს. ამ სადგურში 6 რეაქტორი მუშაობს. შედარებისთვის – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ავარიამდე 3.800 მეგავატს გამოიმუშავებდა.

რა არის ცნობილი იაპონიაში მყოფი ქართველების შესახებ

ოფიციალურად, იაპონიაში საქართველოს 35 მოქალაქე ცხოვრობს და მათ შესახებ ცნობილია, რომ სტიქიის გამო არ დაზარალებულან. მათი ევაკუირება ქვეყნიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ქვეყნის(იაპონიის) აეროპორტები ბლოკირებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო და იაპონიაში საქართველოს საელჩო თხოვნით მიმართავს ყველას, მიაწოდონ ინფორმაცია იაპონიაში მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც იქ კერძო ვიზიტით იმყოფებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს საქართველოს საელჩო ყურადღებას არ აქცევდა. ერთ-ერთ სააგენტოში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საელჩოს წარმომადგენლები სტუდენტებს დაუკავშირდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: