ენმ: უთანხმოება ყრილობისთვის მზადების პროცესში

unmmmენმ-ს პოლიტსაბჭოს 24-მა წევრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  პარტიის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია დადგენილი წესის გვერდის ავლით ფუნქციონირებს და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი.

პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ამ წესის 5.2. ამ პუნქტის თანახმად, „საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი“.

პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს მიერ 30 ნოემბერს დამტკიცებული წესის მეხუთე პუნქტში არსადაა აღნიშნული, რომ ყრილობის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას პოლიტსაბჭო ამტკიცებს ან პოლიტსაბჭო იღებს მის შექმნაზე გადაწყვეტილებას.

ამ წესში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ პოლიტსაბჭო განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას და გაწერილია, რა წესით ხდება ეს: პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს აქვს კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება.

ამ დროისთვის პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა უკვე ისარგებლა ამ უფლებით და კომისიის წევრებად განსაზღვრა  ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე.

იმის მიუხედავად, რომ პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომიდან თითქმის ერთი თვე გავიდა, პოლიტსაბჭოს დანარჩენ წევრებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ კომისიის წევრები მათი მხრიდან, რომლებიც შევიდოდნენ კომისიაში და დაიწყებდნენ მუშაობას ყრილობის საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, ზემოთხსენებულ წევრებთან ერთად.

ამავე დროს, პოლიტსაბჭოს ის წევრები, ვინც უკვე წარადგინა კომისიაში წევრები, აცხადებენ, რომ ბოლო ინტერვიუში, გადაცემა „არჩევანში“ დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერებული აზრი, თითქოს კომისიის უკვე წარდგენილ 6 წევრს სურს პოლიტსაბჭოს ფუნქციების მითვისება და დელეგატების დარეგისტრირება, სინამდვილეს არ ასახავს, გამომდინარე იქედან, რომ:

ა) ენმ-ის წესდების მიხედვით, დელეგატების რეგისტრაცია არ არის პოლიტსაბჭოს ფუნქცია;

ბ) ყრილობის ორგანიზება, ასევე, წესდებით, არ არის პოლიტსაბჭოს კომპეტენცია.

აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კომისიის უკვე განსაზღვრულმა წევრებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, დროულად დასახელებულიყო და განსაზღვრულიყო კომისიის სხვა წევრებიც, რათა ყრილობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მაქსიმალური ჩართულობის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი.

unm-m

საორგანიზაციო კომისიის ექვსი წევრის წერილი დავით ბაქრაძის სახელზე

დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომა დანიშნულია 27 დეკემბერს, 17:00 საათზე, რათა მოხდეს 30 ნოემბერს უკვე დამტკიცებული წესების სამართლებრივი საკითხების გარჩევა და დაზუსტება.

ამასთან დაკავშირებით ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თანაპარტიელთა ნაწილს მიმართავს და წერს:

„თუკი თქვენი მიზანი საბოტაჟი და ყრილობის გადადება არაა და იმისთვის, რომ ყრილობის მომზადების პროცესი იყოს მაქსიმალურად ჩართულობაზე ორიენტირებული და არაკონფრონტაციული, ჩემი აზრია, რომ პოლიტსაბჭოზე ახალი დაპირისპირება კი არ უნდა გავაღვივოთ სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს შორის, როდესაც ასეთი პოლარიზებულია პოზიციები, არამედ:

1. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო კომისიის ყველა წევრი.

2. ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ უმოკლეს ვადაში უნდა წარმოადგინოს ყრილობის ჩატარების გეგმა ყველა დეტალით.

3. მაქსიმალურად ფართო ჩართულობით უნდა განვიხილოთ ყველა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის სამართლებრივი და ტექნიკური დეტალებიც.

20 იანვრის ყრილობა ჩატარდება ყველა საუკეთესო სტანდარტის დაცვით და დარწმუნებული ვარ, ახალი სიტყვა იქნება ქართული პარტიების განვითარებაშიც“.

ლაშა ბერულავა

დიეგოდან დამიანემდე

პარასკევს შემდეგ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, უფრო სწორად, სხვა რამეზე ფიქრი მუდამ შენს უეცარ სიკვდილზე ფიქრით მთავრდება, დიეგო.

მაპატიე, რომ მამა დამიანედ ვერ გიხსენიებ – აქ მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას და ისედაც, მე ხომ სულ „დიეგოს“ გეძახდი, იმ სახელს, რომელიც ბიძაშენმა ჯერ კიდევ 1981 წელს დაგარქვა, შორეული დიეგო მარადონას პატივსაცემად.

იმ მარადონასი, რომელზეც ფართოდ მაშინ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცოდა. რამდენჯერ გაგვცინებია ერთად იმის გახსენებაზე, როგორ „იომეს“ შენი სახელის რეგისტრაციის დროს…

მე ხომ ნიჭიერი ადამიანების ფანი ვარ და ისიც კარგად ვიცი, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, გარკვეულწილად თავისებურიცაა – კანონზომიერებასავითაა ეგ და არასდროს მიკვირდა შენი თავისებურებები, არც არასდროს მომიცია შენიშვნა, არასდროს შევხებივარ შენი ცხოვრების წესს და თუმცა, ალბათ, ყოფით თემებზე ჩვენზე მეტს ერთმანეთში არავინ კამათობდა, მაგრამ ორივემ კარგად ვიცოდით, რას უნდა შევხებოდით და რას არა.

არც ის გამკვირვებია, როცა მონასტერში წასვლა გადაწყვიტე და არც ის, როცა იმ სულიერ ღვწაში შენი წარმატებული ზეაღსვლის შესახებ მესმოდა – იქ, ალბათ, სიმშვიდე იპოვე, რასაც ასე დაჟინებით ეძებდი ყველგან. ბერად აღკვეცის შემდეგაც ხშირად გვნახულობდი, რაღაცნაირად, საერო ცხოვრებასთან ადაპტირებული ბერი იყავი და ძნელი იყო შენი აღქმა სასულიერო პირად – ყველა მიმდინარე პროცესზე ზუსტი წარმოდგენა, ყველა კითხვაზე პასუხი გქონდა, არავის თავს არ ახვევდი შენს აზრს… როგორც წესი, სასულიერო პირები და, მით უმეტეს, ბერები ასე გახსნილად საუბარს ერიდებიან და შენ კი ასეთი იყავი არამარტო ნათესავებთან…

ადამიანის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ხომ ხშირად ამბობენ – ბოლო დღეებში თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა, ასეთი და ისეთი იყოო… შეიძლება, ხშირად დამთხვევებს ეძებენ და პოულობენ. ყოველთვის მეგონა, რომ ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში მოიძებნება ისეთი მოქმედება, რომლის გაშიფვრა ზუსტად ასე შეიძლება, ის ადამიანი მეორე დღეს რომ უეცრად მოკვდეს.

შენს შემთხვევაში კი მართლა ასე იყო: სიკვდილამდე ორი დღით ადრე ისეთი ადამიანები იპოვე და მოიკითხე, იშვიათად რომ ეკონტაქტებოდი ბოლო დროს. ჯერ ზუგდიდში, მერე თბილისში – ყველას დაურეკე, ყველას მოეფერე და მიესიყვარულე, ყველას ასეთი დაამახსოვრდი: ბერის კაბაში, წვერმოშვებული, კეთილად მომღიმარი – ჩემს წარმოდგენაში ბავშვობის და შემდეგი წლების დიეგოს სახე ასეთმა მამა დამიანემ წაშალა, მაგრამ მაპატიე, რომ ჩემთვის მაინც დიეგო ხარ, თუმცა, როცა შენზე ვილოცებ (და აუცილებლად ვილოცებ), რა თქმა უნდა, მამა დამიანედ მოგიხსენიებ…

შენი სიკვდილით შენდამი სკეპტიკურად განწყობილებსაც გაეცი პასუხი: ეს რანაირი ბერია, ხან ქალაქში ცხოვრობს, ხან მონასტერშიო, რომ ქირქილებდნენ: შენ მონასტრის გადასახვევთან დაგარტყა მანქანამ, როცა გზაზე გადადიოდი. ალბათ, გონების გათიშვამდე არ გჯეროდა, რომ ეს ბოლო წამი იყო და ვინ იცის, რამდენმა რამემ გაგიელვა იმ ერთ წამში – სიკვდილამდე მთელი ჩვენი ცხოვრება ელვის სისწრაფით ჩაგვირბენს ხოლმე თვალწინო, გამიგია და სულ მაინტერესებს, როგორია ის წამი, როგორ იტევს ამდენს… ამაზეც კი გვილაპარაკია და სულ დეტალებში განგვიხილავს – შენც გჯეროდა, რომ ასეა.

„მერე დაგირეკავ და უნდა დაგელაპარაკო“, – ეს სიტყვები მითხარი ბოლოს და ამ სიტყვებიდან რვა საათის მერე მივხვდი, რომ ეს შენი ბოლო სიტყვები იყო… ნეტავ, რის თქმა გინდოდა, რა გაგყვა თან… დედაშენსაც ხომ სიკვდილის წინა საღამოს დაურეკე და უთხარი, თუ სადმე მკვდარს მიპოვიან, მონასტერში უნდა დამასაფლავონ და შენ არ გეწყინოსო…

შენ ახლა იქ ხარ, სადაც გინდოდა ყოფნა, სადაც მიდიოდი იმ ავბედით ღამეს.

 

თვითონ ვერ მიხვედი მონასტერში, უფრო სწორად, ვერ მიაღწიე იქამდე. ძამის ხეობაში, ტბეთის მამათა მონასტერი განსაკუთრებით გიყვარდა და როგორც კი შენი უკვე ცივი სხეული იქ ავიტანეთ, მაშინვე მივხვდი, რატომ – ნისლიანი მთის თავზე, ცივილიზაციისგან შორს, უშუქობისა და ზამთარ-ზაფხულ შეშაზე საჭმლის მზადების რეჟიმზე გადასული მონასტერი, წინამძღვარი მამა იოსები, საოცრად სუფთა თვალებით და არანაკლებ საოცრად ახალგაზრდა ბერები, შენს უსულო სხეულს რომ გულწრფელი ცრემლებით დასტიროდნენ…

და მე მეჩვენება, რომ შენი სიკვდილით გვაჩვენე ის, რასაც სიცოცხლეში არასდროს უსვამდი ხაზს – რომ ჩვენზე მაღლა იდექი შენი ღირებულებებით, შენი შინაგანი ბუნებით: ჩვენ, ვინც შენ გვიყვარდი, იძულებული ვართ ტალახიანი, ვიწრო, ოღროჩოღრო გზა გავიაროთ და ბოლო აღმართი განსაკუთრებული ძალისხმევით – შენამდე რომ მივიდეთ… იქ შენ ხვალამდე ჩვენთვის ხილულად იწვები – ისე მშვიდად, ისეთი ნათელი სახით, თითქოს გძინავს.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრება ბევრად შეცვალე და ბევრ რამეზე დამაფიქრე. საფლავებზე სიარული მაინცდამაინც არ მიზიდავს და იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანს სიცოცხლეში სჭირდება თანადგომა და შველა, მისი ხსოვნა კი სულ სხვა რამეა, ვიდრე საფლავზე სიარული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენს საფლავზე, რომელიც იქვე, მონასტრის ეზოში ხვალ გაიჭრება, ძალიან ხშირად ვივლი…

თემქის სამშობიაროში დაბადებული ბინ ლადენი ბაჩო ახალაიამ “ნაცმოძრაობაში” ძალით გააწევრიანა

“კვირის ქრონიკის” მახვილი თვალი ქრონიკულად მიმოავლებს ხოლმე მზერას დედაქალაქსაც და რეგიონებსაც და, როგორც წესი, ამ მახვილ მზერას არაფერი გამოეპარება ხოლმე, თვით ისეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, როგორიც რომელიმე სამშობიარო სახლის კედელზე ამოკაწრული წარწერაა.

გაუგებარია, რა მიზნით მოხვდა თემქის სამშობიარო სახლში “კვირის ქრონიკაში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მან კედლებზე ამოკაწრული წარწერების თვალიერებისთვის მოიცალა, იძლევა საფუძველს დავასკვნათ: ის იქ პირდაპირი დანიშნულებით არ მოხვედრილა…

რას გაუგებ “კვირის ქრონიკის” ანკარა წყაროებს, შეიძლება ვიღაცამ დარეკა, ან, შაშკინის არ იყოს, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც “ალ–ქაედაში” პირველი ტერორისტის ანკეტის შემდგენლებს ეკუთვნოდათ, შეცდომით მოხვდა ჟურნალისტის ნომერზე, რადგან ნომერში განსხვავება მხოლოდ ერთი ციფრია – მოკლედ, რას ჩავაცივდით, რო ჩავაცივდით, ეგეთები მომხდარა “კვირის ქრონიკის” ისტორიაში? ფაქტი ისაა, რომ ჟურნალისტი თემქის სამშობიარო სახლის კედელზე ამოკაწრული წარწერით დაინტერესდა, რომლის მიხედვითაც, უსამა ბინ ლადენი თემქის სამშობიარო სახლში დაბადებულა…

ჟურნალისტს ეს საკითხი სულაც არ მოსჩვენებია აბსურდულად: არ ვიცი, იცოდა თუ არა ბინ ლადენის ასაკი ან ის, რომ თემქის სამშობიარო სახლი უსამას მშობლების მიერ მომავალი პირმშოს კონტურების მოხაზვიდან დიდი ხნის შემდეგ გაიხსნა, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამეა: “ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად მივუდექით” – ამაყად წერს ჟურნალისტი, დიქტოფონს იმარჯვებს და სამშობიარო სახლის ხელმძღვანელობასთან შედის. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელობა საკითხს კიდევ უფრო სერიოზულად უდგება და ბინ ლადენის ხსენებით შეშფოთებული კატეგორიულად ამბობს: “კატეგორიულად უარვყოფ, რომ ბინ ლადენი ჩვენს სამშობიარო სახლში დაიბადა”. მერე კი, ნირწამხდარი, ამატებს: “ამ წარწერას გადავღებავთ…”

ჟურნალისტმა მთავარი სკანდალი ააგორა და სამშობიარო სახლი გამარჯვებულის იერით დატოვა: ხუმრობა ამბავი ხომ არ არის, მსოფლიოს პირველი ტერორისტის დაბადების ადგილი აღმოაჩინო და ისიც ხომ არ არის ხუმრობა, ის შენივე დედაქალაქელი აღმოჩნდეს – ბინ ლადენი თემქელია! ეხუმრები, სათაურს, ტო?

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჟურნალისტმა იჩქარა: არც დიქტოფონი უნდა გამოერთო და არც სამშობიარო სახლიდან წასულიყო. რომ ჩამოეარა ბებიაქალებისთვის, ბევრად უფრო საინტერესო და აქტუალურ ამბავს გაიგებდა. მაგალითად, ისეთს, როგორიც მე გავიგე. არცთუ ისე ანკარამ (მოხუცი იყო), მაგრამ სანდო წყარომ – ბებიაქალმა, აი, რა გამიმხილა:

“კი, შვილო, როგორ არა, ნამდვილად აქ დაიბადა, აი, ამ გასახმობი ხელებით ვამშობიარე დედამისი. როგორც კი დაიბადა და ცალკე საწოლზე გადავაწვინეთ, სამშობიაროში უცებ გაჩნდა ბაჩო ახალაია, იმათთან ერთად, რა ჰქვია… აი, ზოროსმაგვარი სახელი რომ აქვთ, ჰო – ზონდერებთან ერთად, თავზე დაადგა ჩვილს და აიძულა, ენა ამოედგა. მერე აიძულა, განცხადება დაეწერა და ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებულიყო. არ ვიცი, შვილო, როგორ და რანაირად აიძულა, რაღაც დენზე შესაერთებელი ეჭირა ხელში და ყვითელი “პლაში” ეცვა, კაპიუშონიანი. როცა ბაჩო და მისი თანმხლები კაცები წავიდნენ, უსამამ ქართულად ჩაილაპარაკა – “აუ, ამ კაცის ჯავრი მთელ მსოფლიოზე თუ არ ამოვიყარო, კაცი არ ვიყო…”

ასე იყო.

ახლა ზოგიერთი ინტრიგანი იტყვის, უსამა ბინ ლადენის დაბადების დროს ბაჩო ახალაია თემქის სამშობიარო სახლში რანაირად მივიდოდა, როცა თვითონ დაბადებულიც არ იყოო…

კარგი, რა!

თუ შეიძლება, 15 წლის წინ გახსნილ სამშობიაროში ბინ ლადენი დაბადებულიყო სადღაც 2002–2003 წელს (სტატიის მიხედვით), ვითომ რატომ არ შეიძლება, მაგ დროს ჯერარდაბადებული ბაჩო ახალაია ახალშობილის იძულებისთვის პალატაში შესულიყო?..

ღმერთო, მიხსენი ფულის მონობისგან!…

დღევანდელი რუსეთის დემოკრატია ხომ… თავადაც მოგეხსენებათ და, იმ დემოკრატიაში მაინც კიდევ გამოირჩევიან მცირედნი და ამ მცირედშიც – ნოვოდვორსკაია და ბოროვოი პოლიტიკოსთაგან და იმიჯი იმითა აქვთ მოპოვებული, რომ სითამამით, მსჯელობითა და აზროვნებით გამოჰყავთ ხოლმე მწყობრიდან ობივატელები და ეს ობივატელები დერჟავის მოტრფიალე რუსები არიან ძირითადად.

და უცებ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სამხრეთისაკენ ტრიალდებიან ანაზდად და ნოვოდვორსკაიას და ბოროვოის ქართველებთან გადაუწყვეტიათ გასაუბრება – „იუთუბის“ ეკრანიდან გვმოძღვრავენ: რა დაგმართნიათო, ქართველებო, ქერსა და ბზეს ვეღარ არჩევთო? ქერის ორმოში გაგდებთ ივანიშვილი და რად უწევთო წინააღმდეგობას? თქვენ არ იცითო, რა კარგია ქერის ორმო – იმიტომ, რომ 70 წელი გასწავლიდნენ სიმდიდრის სიძულვილს – მდიდრები არ უნდა იყვნენ პოლიტიკაშიო! ფულიან კაცზე ვინ იტყვის უარს, თქვენ როგორც ამბობთო; თუ გინდათ ქართველებო ფული – ამერიკაში კი არ უნდა ეძებოთ, მოგივიდათ თავისი ფეხით, შეიშნოვეთო ივანიშვილი – თქვენ არ იცით, რა ძალაა ფულშიო!

ხომ აქვს ყველაფერს მნიშვნელობა – ცოდნასა და ნიჭს, უნარსა და ჭკუა–გონებას, გვარ–ტომობასა და გამოცდილებას – და გადავწყვიტე დამეჯერებინა, მივენდე ცნობილ პოლიტიკოსებს და ვცადე, შემეშნოვებინა ივანიშვილიცა და იმისი ფულიც – გავიმეტე დრო და დავუწყე თვალყურის დევნება მილიარდერის გადაადგილებებს ქვეყნის სივრცეში.

თავიდან ურთიერთობებს ვაკვირდებოდი, აი, ამ კაცის ურთიერთობებს ვაკვირდებოდი და დამოკიდებულებას პოლიტიკოსებთან, და, რა თქმა უნდა – თან ვაკვირდებოდი და თან ვაფიქსირებდი, და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ პირისახე და როგორ ეცვლებოდათ გამომეტყველება და მერე როგორ ეცვლებოდათ იერი ივანიშვილთან ახლობლობის მიხედვით და რამდენად იყო განსხვავებული მათი მზერა ივანიშვილის მათთან და მათგან განსხვავებით ახლა სხვებთან დამოკიდებულების მიხედვით; და მერე როგორ იმართებოდნენ სიმაღლეში რჩეულნი და როგორ იშლებოდნენ წელში წარმატებულნი, და როგორ იღერებდნენ ყელს აღზევებულნი, როგორ ქედმაღლურად გადახედავდნენ ხოლმე ყოფილ კოლეგებს და ვფიქრობდი, რა მართალი ყოფილან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი – რა ყოვლისშემძლე ყოფილა ფული!

ახლა სასულიერო პირებთან იყო შეხვედრაზე; და ვინაცვლებდი მეც იმ შეხვედრისაკენ – და მიდიოდა რეპორტაჟი, რომ – რაც ერი, ის – ბერი. და სტუმრად ჰყავდათ ივანიშვილი. ვინიშნავდი სათითაოდ – უმაღლეს სასულიერო წოდებას და პირებს, საპატიო სტუმრის რანგში ვისაც ჰყავდა სტუმარი; და ვხედავ, შუაში უზით და უსხედან გარშემო, არიან შემომწკრივებულნი; სხედან და უსმენენ, უსმენენ მაღალი, ძალიან მაღალი იერარქები, და მერე შეჰღიმიან, და შესციცინებენ სახეში, და როგორა ჩანს, რომ ათეისტის ურწმუნო სახეს კი არ შესცინიან, იმის ფულსა და ქონებას, იმის შეძლებას შესცინიან და ვრწმუნდებოდი – რა მართლები ყოფილან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი!

მერე ცნობილ მწერალთან შეხვედრა აჩვენეს – არა, შეიძლება ის სულაც არ იყო დიდი მწერალი; შეიძლება დიდი კი არა, პატარაც არ იყო; შეიძლება ის წიგნიც კი არ ჰქონოდეს დაწერილი, რომელიც დაწერა; შეიძლება ძალადაც აბრალებდნენ მწერლობას, რადგან მისთვის მწერლის სახელი შეეძინათ, საჭირო დროს სწორედ მისგან ხალხის დასამოძღვრავად; მაგრამ ასაკით, მაგრამ მდგომარეობით, მაგრამ დღევანდელობით მაინც მას ეკუთვნოდა რიდი და პატივი და ამ დროს იქით ეამბორებოდა ხელზე ივანიშვილს და რათა? იმად, რომ ფული აქვს ივანიშვილს და მის ფულს უყრიან მუხლს და მის ფულს ეამბორებიან: უყურებ, განიცდი, მოქმედებს შენზე ეს გულსაკლავი სანახაობა და კიდევ ერთხელ ფიქრობ – რა მართლები ყოფილან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი!

მერე მოდის ჟურნალისტი ინტერვიუს ასაღებად: სახელიანი ჟურნალისტი; ცნობილი თავისი პირუთვნელობით და მტკიცე ხასიათით; შედის ივანიშვილთან და გამოდის ივანიშვილისგან და ისეთი თვითკმაყოფილი, ისეთი ზვიადი გამოხედვით ჯდება მანქანაში, მიხვდები, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მის ცხოვრებაში, რაღაცითაც არის დამწყალობებული და კიდეც რომ არავისგან და კიდეც რომ არაფრით – ეჭვი ხომ ჩნდება – ეჭვი საზარელი, რომ ფულიანი კაცი ფულით დაამწყალობებდა; მით უფრო, რომ, მეორე დღეს ქვეყნდება ინტერვიუ დალაგებული, დაწმენდილი, გარანდული – ისეთი, ივანიშვილი რომ ვერც იტყოდა და არც იტყოდა, იმიტომ, რომ ივანიშვილი ასე ვერ აზროვნებს და ასე ვერ ლაპარაკობს და გრცხვენია – ჟურნალისტის მაგივრად გრცხვენია, რომ შეუსწორა, შეულამაზა და ისე წარუდგინა ხალხს და რის ფასად – ისევ ტივტივებს ტვინში, რომ – ალბათ ფულის ფასად და ისევ გახსენდებიან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი – რა მართლები ყოფილან ისინი!

ახლა კიდევ ინტერვიუა პირდაპირ ეთერში –ინტერვიუერია წინააღმდეგობრივ მოღვაწეობაში გამობრძმედილი სატელევიზიო წამყვანი და ლაპარაკობს ივანიშვილი მონოტონურად და მონოლოგურად და ისევ ივანიშვილი ლაპარაკობს და ლაპარაკობს და ერთ სიტყვასაც არ აწყვეტინებენ, ერთ რეპლიკასაც არ ურთავენ, თუმცა თავისი მოღვაწეობის ისტორიაში ეს ტელეწამყვანი ცნობილია თავისი მწარე რეპლიკებით და ისევ ხედავ, რომ უნდა შეეპასუხოს, აი, ლამისაა პირიც დააღოს, რაღაც თავისებური ჩაურთოს, მაგრამ ფული, ფული აბრკოლებს ადამიანს, ფული უბორკავს ენას! და ისევ მართლები არიან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი, რა ყოფილა ეს ფული!

კიდევ – ერთი ცნობილი პოლიტიკოსი – მკაცრი იერსახის, კუშტი გამომეტყველების პოლიტიკოსი, რომელსაც უჭრიდა ენა და დემოკრატიის მოთხოვნით, ოცი წლის წინ სულ მუშტებს უბრაგუნებდა ეროვნული ხელისუფლების მესვეურებს – შემდეგ წლებში ხომ ცნობილი იყო, როგორც ზედმიწევნით პატიოსანი და უმწიკვლო არსება, თანაც იმდენად, რომ არჩევნების და გადარჩევნების ცოცხალ სინდის–ნამუსად იყო ცნობილი – და ამ სინდის–ნამუსსს უცებ აფიქსირებს ტელეობიექტივი, როდესაც პირმოთნე ღიმილით შესციცინებს ივანიშვილს, და აჩვენებენ ამ კადრს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ამ სინდის–ნამუსს სადღაც გადაჰკარგვია ის სიმკაცრეც, ის შეუვალობაც, ის პრინციპულობაც და სახეზე მარტო იმის უკმარობა ახატია, კუდი რომ არა აქვს და ვერ აქიცინებს! და – კიდევ ერთხელ მართლდებიან ნოვოდვორსკაია და ბოროვოი!

და ბოლოს – ელოდები არჩევნების შედეგებს და მიჯაჭვული ხარ ტელევიზორს. კი, იცი, როგორ არ იცი, რომ ხელისუფლება აშავებს, როგორ არ იცი, რომ ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მაგრამ იცი, რომ ამ ახალი ძალის, ამ საოცნებოებად მოჩვენებულების ნიავი უფრო ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავია, ვიდრე ჩვენებურ-ქართული და გჯერა, რომ ქართველები ამ ნიავს არ მიუშვერენ შუბლს, ისევ ქართულს არჩევენ და მერე ამ ნიავს დაუდარაჯდებიან, მოსთხოვენ, რომ ნაგავიც გაიყოლოს, ჰაერი დაწმინდოს, სულ იქროლოს და არ მოდუნდეს, მაგრამ უყურებ არჩევნების შედეგებს, ჯერ წინასწარს, მერე საბოლოოს და გიტყდება ისევ გული, რაღაც ეჭვი მაინც გღრღნის და ხვდები, ისევ ხვდები – რა სიმართლეს ამბობდნენ თურმე ნოვოდვორსკაია და ბოროვოი, მართლა ყოვლისშემძლე ყოფილა ფული!

ჰო, მართლდებიან, მაგრამ დავიღალე უკვე მაგათი სიმართლით; და გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანსაც თავისი სიმართლე აქვს, რომელიც მათ რჩევას არას დაგიდევთ და იტყვის თავის გულში:

– ღმერთო, მეც ადამიანი ვარ – ანგელოზი ხომ არა ვარ; და მეც, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩემი თანამოძმე, შეიძლება ვერ აღმოვჩნდე მოწოდების სიმაღლეზე, თუკი ვინმეს ფულზე ვიქნები დამოკიდებული – სხვებთან შედარებით 20–ჯერ მეტად თუ უზრუნველმყოფენ, დაუმსახურებლად თუ გადმომირიცხავენ სუბსიდიებს, შორეულ მოგზაურობებს თუ დამიფინანსებენ:

ვაითუ ჩემი ნებისყოფაც მოდუნდეს, ვაითუ ჩემი ღირსებაც დამდაბლდეს, თუკი ჩემზე დაუფარავ მოწყალებას გაიღებენ, მით უფრო, საყოველთაო გაჭირვების ჟამს, იქნება ვერც მე გამოვიჩინო სიმტკიცე; შეიძლება სხვაზე უფრო შესაზიზღი და საბრალობელი გამოვჩნდე მოძმეთა თვალში;

შეიძლება, მე სხვაზე უფრო მეტად დავეცე და შემეყინოს სახეზე მორჩილების გამომხატველი ძარღვი; შეიძლება ვერ დავძლიო ქედმოდრეკილობის ცდუნება და გვედრი, უფალო – ნუ გამხდი ვინმეს ცოცხალ მონად, მიხსენი პირმოთნე ღიმილისაგან და ფულის მონობისგან!

არჩევნები საქართველოში ანუ ვიქნები თუნდაც განტენბაინი

მას შემდეგ, რაც ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობამ არჩევნებზე ხმა „ვიქნები თუნდაც განტენბაინის“, ანუ ნებაყოფლობითი სიბრმავის პრინციპით მისცა, „ქართული ოცნება“ ასრულდა: უპერეცენდენტოდ სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ კოალიციამ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დააკომპლექტონ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლონ და ქვეყნის მომავალ მართვაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე აღიარა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, შემდეგ კი, უკვე არჩევნების მეორე დღეს, ცალსახად განაცხადა, რომ ყველანაიარად შეუწყობს ხელს ახალ პარლამენტს, რათა მან აირჩიოს თავმჯდომარე და შექმნას ახალი მთავრობა. სააკაშვილმა ისიც დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის, რომ მისთვის და მისი პარტიისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია გამარჯვებული კოალიციის ღირებულებები და რომ ნაცმოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

Image

წესით, „ქართული ოცნება“ მის ლიდერთან ერთად უნდა გაეხარებინა პრეზიდენტის ამ განცხადებას: არჩევნებში მონაწილეობის მათი მიზანი ხომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რაც მიიღეს. მაგრამ მოხდა საპირისპირო: „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა (კოალიციის ლიდერმა შემდეგ უკან წაიღო თავისივე სიტყვები, რადგან ამ განცხადებას ევროპის ცალკეული პოლიტიკური პირების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა) და „ტოტალურ გაყალბებაზე“ ალაპარაკდა მაშინ, როცა უკლებლივ ყველა უცხოელი დამკვირვებელი და დიპლომატი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ არცევნების ჩატარებით საქართველომ „დემოკრატიის გამოცდა“ ჩააბარა.

რა ხდება?

სინამდვილეში, ისეთი არაფერი, რაც ძნელად გასაანალიზებელია: სააკაშვილმა წერტილოვანი დარტყმების მიყენება მაშინვე დაიწყო, როგორც კი დე-ფაქტო ოპოზიციაში აღმოჩნდა: მან მწვანე შუქი ყველა მიმართულებით დაუთმო „ქართულ ოცნებას“, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არანაიარად არ იყო მზად მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის: ივანიშვილს (დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი) არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი მიზანი ხელისუფლებისგან სააკაშვილის ჩამოცილებაა.

ამასთან, მილიარდერის მხრიდან დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვა, მედიასაშუალებების შექმნა და უკვე არსებულის ყიდვა, აქტივობა სოციალურ ქსელებში თავიდანვე იმაზე იყო გათვლილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე ადვილად არ დათმობდა ხელისუფლებას. ციხის სკანდალის ვადაზე ადრე გაჟღერების შემდეგ (როგორც იცით, სკანდალური კადრების გავრცელება 29 ან 30 სექტემბერს იგეგმებოდა), ივანიშვილი (დაე, იყოს იგი მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი), მხოლოდ და მხოლოდ მდგომარეობის გართულებას მოელოდა და სწორედ ამისთვის იყო მზად: ქუცაში გამოსვლებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ცესკოს ბლოკირებისთვის, ხმების დაცვის ეგიდით ხალხმრავალი აქციებისთვის, რომლის მთავარი მოთხოვნა სწორედ სააკაშვილის გადადგომა უნდა გამხდარიყო…

სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთი შანსიც კი არ დაუტოვა, რათა კოალიციამ ქუჩაში დგომა გააგრძელოს და მით უმეტეს, გაამართლოს: პირიქით, ცალსახად უთხრა, მობრძანდით, გადაიბარეთ ხელისუფლება და ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ კი, როგორც ოპოზიცია, გაგაკონტროლებთ და თვალყურს მივადევნებთ, როგორ შეასრულებთ დანაპირებსო.

ამ უძიერესი წერტილოვანი დარტყმის მოსაგერიებლად „ქართული ოცნება“ მზად არ არის: ისინი დარჩნენ ცაიტნოტის რეჟიმში (პარლამენტის პირველი სხდომა 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს) –  მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ უნდა შეასრულონ ის უაზრო დაპირებები (100 მილიონის ჩადება ზუგდიდის ეკონომიკაში, ერთი მილიარდის დაბანდება სოფლის განვითარებისთვის და სხვ.), რომლებსაც წინასაარჩევნოდ სწორედ იმ მოტივით არიგებდნენ, რომ პროცესები ქუჩაში გაგრძელდებოდა, რასაც არეულობა მოჰყვებოდა და სააკაშვილის დამხობის შემდეგ, როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, თავის გასამართლებლად სწორედ ეს არეულობა უნდა ჰქონოდათ და წინა ხელისუფლებისთვის უნდა დაებრალებინათ – კი გვინდოდა დანაპირების შესრულება, მაგრამ ბიუჯეტი ცარიელი დაგვხვდაო…

სააკაშვილის ამ ნაბიჯის შემდეგ კი, რომელიც არანაიარად არ ჯდება ქართულ-რუსულ გეგმაში, კოალიცია დაბნეულია: დარჩა ამბიციური დაპირებები, მომლოდინე ხალხი, ერთმანეთის მიმართ პათოლგიური ზიზღით გამსჭვალული მეოცნებე სახეები, რომლებიც ამ სიძულვილს ზოგჯერ ერთმანეთთან ტელეფონით ბინძურ ჭორაობაში იქარვებენ და დარჩა… ცოტა დრო.

ეკატერინიადად ქცეული ბიძინიადა ანუ ვის დარჩა მავზოლეუმის კარები ღია…

„ჩემი გვარი საჭიროა, იმიტომ რომ ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორება…“

                                                                                                  ბიძინა ივანიშვილი

„შენ მეკითხები, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ღალატი“, დუელში მიწვევ…

მეც პასუხი არ მაქვს ხალვათი:

პირგაბადრულმა რომ ატარე შაჰის ხალათი –

აი, ღალატი…“

ია სულაბერიძე

კაცი, რომელმაც გაუძლო რუსულ რყევებს და რუდუნებით აგროვა ჯერ ათასები, შემდეგ მილიონები და სულ ბოლოს მილიარდები;

კაცი, რომელსაც არასდროს შეხებია რუსეთის ხელისუფლების მსახვრალი ხელი და მათ შორის, ბუნებრივია, არც 2006 წელს გამოუძევებიათ მოსკოვიდან სატვირთო თვითმფრინავით;

კაცი, რომელმაც ჯერ ქველმოქმედება, შემდეგ კი პოლიტიკა უზარმაზარი ამბიციით დაიწყო;

კაცი, რომელიც პატრიარქს „გაუნაწყენდა“ სამებასთან დაკავშირებით მისი გვარის ხსენების გამო, დღეს კი ყველას გვარწმუნებს, ხალხს ჩემს გვარზე აქვს სწორებაო;

კაცი, რომელმაც საკუთარი, „საყმაწვილო“ ასაკში მყოფი შვილი სიმღერ-სიმღერ ჩააბა პოლიტიკაში;

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, მაგრამ ვერ იმახსოვრებს მას;

კაცი, რომელსაც ჭადის სახელი ავიწყდება, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო;

კაცი, რომელსაც თავისი სამშობლოს მოქალაქეობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნებში ჩაბმას გადაწყვეტს –

უპრეცენდენტო ნაბიჯს დგამს და თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ეტაპს, რომელსაც პირობითად, „ბიძინიადა“ შეიძლება ვუწოდოთ, ასრულებს.

პირველი ეტაპის დასრულებისთანავე ის ახალი ეტაპის დასაწყისის შესახებ აკეთებს განცხადებას. ქართულ პოლიტიკაში „ეკატერინიადა“ იწყება:

„ვფიქრობ, ეს დროებითი, მაგრამ საჭირო ღონისძიებაა: ჩვენ ოჯახში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს, ყველაფერს ერთმანეთთან შეთანხმებით ვწყვეტთ და მე სწორედ ასეთი ქვეყანა მინდა ავაშენო. ამ შემთხვევაში ეკა დაიჭერს იმ ადგილს, რომელიც მე უნდა დამეჭირა ან ჩემს ვაჟიშვილს, უტას, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტიურობდა, თუმცა, ის 19 წლისაა და კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ჩემი გვარი საჭიროა, რადგან ხალხს დღეს ჩემს გვარზე აქვს სწორება, ამიტომ ჩემი მეუღლე იქნება ივანიშვილი… უფრო სწორად, ხვედელიძე-ივანიშვილი…“

უფრო სწორად ხვედელიძე-ივანიშვილს ეკატერინე ჰქვია და მართალია, ამბიციურობა მის პირველ განცხადებაშიც ჩანდა, როცა გაიხსენა, საქართველოს ისტორიაში ქალები ქვეყნის სათავეებთან საკმაოდ წარმატებულნი იყვნენო, მაგრამ არ დავიწყებია იქვე ხაზი გაესვა, რომ ის მაინც თავისი მეუღლის ჩრდილქვეშ იქნება:

„იმედია, საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი მეუღლისგან ჩემთვის რჩევების მოცემას აკრძალავს“, – თქვა მან.

„ბიძინიადას“ პერიოდში კი აშკარად გამართლდა ერთი ჩემი ენამჭევრი მეგობრის მოსაზრება, რომელიც მის ბაგეთაგან ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის შემდეგ გადმოიღვარა:

„ამ კაცს ეთერი უნდა ჩაურთო და სანამ არ მობეზრდება, არ უნდა გამოურთო…“

ივანიშვილის მხარდამჭერთა ნაწილს დღემდე უკვირს, რატომ ახსენებს ასე ხშირად არაივანიშვილისეული მედია შევარდნაძის დროინდელ სახეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ. სხვათა შორის, მათზე აქცენტის გაკეთების შემდეგ თვითონ ივანიშვილიც კი აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში და „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გააშანშალა, სადაც მიუთითა, ის ხალხი ჩვენ არ მოგვიწვევია, ბატონო, მოსაწვევის გარეშე მოვიდნენ და ხომ არ გავაგდებდითო… არადა, მარტო მე ვიცი ერთი 30 კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი კი არა, ფანია და მზად იყო, მისთვის არათუ დარბაზში, სკამზე მოკალათებულს, არამედ ფილარმონიის ჭაღზე ჩამოკონწიალებულსაც ესმინა, მაგრამ არ შეუშვეს… ახლა გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რომ იქ მისული „სახეები წარსულიდან“ „ჩანგალზე“ მისულები იყვნენ…

როცა პრეზენტაცია დასრულდა, ისევ ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ იხუმრა – ეტყობა, მავზოლეუმის კარი დარჩათ ღიაო, მერე კი დაინტერესდა, რამდენი დღით დაიკეტებოდა ფილარმონია დარბაზში დამდგარი ნაფტალინის სუნის გასანიავებლად…

საერთოდ, „ფეისბუქზე“ იმდღევანდელი გამოხმაურებები ცალკე და საინტერესო თემაა, ამიტომ მასზე უფრო დაწვრილებით ღირს ყურადღების გამახვილება.

მათ, ვინც დარბაზს თვალი გადაავლო და იქ მყოფ ადამიანთაგან ბევრი იცნო, გაუჩნდა შეგრძნება, რომ ფილარმონიაში შედგა შეხვედრა წარსულთან.

„რანაირად შეიძლება, ხუთმილიარდნახევარი გქონდეს და შენს ოცნებაში გოგა ხაინდრავა და ეკა ბესელია ჯდებოდეს?“ – შეწუხდა მეორე.

„ეს კაცი წინასწარ დაწერილ ტექსტს ვერ კითხულობს და ქვეყანას ააშენებს?“ – დაინტერესდა მესამე.

„ქალბატონო ნაირა, ჩაგვეძინა, ტონი მაინც შეცვალეთ მჭექარე ხმით“, – ითხოვა სხვამ.

„ტექსტი შუაზე უნდა გაეყო და ნახნახევარი წაეკითხა თავში და ბოლოში, აღარ შეეშლებოდა“, – ივარაუდა მავანმა.

მოკლედ, როგორი რუდუნებითაც უსმენდა, ფეხზე უდგებოდა, ოვაციებს აგებებდა დარბაზში მყოფი ხალხი დიდ მილიარდერს, ისეთივე მონდომებით, რუდუნებითა და გამალებით კაკუნებდნენ კლავიშები თბილისში და არამარტო თბილისში.

მანამდე კი განხილვის თემად თბილისში კახა კალაძისა და ანდრეი შევჩენკოს ჩამოსვლა და უკრაინელი ფეხბურთელის მიერ კალაძისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა გახდა.

„ყველანი აქ ვართ! აქ არის ყველა!

აგე, შევჩენკოც მოვარდა ჩორთით!

ბიძინასათვის, ბიძინასავით, ბიძინასაკენ, ბიჭებო, სწორდით“ – დაიწერა ერთ-ერთ კედელზე ატვირთული ბერას, კალაძისა და შევჩენკოს ერთობლივი ფოტოს აღწერის ველში.

დარბაზში მსხდომებთან დაკავშირებით კი „ფეისბუქზე” დამატებითი კითხვები გაჩნდა. ჩამონათვალი, მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა: ძველი და ნაცნობი, ძველი და უცნობი, ძველი და კარგად დავიწყებული სახეებით.

წინასწარ დაანონსდა, რომ პოლიტიკოსები პრეზენტაციაზე არ იყვნენ მიწვეულები, მაგრამ საპატიო, ბიძინა ივანიშვილის რიგის უკანა სკამებზე მოხვედრა რესპუბლიკელებს ნაღდად წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი: იქ, სადაც ოლიგარქი უნდა დამჯდარიყო, წინა და უკანა რიგები წინდაწინ იყო დაკავებული – წინა კალაძე-შევჩენკო და კომპანიისთვის, უკანა კი უსუფაშვილი და კომპანიისთვის.

დარბაზში სხვადასხვა ადგილას შენიშნავდით შემდეგ პირებს: დავით თევზაძე, არმაზ სანებლიძე, რეზო ესაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, გენერალი გიორგი შერვაშიძე (შევარდნაძისდროინდელი შინაგანი ჯარის სარდალი), გია ყარყარაშვილი, რობერტ სტურუა, ვახტანგ ხმალაძე, გოგა ხაინდრავა…

ამ და სხვა პირების გამოჩენამ „ფეისბუქ-სტატუსების“ ცეცხლი ახალი ძალით გააჩაღა:

„მოვითხოვ, გამჭვირვალე და ხელმისწავდომი გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საკუთარი ფულადი სახსრების რა ნაწილი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს ნაფტალინის შესაძენად!..“

„20 წელია სულ სადღაც იკრიბებიან – შავნაბადა, ჭადრაკის სასახლე, სპორტის სასახლე, ეროვნული სტადიონი, კოსტავას გამზირი ტელევიზიასთან, რუსთაველის გამზირი მთავრობის სახლთან, ფილარმონია. შეხვედრის ადგილი იცვლება, მაგრამ შეხვედრის მიზანი უცვლელია. „სასტავიც“ რომ უცვლელია? ყველა სახეზეა! კავკასიური დღეგრძელობა მითი არ ყოფილა.“ – ფბ-ზე გამოჩენილი ეს ორი სტატუსი დღეს სოციალურ ქსელში ბევრმა ადამიანმა გაიზიარა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, „ფეისბუქზე“ საკუთარ ოფიციალურ გვერდს ან საერთოდ არ კითხულობს, ან კიდევ, მხოლოდ მხარდამჭერთა გამოხმაურებებს კითხულობს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ დაჟინებითი მცდელობის მიუხედავად, მაგალითად, ცოცხალი თავით არ უპასუხა „დრონი.ჯი“-სრედაქტორის (და არამარტო მის)  შეკითხვას, რომელიც მან „ფეისბუქში“, შეკითხვების განყოფილებაში მისწერა: „ბატონო ბიძინა, თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. შეგიძლიათ თუ არა დღეს და ახლა, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე დადოთ მტკიცე პირობა, რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში, საქართველო არასდროს შევა რაიმე სახის პოლიტიკურ ან სამხედრო ალიანსში – რუსეთის ფედერაციასთან?“

ბიძინა ივანიშვილი ღიზიანდება, როცა საუბარს მის გარემოცვაზე, მის მართვაზე, ჟარგონულად რომ ვთქვათ, „ფულის ახევაზე“ იწყებენ. ამტკიცებს, დამოუკიდებლად გავიზარდე, 11 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლის პარალელურად ფიზიკურად ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდაო, მერე კი ამატებს – არ ვარ ის კაცი, ვისი მართვაც შესაძლებელიაო. არადა, სურათი, რაც შორიდან ჩანს და რასაც კულუარებიდან გამოსული ხმებიც ადასტურებს, სულაც საპირისპიროა: „ქართული ოცნებიდან“ სულ ახლახან წამოსული ნანა დევდარიანიც კი აღიარებს, რომ ივანიშვილს მისი გარემოცვა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და ივანიშვილს მიმართავს – ამ ტაქტიკით თქვენი გამარჯვება ფრიად საეჭვოდ მეჩვენებაო…

15 იანვარს დასრულებული „ბიძინიადა“ და დაწყებული „ეკატერინიადა“ კი ძალას იკრებს: „ოცნების“ პარალელურად, „იგრიკაც“ ჩნდება და ჯადოსნური ყუთი მალე შავ ფერში გადაწყვეტილი „ქართული ოცნების“ შესახებ მოგვიყვება. საქართველო კი მართლაც პარადოქსების ქვეყანაა. მხოლოდ ქართულ სინამდვილეს თუ მოერგება ის ანეკდოტიც, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მათ უნდა წაიკითხონ ყურადღებით, ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილს რუსეთში მილიარდების საშოვნად და, რაც მთავარია, ხელუხლებლად დასატოვებლად არც პუტინის და არც მისი წინამორბედის მხარდაჭერა, მფარველობა, ლობირება და „კრიშობა“ არ სჭირდებოდა… რისი დანახვაც არ გინდა, ვერ დაინახავ, თუნდაც სულ თვალწინ გიტრიალებდეს:

ძმაკაცმა მეგობარს უთხრა, შენი ცოლი გღალატობსო. არ დაიჯერა ქმარმა. ძმაკაცმა შესთავაზა, ერთ დღეს, სახლიდან რომ გავა, მანქანით გავყვეთ უკან და დარწმუნდებიო. მართლაც გაჰყვნენ და დაინახეს, რომ სახლიდან ოდნავ მოშორებით, ფეხით მიმავალ ქალთან მანქანა გაჩერდა, ქალი ჩაჯდა და მძღოლს ტუჩებში აკოცა. დარწმუნდი თუ არაო, დაინტერესდა ძმაკაცი, მაგრამ ქმარმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – მერე რა მოხდა, იქნებ მეგობარიაო. მიყვნენ მანქანას უკან, რომელიც სასტუმროსთან გაჩერდა. ქალი და მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდნენ და სასტუმროში შევიდნენ. ძმაკაცმა ქალის ქმარს გადახედა. მერე რა მოხდაო, – ქმარმა, – სასტუმროში შევიდნენ, სხვას მე აქ ვერაფერს ვხედავო. ცოტა ხანში შევიდნენ ორივენი სასტუმროში. ძმაკაცი ადმინისტრატორს დაელაპარაკა, ჯიბეში ფული ჩაუდო და ადმინისტრატორმა ორივე იმ ნომრის გვერდით შეიყვანა, სადაც ქალ-ვაჟი შევიდა, მერე კი ჭუჭრუტანაც მოუძებნა, საიდანაც გვერდითა ოთახი ხელისგულივით ჩანდა. ძმაკაცმა ქალის ქმარს უთხრა – შენ გაიხედე და დარწმუნდიო. მიაკვდა ქმარი ჭუჭრუტუნას, ცოტა ხანს უყურა და მოშორდა. გამოვიდნენ ქუჩაში, ჩასხდნენ მანქანაშიო და ძმაკაცი მხოლოდ ახლა ეკითხება – დარწმუნდი თუ არა? ქმარმა თავი გაიქნია – ვერ დავრწმუნდი, იმიტომ რომ, როცა გაიხადეს, სინათლე ჩააქრეს და არაფერი დამინახავსო…

ასე რომ, არსებობს რაღაც, რაც დაუნახავადაც საგრძნობი და რეალურია…

მე ვარ…

მე ვარ – ლაშა ბერულავა
მოვიაზრები - როგორც არაორდინარული და ცოოოტა უცნაური
ბავშვობაში ვიყავი – მიმნდობი და გულჩვილი
ახლა ვარ – მიმნდობი, გულჩვილი და ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე
ადრე მეგონა რომ – ცხოვრება იყო ძალიან მარტივი
ახლა ვფიქრობ რომ – ვცდებოდი მაგრამ ცხოვრება ღირს.
არასდროს – ავივსები ბოღმით
ყოველთვის -  მეყვარება
ჩემთვის სულ ერთია – დაშტამპული ადამიანების აზრი ჩემზე
ჩემი დილა იწყება -  მადლიერების გრძნობით
ძალიან მიჭირს – საკუთარ თავთან პაექრობა
ვნანობ – ხშირად და ბევრ რამეს
ვერასდროს ვაპატიებ – უზნეობას
მენატრება – ბავშვობა
ყველაზე დიდი დანაკარგი – ღმერთი
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ღმერთი
არ მინდა მახსოვდეს – სევდიანი მოგონებები
არასდროს დამავიწყდება – სკოლა და მამა.
ჩემზე გავლენა იქონია – მამამ და დამ
როდესაც მღალატობენ – ვბრაზდები, მაგრამ მიზეზს ჩემშიც ვეძებ
ვუმწეოვდები– სულიერად ჩემზე მაღლა მდგომი ადამიანების და მთების წინაშე
როდესაც მაქებენ – თავს ვირწმუნებ, რომ ნამეტანი მოსდით
როდესაც მაძაგებენ - თავს ვირწმუნებ, რომ ნამეტანი მოუვიდათ
იმედი მაქვს – მხოლოდ ღმერთის
მე ვარ შეუმდგარი – სამხედრო პირი
ალბათ ვერასდროს გავხდებოდი – მათემატიკოსი
როდესაც ვბრაზდები – ვბუზღუნებ და ვყვირი
ტყუილს ვამბობ – ხშირად და ზოგჯერ უსინდისოდ
მეშინია – მხოლოდ ღმერთის
ჩემი წყობიდან გამოყვანა შეუძლიათ – თავხედებს და უზრდელებს, თავდაჯერებულ იდიოტებს
წინა ცხოვრება- ეგეთი არ არსებობს
ცდება, ვინც ფიქრობს რომ – უჟმური და ქედმაღალი ვარ
საყვარელი ფრაზა – "რას ამობ კაცო... როგორ გამახარე..."
ჩემი საფერებელი სიტყვები – ბალტყი, დრანცალა, ჩეეემი,ბადურა, მოოოდი
ვერასდროს ვმალავ – სიხარულს
ვცდილობ – არ მოვიტყუო, არ შევიგინო
მეზარება – ღამით მოწევა, მაგრამ ვეწევი
ვერასდროს ვიცლი – გონებაში ჩანიშნული საქმეების გასაკეთებლად
ვერავინ მაიძულებს – ვერაფერს
ვჩქარობ – როცა მასალის გადაცემა მეჩქარება და როცა სხვა საქმე მოითხოვს
სიმშვიდე არის – ის, რაც ხშირად მაკლდა და ახლა უფრო მაქვს
ბოლოს წავიკითხე – “მეიდ ინ ტიფლის”- აკა
ხშირად მადარებენ – ვინი პუჰს:)
ჩემი თავის მიმართ ვარ – მომთხოვნი და კრიტიკული
ვამაყობ – მიზანსწრაფულობით
უარვყოფ - ძალად ათეისტებს
მწამს - ღმერთის
თუკი შევძლებ – დავეხმარები მოხუცებს
სიკვდილი - ის არის, რაც აუცილებლად მოვა
ყოველთვის შეუძლია გამაცინოს – ნიოს და ტასოს
ჩემთვის იდეალური მამაკაცი – მამა
ბოდიშს მოხდა – მიჭირს, მაგრამ ვსწავლობ
ბედნიერება არის – სისავსე და დროგამოშვებითი
არასდროს ვსაუბრობ – ინტიმურ თემებზე სხვასთან, საყვარელი ადამიანის გარდა
მიყვარს – მთელი არსებით
ჩემთვის სულ ერთი არაა – ნიოს აზრი
ვერასდროს შევურიგდები - დღეზე გრძელ ღამეს

მზად ვარ, კობიაშვილთან ყველა ასეთი სანაძლეო წავაგო

ვინ იცის, რამდენ კარგ მწვრთნელს და, მათ შორის, თემურ ქეცბაიასაც გასჩენია სურვილი, მოედანზე გასულიყო და ეთამაშა მაშინ, როცა საფეხბურთო პროტოკოლი აუტის ხაზთან გავლებულ თეთრ ხაზზე გადაბიჯებასაც კი მკაცრად უკრძალავს. რა თქმა უნდა, ისეთ მწვრთნელებს ვგულისხმობ, რომლებსაც უთამაშიათ, მოედანზე ცეცხლი დაუნთიათ, გადამწყვეტ მომენტში თამაში თავიანთ თავზე აუღიათ და თამაშები ასე მოუგიათ. სწორედ ასეთი იყო თემურ ქეცბაია, რომელიც თამაშის მნიშვნელობის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯებოდა. კარგია, რომ თავის შეგირდებს ახლა სწორედ ამას ასწავლის.

როცა წარსულში არანაკლებ ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამადაც არანაკლებ პოპულარული მწვრთნელი, სლოვენ ბილიჩი თამაშის დაწყების წინ ქეცბაიასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა, ყველა მიხვდა, რომ ოცდაორი კაცის შერკინების გარდა ეს მატჩი ამ ორი, ერთმანეთის ტოლი მწვრთნელის დუელითაც იქნებოდა საინტერესო.

რა თქმა უნდა, თამაშის განხილვას არ დავიწყებ, ამაზე უკვე ბევრი ითქვა და კიდევ ბევრი ითქმება. ამ ბლოგპოსტში თამაშის ემოციურ მხარეზე მინდა გესაუბროთ და რამდენიმე საინტერესო, ისტორიული პარალელიც გავავლო.

აურა რომ ბევრს ნიშნავს და ზოგჯერ გადამწყვეტიცაა, ერთ-ერთ წინა ბლოგპოსტში უკვე ვთქვი. ალბათ, ბევრი დამეთანხმებით, რომ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე საქართველოში გარემო ჩვენებურთა გოლის მოლოდინით იყო დამუხტული. არამარტო გოლის, არამედ გამარჯვების მოლოდინით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერიის ფონზე ბევრმა ირწმუნა, რომ ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანაკრებო გუნდის დამარცხება შეუძლიათ.

ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომ მხოლოდ გამარჯვების მოლოდინითა და თუნდაც, 55.000 გულშემატკივრის ომახიანი შეძახილით, მათგან გამომდინარე აურით ფონს ვერ გახვალ. ფეხბურთში კიდევ ბევრი რამაა საჭირო და გამარჯვების მისაღწევად ამ ბევრი რამის ერთობლიობაც, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი და მათი მოლოდინით დამუხტული ჰაერი „პაიჭაძის“ თავზე რომ ბევრს ნიშნავს, ეს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქეთა მწვრთნელმაც აღიარა. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, როცა მეტოქეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში  გულშემატკივართა სიმრავლის ფაქტორს და მათ მნიშვნელობას….

ამდენი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ სტადიონზე მისული გულშემატკივარი საფინალო სასტვენისა და ფეხბურთელებთან გამოთხოვების შემდეგაც კარგა ხანს არ ტოვებდა სტადიონს: ნაცნობ-უცნობი ერთმანეთს ულოცავდა, ეხვეოდა, მხარზე ხელს უტყაპუნებდა, ჟესტიკულაციის მოშველიებით იხსენებდა საგოლე შეტევის განვითარებას, იცინოდა, ყვიროდა და ისევ იცინოდა… სტადიონი ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც უცნობი ადამიანი დიდი ხნის მეგობრად მოგეჩვენოს, სადაც შეგიძლია დაიცალო, ვნებათაღელვას ამოხეთქვის საშუალება მისცე, ჰოდა, ამდენი ხნის წარუმატებლობით გაღიზიანებული ქართველები ვიცლებოდით…

ერთი მეგობარი მყავს, რომლის სახლის აივნიდან განათებული სტადიონი შორიდან, მაგრამ კარგად მოჩანს და ის მიყვებოდა, ბოლო წუთებზე, როცა გოლის შემდეგ ხორვატებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს ჩვენს კარებთან, სტადიონის თავზე ცისფერი ბოლი ბოლქვებად ამოდიოდაო. ჯერ უფიქრია, რომ შუშხუნების ბოლი იყო, მერე ისიც უვარაუდია, შეიძლება, ხანძარი გაჩნდაო და მერე ერთბაშად მიმხვდარა, რომ საფინალო სასტვენის მოლოდინში დაახლოებით 40 ათასმა კაცმა სიგარეტს ერთდროულად მოუკიდა და ნერვიულად მოქაჩა…

საფინალო სასტვენის შემდეგ კი ლევან კობიაშვილი, მოედნიდან გასახდელში გასვლამდე, სიხარულის ცრემლებით ტიროდა. ტიროდა ფეხბურთელი, ვისაც არაერთი გოლი გაუტანია. მათ შორის – გადამწყვეტი და მათ შორის – ბუნდესლიგაში და ვისი ცრემლებიც არავის ახსოვს… ესეც დაცლა იყო: უარყოფითი ემოციისგან დაცლა და იმის შეგრძნება, რომ სტადიონზე მოსულ ათასობით ადამიანს და კიდევ ასეულ ათასს, რომელიც ტელეეკრანებს იყო მიჯაჭვული, ენით აუწერელი სიხარული მიანიჭე და გამარჯვების რწმენა დაუბრუნე…

ისიც დაცლა და ძველი დიდების გახსენება იყო, რაც მატჩის შემდეგ ჯერ წერეთლის გამზირზე, მერე კი დედაქალაქის დედაქუჩაზე ხდებოდა: ათასობით ადამიანი, ათასობით მანქანის სიგნალი, გულის სიღრმიდან წამოსული „სა-ქარ-თვე-ლო!“, გაღიმებული მძღოლები, გაღიმებული პატრული-პოლიციელები, რომლებსაც აზრადაც არ მოსვლიათ გაურჩებული მძღოლების დაჯარიმება და არც გადაკეტილ გამზირებზე უცდიათ მოძრაობის აღდგენა. და, რაც საინტერესოა, ეს იყო შემთხვევა, როცა ის მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ფეხბურთი და არც იცოდნენ, რა მოხდა „პაიჭაძეზე“, მსვლელობის მიზეზის გაგების შემდეგ კოლონას უყოყმანოდ უერთდებოდნენ… მოკლედ, ქართველებმა ზეიმი გავიხსენეთ – ასეთი ამბები დედაქალაქის ქუჩებში ფეხბურთთან დაკავშირებით 1981 წლის 13 მაისის შემდეგ არ მომხდარა, როცა თბილისის „დინამო“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა…

ზემოთ გამარჯვების მოლოდინი ვახსენე და გამიხარდა, როცა ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომ ქართველი ფეხბურთელებიც ასეთივე მოლოდინით ყოფილან შეპყრობილი. ჩემგან ნახსენები მეგობარი ფან-კლუბ „ქართული სპორტის ქომაგთა“ შორისაა და ისეთი კულუარული ამბები იცის ნაკრებთან დაკავშირებით, რომ გაგიკვირდება. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე მიყვებოდა, რომ ლევან კობიაშვილს, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე დაუჟინია, გოლს გავიტანო და რამდენიმე თანაგუნდელისთვის სიმბოლური სანაძლეოც შეუთავაზებია. როცა ამას მიყვებოდა, მაშინ არა და, მერე, როცა კობიაშვილმა მართლა გაიტანა გამარჯვების გოლი, რაღაც გამახსენდა, გადავამოწმე, საინტერესო პარალელი გამოვიდა და მინდა, თქვენც გიამბოთ:

80-იან წლების ბოლოსკენ თბილისის „დინამო“ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა უეფას თასზე. მგონი, ეს ის სეზონი იყო, მერვედფინალში რომ „ვერდერმა“ შეგვაჩერა. მახსოვს, მაშინ ბრემენის ამ გუნდმა წინა ეტაპიდან მოსკოვის „სპარტაკი“ გამოთიშა ასპარეზობას (6:0 დაამარცხა საკუთარ მოედანზე), კენჭისყრას კი სწორედ ჩვენ შეგვახვედრა. მართალია, ორი მატჩის ჯამში წავაგეთ, მაგრამ „სპარტაკთან“ შედარებით – საკმაოდ ღირსეულად: ბრემენში „ვერდერმა“ 2:1 მოგვიგო, თბილისში განმეორებითი შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. მაგრამ მატჩი, რომელთან დაკავშირებული ისტორიაც მინდა გიამბოთ, „ვერდერთან“ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ბუქარესტში ჩატარდა და „დინამოს“ მეტოქე რუმინული „ვიქტორია“ გახლდათ. მაშინ დინამოელებმა სტუმრად 2:1 გაიმარჯვეს და გამარჯვების გოლი რუმინელების კარში სოსო ჭედიამ თავით გაიტანა.

ქვეყნად არაფერი იკარგება და ისტორიაც ხშირად მეორდება. თამაშის წინადღეს „დინამოს“ კაპიტანი, სოსო ჭედია, რომელიც ოთხნომრიანი მაისურით თამაშობდა (მიაქციეთ ყურადღება, რომ გუშინდელი ნაკრების კაპიტანიც მეოთხე ნომრით ასპარეზობდა), რამდენიმე თანაგუნდელთან მისულა და სანაძლეო შეუთავაზებია, რომ თამაშში გოლს გაიტანდა, თანაც თავით. რამდენიმე თანაგუნდელს მიუღია კიდეც ეს სანაძლეო. ჭედიამ მართლაც შეძლო თავური დარტყმით გოლის გატანა, მეორე დღეს კი, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში, შესანიშნავმა სპორტულმა ჟურნალისტმა, დავით კაკაბაძემ „ვიქტორია“-„დინამოს“ მატჩის შესახებ სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: „მზად ვარ, ჭედიასთან ყველა ასეთი სანაძლეო წავაგო, ანუ, ვიქტორია რუმინეთში“.

გუშინდელ მატჩში სოსო ჭედია ნაკრების მეორე მწვრთნელის რანგში თემურ ქეცბაიას გვერდით იჯდა. ეკრანზე კარგად ჩანდა, როგორი გახარებული იყო გოლის შემდეგ – როგორც ყველა ქართველი. მე კი, მოგვიანებით, როცა გოლი და გამარჯვების სიხარული არაერთხელ ვნახე მონიტორზე, სოსო ჭედიას მისამართით ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ნეტავ, საკუთარი ისტორია და რუმინული ვიქტორია(ანუ, გამარჯვება) თუ გაახსენდა?

დღეს გამოქვეყნდა ამ საიტზე

 

ცოტა რამ კლიმატური იარაღის შესახებ

როგორც სახელწოდება მიანიშნებს, კლიმატური ეწოდება იარაღის ისეთ სახეობას, რომლითაც შესაძლებელია კლიმატზე ზემოქმედება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამინდის მართვა. რადგან თითქმის ყველა იარაღი, სამედიცინო და სამუშაო ხელსაწყოების გარდა, სხვისთვის ზიანის მისაყენებლადაა მოგონილი, ბუნებრივია, „ამინდის მართვაში“ არ იგულისხმება ავდრის გარდაქმნა დარად, თუკი ეს კლიმატური იარაღის გამომყენებელი ქვეყნის იმტერესებში არ შედის. უფრო ხშირად დღემდე საიდუმლო იარაღად მიჩნეული კლიმატური იარაღის მთავარ დანიშნულებად სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევას მიიჩნევენ.

იმის მიუხედავად, რომ კლიმატური იარაღის შექმნასა და მის არსებობაზე გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან საუბრობენ, დღემდე დანამდვილებით ვერავინ ამბობს, არსებობს თუ არა ბუნებაში მართლაც ასეთი იარაღი და რომელ სახელმწიფოებს აქვთ იგი. თუ კლიმატური იარაღის არსებობას დავუშვებთ, ისიც უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალგანვითარებულობა ამ იარაღის ფლობისთვის საკმარისი არ არის. კლიმატური იარაღის შესაქმნელად და გამოსაყენებლად ათეული წლების განმავლობაში კოლოსალური შრომა, ადამიანური და ფულადი რესურსი გახდა საჭირო.

იარაღის ამ სახეობის გამოყენებაზე საუბრობდნენ მრავალი დამანგრეველი მიწისძვრის, ცუნამის თუ სხვა კატაკლიზმის დროს. ამიტომაც, არც არავის გაკვირვებია, როცა იაპონიაში მომხდარი მოვლენების შემდეგ აქა–იქ ისევ გაიჟღერა რუსეთის მხრიდან იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენების ვერსიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღის ფლობაზე, ალბათ, არცერთი სახელმწიფო არ იტყოდა უარს, კლიმატური იარაღი სულაც არ არის ისე მარტივად სამართავი, როგორადაც ეს ბევრს წარმოუდგენია და რომელთა აზრითაც, საკმარისია „სვლის“ ღილაკს ხელი დააჭირო და მტრულად განწყობილ ქვეყანას უეცრად წყალდიდობა, ცუნამი ან მიწისძვრა დაატყდება თავს. ამ სახის იარაღის არსებობისადმი სკეპტიკურად განწყობილთა აზრით, მისი არსებობისა და გამოყენების შემთხვევებშიც კი ყოვლად წარმოუდგენელია იმ ეფექტის გათვლა, რაზეც იარაღის გამოყენებაა გათვლილი, ასევე შეუძლებელია სხვა სახელმწიფოებზე მინიმალური გავლენის მოხდენის უზრუნველყოფა და  თვითონ კლიმატური იარაღის გამომყენებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვლა.

ამის მაგალითად მოჰყავთ საბჭოთა პროპაგანდაში გავრცელებული მოსაზრება გასული საუკუნის სამოციან წლებში აშშ–ს მიერ ვიეტნამში ხანგრძლივი ხელოვნური წვიმების სწორედ კლიმატური იარაღის მეშვეობით გამოწვევის შესახებ და აცხადებენ, რომ თუნდაც  ვიეტნამის ომში აშშ–ს მიერ ამ იარაღის გამოყენების დაშვების შემთხვევაშიც კი, ეფექტი მეტად ხანმოკლე იყო იმ ადამიანურ რესურსებთან და მატერიალურ სახსრებთან შედარებით, რაც ამ ექსპერიმენტის ჩატარებაზე დაიხარჯებოდა, ამიტომაც, არცერთ, თვით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოსაც კი არა აქვს იმდენი ფუფუნება, ასეთი საეგებიო ეფექტის მქონე ექსპერიმენტები ჩაატაროს.

რასაკვირველია, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში ბუნებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები ითვალისწინებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა საავდრო ღრუბლების გაფანტვა სპეციალური მოწყობილობების მოშველიებით, მაგრამ ეფექტი ამ შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, ბევრს სასაცილოდაც ეჩვენება რუსეთის მიერ იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენება მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ, სანკტ–პეტერბურგის 300 წლისთავის აღნიშვნის დროს, მთელი რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსებმა დარის უზრუნველყოფა ვერ შესძლეს და მაინც წვიმა მოვიდა…

იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებამდე კლიმატური იარაღის თემა ფიგურირებდა ქარიშხალ „კატრინასა“ და შარშან ზაფხულში მოსკოვის შემოგარენში ხანძრის მძვინვარების დროს. ცალკეული ექსპერტები იმასაც ამბობდნენ, რომ 2008 წელს რუსეთმა კლიმატური იარაღი საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა, როცა ბორჯომის ტყეებში ხანძარი გაჩნდა.

რასაკვირველია, ერთ ბლოგ პოსტში შეუძლებელია კლიმატური იარაღის არსებობა–არარსებობის დადასტურება ან უარყოფა. ამიტომაც, მხოლოდ იმის გახსენებას  დავჯერდებით, როდის და რა კონტექსტში მოიხსენიეს  კლიმატური იარაღი ბოლოს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ იარაღის სავარაუდო მფლობელ ორ სახელმწიფოსთან – აშშ–სა და რუსეთთან მიმართებაში.

პირველი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი კლიმატურ იარაღს ფლობს, ამერიკელმა მეტეოროლოგმა სკოტ სტივენსმა გაზეთ “Casper Star Tribune”–ში გააკეთა. საერთო ჯამში, ამას მინიშნებას ვერც დაარქმევ: ამერიკელმა მეცნიერმა რუსეთი ღიად დაადანაშაულა ქარიშხლების „კატრინასა“ და „რიტას“ წარმოქმნაში, განაცხადა რა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ–ს დროიდან არსებობდა საიდუმლო მოწყობილობები, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში ხდება შესაძლებელი კლიმატზე ზემოქმედება.

სტივენსის განცხადებით, ამ სახის იარაღზე მუშაობა სსრ კავშირმა 1976 წელს დაასრულა და იგი ელექტრომაგნიტური გენერატორის პრინციპზეა აგებული. სტივენსი არ გამორიცხავს, რომ 80–იან წლებში, შესაძლოა, ამ სახის იარაღს სსრკ ბანდიტურ ფორმირებებზე ჰყიდიდა, მათ შორის იაპონურ „იაკუძაზეც“, რომელსაც აშშ–ზე შურისძიება ჰქონდა ჩაფიქრებული ხიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების გამო. სტივენსის თქმით, რადიოეთერის მოკლე ტალღებზე დაკვირვების დროს აღმოჩენილი ამოუცნობი ხმაური კიდევ სწორედ იმას მიანიშნებს, რომ „საქმე გვაქვს ამინდის კონტროლის რუსულ მანქანასთან“.

ისიც უნდა ითქვას, რომ სტივენსის მოსაზრებას აბსურდული ყველაზე პირველად სწორედ ამერიკელმა სწავლულებმა უწოდეს. მეტიც – იგი თერმოდინამიკის კანონებისა და ქარიშხლების შესახებ თეორიული ცოდნის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულეს. ზოგიერთმა ამერიკელმა მეცნიერმა სტივენსს „შეთქმულების თეორიის“ მსხვერპლიც კი უწოდა, თუმცა, მეორე ნაწილმა სულაც არ გამორიცხა რუსეთიდან ამერიკაში „კატრინას“ გაგზავნის შესაძლებლობა და ამ ქარიშხლის დამანგრეველი შედეგების შემდეგ ბევრმა გაიხსენა რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება 2002 წლის სექტემბერში, რომელიც მან ჯორჯ ბუში–უმცროსის მისამართით გააკეთა:

„ღამით ჩვენი მეცნიერები ოდნავ შეცვლიან დედამიწის გრავიტაციულ ველს, და მთელი შენი ქვეყანა წყალქვეშ აღმოჩნდება. ოცდაოთხი საათი, ბლ…. , – და მთელი შენი ქვეყანა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანებისგან წაილეკება. შენ ვის ეხუმრები, ბლ…?!“

ჟირინოვსკის ოდიოზურ ფიგურას და მის ისტერიულ განცხადებებს სულაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, მაინც უნდა ითქვას, რომ 60–70–იანი წლების სსრ კავშირში მართლაც მიმდინარეობდა სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ამინდის მართვისთვის საჭირო იარაღზე მუშაობა. ამ მიზნით შექმნილი იყო მთელი პროგრამა, რომლის დროსაც შეიქმნა ობიექტი „სურა“, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ნიჟნი ნოვგოროდიდან 150 კილომეტრზე, მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა და სსრკ–ს რადიოფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს ეკუთვნოდა.

დღეს ეს ობიექტი, საკმაოდ მიგდებულად გამოიყურება, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს, მისი უკაცრიელი სახე კი, შესაძლოა, შენიღბვის ერთ–ერთი მეთოდიც იყოს. 9 ჰექტარ ფართობზე ოცმეტრიანი ანტენების რამდენიმე რიგია, რომელთა ქვეშ ბუჩქებია ამოსული. ანტენების ველის შუაში უზარმაზარი გამოსხივების მქონე რუპორია განთავსებული – მისი მეშვეობით მეცნიერები ატმოსფეროში აკუსტიკურ პროცესებს სწავლობენ. ტერიტორიის განაპირას რადიოგადამცემთა შენობა და ტრანსფორმატორული ქვესადგურია, ოდნავ მოშორებით კი – ლაბორატორია და სამეურნეო შენობები. რასაკვირველია, ტერიტორია მოქალაქეებისთვის დახურულია და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს იქ ამჟამად, შესაბამისად, საიდუმლოდ რჩება.

„სურა“ საბოლოოდ 1981 წელს ამოქმედდა. იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროზე დაკვირვება და მათი ურთიერთქმედების შესწავლა ამ დაწესებულებაში რომ დღესაც მიმდინარეობს, რუსები ხელაღებით არ უარყოფენ. კარგა ხნის განმავლობაში ამ დაწესებულებას სსრკ–ს თავდაცვის სამინისტროც კურირებდა, თუმცა, როგორც დღეს რუსები აცხადებენ, სსრკ–ს დაშლის შემდეგ აქ დაწყებული მეცნიერული დაკვირვებებით არავინ დაინტერესებულა, რაც ცოტა უცნაური მტკიცებულებაა, თუ მხედველობაში მივიღებთ პუტინის ნატურას და იმას, რომ რუსეთის მმართველი სსრკ–ს დაშლას „ეპოქალური მნიშვნელობის შეცდომას“ უწოდებს.

ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინმა უარი თქვა თითქმის უკვე გამზადებული ხელსაწყოების სრულყოფაზე და გამოყენებაზე, რითაც კლიმატის მართვაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ბევრ უცხოელ და, სხვათაშორის, რუს მეცნიერსაც არ ეპარება ეჭვი, რომ კლიმატური იარაღი რუსეთმა სსრკ–სგან მემკვიდრეობით მიიღო.

„სურა“ ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე მსგავსი დანიშნულების მქონე ერთადერთი ობიექტი სულაც არ არის. აი, რას იხსენებს „იტოგისთან“ საუბარში გეოლოგიურ–მინერალოგოიური მეცნიერების დოქტორი, ფიზიკა–მათემატიკური მეცნიერების კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკისა და მინერალოგიის გაერთიანებული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, ალექსანდრე დმიტრიევი :

„რუსეთში კლიმატური ექსპერიმენტები ნამდვილად ტარდებოდა. მაგალითად, მეცნიერებმა ტულის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან ფართოდ დანერგეს ნალექის კონტროლის ტექნოლოგიები. თავდაპირველად ამ სამუშაოებს სსრკ–ს უმაღლესი განათლების სამინისტრო კურირებდა, შემდეგ ამ გამოკვლევებით სსრკ–ს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, 1990 წლიდან კი ტულელი მეცნიერები გენერალური შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდნენ.

შეიქმნა ქსელი 11 პოლიგონისგან, რომლებზეც შესაძლებელი იყო ამინდის ან კლიმატური პირობების შეცვლა. ტულელი მეცნიერების ტექნოლოგია ციკლონების წარმოქმნასა და მათი მოქმედების ტრაექტორიაზე ზემოქმედების საშუალებასაც იძლეოდა, ქარიშხლებისა და მიწიძვრების გამოწვევის ჩათვლით.

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარტინოვმა იპოვა მეთოდი, რითაც დედამიწისა და ატმოსფეროს გრავიტაციული ბალანსის დარღვევის ინფორმაციის დაფიქსირება იყო შესაძლებელი, ამის შემდეგ კი შეიქმნა ხელსაწყო, რომელიც მიღებული სიგნალების კორექტირებას ახდენდა და ამინდზე ზემოქმედება შეეძლო.

რამდენიმე ასეთი ხელსაწყო, რომელიც განთავსდა სხვადასხვა წერტილში, იმ სიგნალის გენერაციას ახდენდა, რომელიც ციკლონთა ტალღას მართავდა. რამდენადაც ვიცი, სსრკ–ს დაშლის შემდეგ ეს სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. თუკი დღეს რომელიმე უწყება დაკავებულია მსგავსი საქმიანობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატური იარაღი არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კლიმატის შეცვლის, მასზე ზემოქმედების მეთოდები საკმაოდ პრიმიტიულია და შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიგვიყვანოს“.

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, ძნელია, არ დაეჭვდე, რომ კლიმატური იარაღი მართლაც არსებობს. სხვათაშორის, ამ იარაღის მფლობელად აშშ–საც მოიაზრებენ და ეს არც არის გასაკვირი – ამერიკელებს ყველაზე ადრე ეცოდინებოდათ, რომ ასეთი იარაღის სრულყოფა სსრკ–მ დაიწყო და მისი ანალოგის დასამზადებლად თვითონაც არაფერს დაიშურებდნენ.

რუსულმა მედიასაშუალებებმა სკოტ სტივენსის მიერ კლიმატური იარაღის გამოყენებაში რუსეთის დადანაშაულების შემდეგ მაშინვე გაიხსენეს, რომ აშშ–ში, ანკორიჯიდან 400 კმ–ის დაშორებით, გაკჰონის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული ტერიტორია, სადაც, ტუნდრის შუაგულში ერთი ობიექტი – НААRР, იგივე „ჩრდილოეთის ნათება“ მდებარეობს, რომელსაც  საზღვაო ქვეითთა ბატალიონი იცავს, ხოლო მის თავზე საჰაერო სივრცე ყველა სახეობის ფრენისთვის დახურულია. რუსული მედიის ცნობით, სწორედ ამ ცენტრში და არა რუსეთშია გამოკეტილი კლიმატური იარაღის საიდუმლო.

სტუდია „სლოვოს“ მიერ მომზადებული  „კლიმატური იარაღის“  პირველი ნაწილი, თითქოსდა, ამ იარაღის შესახებ ამომწურავად უნდა მოგვითხრობდეს, მაგრამ მასში მხოლდ გაკვრითაა ნახსენები სსრკ–ს და რუსეთის მიღწევები ამ კუთხით და ძირითადი აქცენტი სწორედ НААRР–ზეა გადატანილი. თუ ფილმს დავუჯერებთ, აშშ–ს კლიმატური იარაღი საკუთარ ტერიტორიაზეც კი გამოუყენებია და ალიასკაზე დამანგრეველი მიწისძვრა გამოუწვევია, რათა ამ იარაღის სიმძლავრე გამოეცადა.

სტუდია “სლოვოს” მიერ გადაღებული ფილმის “კლიმატური იარაღის” პირველი ნაწილი (1, 20 სთ)

სტუდია “სლოვოს” მიერ გადაღებული ფილმის “კლიმატური იარაღის” მეორე ნაწილი (1, 40 სთ)

ბლოგ-ტექსტის მიხედვით გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებისა და თვითონ სტატიის წაკითხვა   აქ შეგიძლიათ.

 

“მწერალი არ ვარ, გადამწერი ვარ…”–ჩემი საუბარი ცოცხალ კლასიკოსთან

„..საქმე გვაქვს, თანაც, როგორი – ძნელ უკეთესობას მიუახლოვდე და აუხილო შეგუებულებს ამტანი თვალი…“

შეგუებულთა ამტანი თვალის ამხელი ერთადერთი ცოცხალი ქართველი კლასიკოსის სამუშაო მაგიდაზე მისთვის დამახასიათებელი ქაღალდუხვობაა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება უწესრიგობადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ „უწესრიგობის“ შემოქმედმა მწერალმა ძალიან კარგად იცის, სად რა დევს, როდის რას გადასწვდეს, როდის რას შეავლოს ხელი.

გურამ დოჩანაშვილის ბინაში არცთუ ძალიან ცივა, მაგრამ მწერალს თბილ, მაღალყელიან ჯემპრზე ჟილეტი მოუცვამს. რა თქმა უნდა, წუწუნი არ სჩვევია, მაგრამ დიალოგს მაინც საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბრით იწყებს:

„მოტეხილი ფეხი ჯერ სრულად არ გამმთელებია. რა დროს წუწუნია, რახან ხელს ვამოძრავებ, ფეხს კი არ ვჩივი, მაგრამ მაინც მიშლის და ვამბობ…“, – მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი – უალალესი ღიმილით ამბობს ბატონი გურამი და „პრესა.ჯი“–ს მორიგი შეკითხვა, რა თქმა უნდა, იმას ეხება, რაზე მუშაობს ამჟამად მწერალი.

– ჩემი ავტობიოგრაფიული რომანის პირველი ნაწილი უკვე გამოვიდა, ახლა მეორე ნაწილზე ვმუშაობ. ამ რომანში ჩემი მკითხველი ძალიან ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდება. რომანში ვიგონებ მათ, ვინც შემხვედრია და ვისთან შეხვედრას თუ ურთიერთობას ჩემზე დადებითი გავლენა მოუხდენია. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში მხოლოდ კარგები არ მხვდებოდნენ, მაგრამ ცუდები არ დამიმახსოვრებია – ისედაც გვყოფნის… ჩემი რომანის პირველი ნაწილი უკვე არის გაყიდვაში, ოღონდ, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისში. მეორე ნაწილის შემდეგ ვეცდები, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდოს…

– ამ ბოლო დროს, რაღაც, არ სწყალობთ ქართულ მედია–საშუალებებს…

– სიმართლე გითხრათ, არც ტელევიზორში ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს და არც გაზეთებში ვკითხულობ. იმიტომ კი არა, რომ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ, ამდენი აგრესია, ცუდი ამბები, დაპირისპირება მთრგუნავს. როგორ შეიძლება, მხოლოდ ამაზე ილაპარაკო, რომ: აფეთქდა, ჩამოვარდა, ტყვია ესროლა, ავიაკატასტროფა მოხდა… ჩვენს ქვეყანაში და მეზობლად რომ შემოაკლდებათ, ინდონეზიის ამბებზე გადადიან: ის ჩამოაგდეს, იქ მიტინგებია, იქ თვითმფრინავი ჩამოვარდა… შე კაი დედმამიშვილო, ცუდი ისედაც ბევრი მაქვს ირგვლივ, რამე კარგი მითხარი… ამიტომაც, ტელევიზორში ვუყურებ მხოლოდ ფეხბურთს და კულტურის ამბებს…

ფეხბურთი მაინც, ისეთი სპორტია, რომ თვითონ ხარ: თვითონ დარბიხარ, თვითონ თამაშობ ქარსა და წვიმაში, თვითონ გაგდის ოფლი… ესენი კიდე, გამოწყობილი გამოვლენ და იძახიან: ეს ასე უნდა ყოფილიყო, ის ისე, მაგრამ არის ასე და იქნება ასე… რა იცი, შენ, მე რომ მეუბნები? საიდან იცი, რა იქნება? ღმერთი წყვეტს ამას, შენ კი არა… მაგრამ ესმით? ეს ჟურნალისტებიც მაკვირვებენ, კაცო: მოდიოდნენ სახლში, ჩართავდნენ ჩამწერს, მეტყოდნენ, აქ და აქ ნახეთ, თქვენი ინტერვიუ იქნებაო და რომ იბეჭდებოდა, გაოცებული ვიყავი, ჩემ თავს ვერ ვცნობდი: თურმე რომელიღაც პარტიას ვაქებ, რომელიღაცას ვაძაგებ… ერთ მეგობარს შევჩივლე – კაცო, რაღას მოდიან სახლში, მაინც არ წერენ იმას, რასაც ვეუბნები, ბარემ თვითონვე დაწერონ, უჩემოდ–მეთქი… ამიტომ ვერიდები გამოჩენას…

– მაგრამ თქვენს თაყვანისმცემლებს ინტერნეტში და ინტერნეტის გარეშეც, აინტერესებთ, რას აკეთებს მათი საყვარელი მწერალი, როგორია მისი ერთი სამუშაო დღე…

– ინტერნეტი კი არა, კომპიუტერი სადაც არის, იმ ოთახში ვერ ვჩერდები. ვცადე კომპიუტერში წერაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, როცა ტექსტის წერა დავიწყე, ბიბლია შუაზე გამიყო და დამიწერა: ბი–ბლია… ვიკითხე, რა სჭირს–მეთქი და, ავად არისო, ხდება ავად?

– დიახ, ზოგჯერ ვირუსი შეეყრება ხოლმე, ძნელია განკურნება…

– ჰოდა, რად მინდა ეს ვირუსიანი, ისევ ჩემებურად წერა მირჩევნია… – ხელს უსვამს და ერთმანეთზე ალაგებს ხელნაწერებსა და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ თაბახის ფურცლებს.

– ბატონო გურამ, თანამედროვე მწერლებს თუ კითხულობთ, ახალგაზრდებს?

– კი, როგორ არა, ვკითხულობ და 7–8 მყავს გამორჩეული, ოღონდ, გვარებს ვერ ვიხსენებ, ერთის გარდა – გელა ჩქვანავა არის ეგეთი, გალიდან ყოფილა, დევნილი. მისი ნაწერები ძალიან მომწონს: იუმორი, გროტესკი… იყვნენ აქ ჩემთან გალელები, დიდი მოკითხვა დავაბარე მასთან, არ ვიცი, გადასცეს თუ არა… საერთოდ, გალთან დიდი მოგონებები მაკავშირებს…

– იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ ამ მოგონებებზე…

– რა თქმა უნდა, გიამბობთ: მე პროფესიით არქეოლოგი ვარ და მიმუშავია კიდეც ამ სპეციალობით. განსაკუთრებით გალის რაიონს გამოვყოფდი, სოფელ ღუმურიშს. თანაც, მე ქვის ხანაში ვმუშაობდი და ეს პერიოდი ასწლეულებს ითვლის. მიმაჩნია, რომ საქართველოში არ არის ადგილი, სადაც რამდენიმე მეტრს გათხრი და ვერაფერს იპოვი.

– კირკიტა ხელობა გქონიათ, ბატონო გურამ… ეტყობა, ეს შემოქმედებაშიც გადაგყვათ. თქვენს „სამოსელ პირველში“ ცალკე თავი ეთმობა კანუდოსს, თავისუფლების ქალაქს, რომელთა მკვიდრნი სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ებმებიან კამორელებთან და საბოლოოდ კი მარცხდებიან, მაგრამ მათი საქმე იმარჯვებს. რომანზე 12 წლის განმავლობაში მუშაობდით და საბოლოოდ 1978 წელს დაასრულეთ, 80–იან წლებში კი ცნობილი გახდა ბრაზილიაში, ერთ–ერთი დასახლების პირისაგან მიწისა აღგვის შესახებ, სადაც კანუდოსელების პროტოტიპები ცხოვრობდნენ, რომლებიც მთავრობას განუდგნენ და თავიანთი ქალაქი შექმნეს. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ იმ ქალაქს ბრაზილიაში კანუდოსი ერქვა. როცა თქვენს რომანზე მუშაობდით, არაფერი იცოდით ბრაზილიური კანუდოსის შესახებ?

– ეს მართლაც საოცრება იყო. რომანზე მუშაობა 1978 წელს დავამთავრე. როცა რომანზე ვმუშაობდი, მაშინდელ საბჭოთა კავშირში არაფერი იყო ცნობილი ბრაზილიური კანუდოსის შესახებ. ბუნებრივია, არც მე ვიცოდი. 1982 წელს, მოსკოვში გამართულ წიგნების ბაზრობაზე ერთ–ერთი სამხრეთამერიკელი მწერლის წიგნი შევიძინე, რომელიც ესპანეთში იყო გამოცემული. კანუდოსის შესახებ იქ ამოვიკითხე და ამოვისუნთქე, რადგან ჩემი რომანი 4 წლით ადრე იყო გამოცემული, ვერაფერს დამაბრალებდნენ. თორემ ამათ რა გაუძლებდა, ისედაც პირზე ეკერათ, ეს იმისგან აიღო, ეს იმას მოპარაო…

– მახსოვს, კოსმოპოლიტიზმსაც გაბრალებდნენ…

– კი, დომენიკოს გამო, ასე რატომ დაარქვიო. მერე კი იმას მსაყვედურობდნენ, ლამაზ–ქალაქში, კამორასა და კანუდოსში პერსონაჟებს ქართული სახელები რატომ არ ჰქვიათ, თუ კოსმოპოლიტი არ ხარო… მაგათ ვუპასუხე – კაცო, მიწერია მანდ, რომ „წავიდა უცხო ქვეყნად“. ჰოდა, გეკითხებით, შეიძლება, ჩახვიდეთ იტალიაში და სასტუმროს ადმინისტრატორს ერქვას მაყვალა ან გვანჯი? სახელების შეცვლის გამო ვარ კოსმოპოლიტი? კარგი, ამას თავი გავანებოთ: ვულგარულობაც რომ დამწამეს? „სამოსელი პირველში“ არის ასეთი თავი; „სოფლად“. გინდა თუ არა, ვულგარულიაო. არადა, რომ ჩაუკვირდები, სუფთა ქართული სოფელია, რა არის იქ ვულგარული?

– სხვათა შორის, ბატონო გურამ, პოპულარულ სოცქსელებზე უკვე შეიქმნა თქვენი თაყვანისმცემლების ჯგუფები, რომელთა მიზანია, რომ ხელი შეუწყონ თქვენს წარდგენას ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. ამისთვის თქვენი თანხმობაცაა საჭირო. რას ფიქრობთ ამაზე?

– იცით, რაშია, საქმე? რა თქმა უნდა, ნობელის პრემია უდიდესი ლიტერატურული ჯილდოა, მაგრამ ბოლო დროის მოვლენების გადახედვამ, რაც ამ ცერემონიალებზე და წარდგენებზე ხდება, მაგ პრემიაზე, მართალი გითხრათ, საკმაოდ ამიცრუა გული. ძალიან პოლიტიზირებული გახდა პრემია ლიტერატურის დარგში. მე არ ვამბობ, რომ არ ეკუთვნოდათ მათ, ვინც მიიღეს, მაგრამ ნობელიანტების შერჩევა რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება, ფაქტია… სხვათა შორის, საქართველოშიც იგივეა. მე არ ვიცოდი და ახლა გავიგე შემთხვევით, რომ რუსთაველის პრემიის ლაურეატი არ ყოფილა ბატონი რეზო ჩხეიძე, არ ყოფილა ჩვენი ოტია… რა უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?

– მახსოვს, პრეზიდენტმა „ღირსების ორდენთან“ ერთად იტალიის შვიდდღიანი საგზურიც გადმოგცათ. იტალიაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე მოუყევით ჩვენს მკითხველებს…

პატარა მომავალი კლასიკოსი– იტალიაში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. როცა წავედი, მეგონა, რომ იტალიაზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იქედან რომ დავბრუნდი, ისეთი კულტურული შოკი მივიღე, რომ ახლაღა მოვდივარ აზრზე. არადა, თითქმის მთელი საინტერესო იტალია დავათვალიერე: ფლორენცია, მილანი, ემპოლი, ვენეცია… ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახე, თანაც, ურიგოდ: როცა გაიგებდნენ, რომ ქართველი ვარ, ურიგოდ მიშვებდნენ, ჩვენს საელჩოს ჰქონია რაღაც პრიორიტეტი და იმიტომ. კი მერიდებოდა სხვების, მაგრამ რა მექნა, მეც ძალიან მაინტერესებდა, თანაც, რიგში რომ 3 საათს დადგები, მერე მოდუნდები და რაც უნდა საინტერესო იყოს, აღარ გაინტერესებს…

– მანამდე თუ იყავით ნამყოფი საზღვარგარეთ? თქვენს ნაწარმოებებში, მაგალითად, მოთხრობაში, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“, ისეა აღწერილი ესპანეთის პროვინციები, თითქოს იქ ყოფილიყავით…

– სინამდვილეში ასეც იყო. მართალია, ქვეყნიდან გაუსვლელობა მქონდა „დათბობის“ პერიოდში, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ფილმს იღებდნენ ჩემზე, რა უნდა ექნათ, გამიშვეს… ესპანეთის მერე საფრანგეთში ვიყავი, მაგრამ დავასკვენი, რომ პარიზი ესპანეთის შემდეგ არ უნდა მენახა… რაც შეეხება იტალიას, მახსოვს, რომ 1988 წელს ვიყავი ჩასული რომელიღაც ქალაქში, მწერალთა კონგრესი თუ რაღაც ამგვარი იყო…

– თუ არ ვცდები, სწორედ იმ კონგრესზე გააჟღერეთ თქვენი ცნობილი პოსტულატი: „ყოველი კარგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი, და საერთოდ, ხელოვნება, კერძოდ, ლიტერატურა უნდა დაეხმაროს ადამიანს, უკეთესი გახდეს…“ პოეზისადმი თქვენი ირონიული დამოკიდებულებაც ცნობილია, ტოლსტოის ფრაზას იშველიებთ ხოლმე: „პოეზია – ეს იმას ჰგავს, რომ ხნავდე და გუთანს ცეკვა–ცეკვით მისდევდე.“ პროზას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ, ვიდრე პოეზიას?

– პოეზიისადმი ჩემი ირონიული დამოკიდებულება ზოგიერთი ვითომ პოეტის და პოეტური მიმდინარეობის მიმდევართა მიერაა გამოწვეული. კერძოდ, ვერლიბრს და ვერლიბრისტებს ვგულისხმობ.

შესანიშნავმა იუმორისტმა, ოთარ მამფორიამ ვერლიბრს მოსწრებულად უწოდა „უშრომელი შემოსავალი“, როცა რითმის ძებნა არ გჭირდება, კომპოზიციაზე არ ზრუნავ და ასე შემდეგ… ერთი ქართველი ვერლიბრისტი ყოფილა, გოგონა, 20 წლის. ატყდა ერთი ამბავი, ჰაი, რა ნიჭიერია, ჰუი, რა გაბედულია – ლამისაა, მომავლის ქართული პოეზიის დედოფლად შერაცხეს. დამაინტერესა, ვიფიქრე, გადავხედავ მის ნაწერებს–მეთქი და, რას ვხედავ: ერთი ლექსი აქვს, დაახლოებით ასეთი (ბოდიშს იხდის და ციტატა მოჰყავს): „მე მაქვს სურვილი, ავიდე მთვარეზე და იქედან გადმოვაფსა დედამიწას…“

ახლა მითხარით, ეს გაბედულება და სითამამეა, თუ უზრდელობა… ამის დამწერს შევახსენებდი ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედ რომ სიტყვით მრუშობაა. ამისთანებმა ამიცრუეს გული პოეზიაზე, თორემ აბა, შოთა რუსთაველი რომ არ ყოფილიყო, ღმერთმა დაგვიფაროს – ალბათ, ქართული ენაც არ გვექნებოდა, ან კიდევ, ჩვენი ვაჟა–ფშაველა, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, ჩვენი მუხრანი…

– და ბოლოს, როგორ გრძნობს თავს შემოქმედების კუთხით გურამ დოჩანაშვილი: ახალი გეგმებით და იმედებით ხართ სავსე, თუ არც ისე იმედიანად…

– იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, შვილო, რა თქმა უნდა, იმედიანი ვარ, მე და უიმედობა? აჰ, არა, არა… ზოგჯერ, როცა ჟურნალისტები მეკითხებიან, რა უნდა ვქნათო, გაკვირვებული ვრჩები და იქეთ ვეკითხები: მე მეკითხებით, რა უნდა ვქნათ, როცა ასეთი პატრიარქი გვყავს?

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და იგი იფარავს ამ ქვეყანას, სწორედ ამითაა გამოწვეული პატრიარქის თავდაჯერებული ტონი, რომ საქართველო გადარჩება და გამთლიანდება. ყველაფერი დალაგდება, ამის მჯერა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მე არ ვარ მწერალი, მხოლოდ გადამწერი ვარ… ზემოდან მკარნახობენ და ვიწერ…. ბევრ რამეს მერე აღმოვაჩენ, რომ კარნახით დაწერილს მაშინ კარგად ვერ ვაცნობიერებდი… ერთმა–ორმა მკითხა, რაღა შენ აგირჩიეს გადამწერადო, მაგრამ ვინმე ხომ უნდა აერჩიათ?..

ინტერვიუ სრულდება. ბატონი გურამი წიგნების თაროსთან მიდის და თავის ახალ ავტობიოგრაფიულ რომანს: „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება“ გულთბილი ავტოგრაფით მჩუქნის.

მე კი, ძალაუნებურად, იდეალური მწერლის მისეული დახასიათება მახსენდება:  “..და თუ მწერლის ჩემეული იდეალი გაინტერესებთ, ეს არის მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე – ისიც არ იწვრთნებაო, ამბობენ…“

გამოქვეყნდა აქ

 

Previous Older Entries