მზად ვარ, კობიაშვილთან ყველა ასეთი სანაძლეო წავაგო

ვინ იცის, რამდენ კარგ მწვრთნელს და, მათ შორის, თემურ ქეცბაიასაც გასჩენია სურვილი, მოედანზე გასულიყო და ეთამაშა მაშინ, როცა საფეხბურთო პროტოკოლი აუტის ხაზთან გავლებულ თეთრ ხაზზე გადაბიჯებასაც კი მკაცრად უკრძალავს. რა თქმა უნდა, ისეთ მწვრთნელებს ვგულისხმობ, რომლებსაც უთამაშიათ, მოედანზე ცეცხლი დაუნთიათ, გადამწყვეტ მომენტში თამაში თავიანთ თავზე აუღიათ და თამაშები ასე მოუგიათ. სწორედ ასეთი იყო თემურ ქეცბაია, რომელიც თამაშის მნიშვნელობის მიუხედავად, ბოლომდე იხარჯებოდა. კარგია, რომ თავის შეგირდებს ახლა სწორედ ამას ასწავლის.

როცა წარსულში არანაკლებ ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამადაც არანაკლებ პოპულარული მწვრთნელი, სლოვენ ბილიჩი თამაშის დაწყების წინ ქეცბაიასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა, ყველა მიხვდა, რომ ოცდაორი კაცის შერკინების გარდა ეს მატჩი ამ ორი, ერთმანეთის ტოლი მწვრთნელის დუელითაც იქნებოდა საინტერესო.

რა თქმა უნდა, თამაშის განხილვას არ დავიწყებ, ამაზე უკვე ბევრი ითქვა და კიდევ ბევრი ითქმება. ამ ბლოგპოსტში თამაშის ემოციურ მხარეზე მინდა გესაუბროთ და რამდენიმე საინტერესო, ისტორიული პარალელიც გავავლო.

აურა რომ ბევრს ნიშნავს და ზოგჯერ გადამწყვეტიცაა, ერთ-ერთ წინა ბლოგპოსტში უკვე ვთქვი. ალბათ, ბევრი დამეთანხმებით, რომ ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე საქართველოში გარემო ჩვენებურთა გოლის მოლოდინით იყო დამუხტული. არამარტო გოლის, არამედ გამარჯვების მოლოდინით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერიის ფონზე ბევრმა ირწმუნა, რომ ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სანაკრებო გუნდის დამარცხება შეუძლიათ.

ფეხბურთი სპორტის ისეთი სახეობაა, რომ მხოლოდ გამარჯვების მოლოდინითა და თუნდაც, 55.000 გულშემატკივრის ომახიანი შეძახილით, მათგან გამომდინარე აურით ფონს ვერ გახვალ. ფეხბურთში კიდევ ბევრი რამაა საჭირო და გამარჯვების მისაღწევად ამ ბევრი რამის ერთობლიობაც, მაგრამ ბევრი გულშემატკივარი და მათი მოლოდინით დამუხტული ჰაერი „პაიჭაძის“ თავზე რომ ბევრს ნიშნავს, ეს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქეთა მწვრთნელმაც აღიარა. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, როცა მეტოქეებმა ხაზი გაუსვეს თბილისში  გულშემატკივართა სიმრავლის ფაქტორს და მათ მნიშვნელობას….

ამდენი ხნის ნანატრი გამარჯვების შემდეგ სტადიონზე მისული გულშემატკივარი საფინალო სასტვენისა და ფეხბურთელებთან გამოთხოვების შემდეგაც კარგა ხანს არ ტოვებდა სტადიონს: ნაცნობ-უცნობი ერთმანეთს ულოცავდა, ეხვეოდა, მხარზე ხელს უტყაპუნებდა, ჟესტიკულაციის მოშველიებით იხსენებდა საგოლე შეტევის განვითარებას, იცინოდა, ყვიროდა და ისევ იცინოდა… სტადიონი ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც უცნობი ადამიანი დიდი ხნის მეგობრად მოგეჩვენოს, სადაც შეგიძლია დაიცალო, ვნებათაღელვას ამოხეთქვის საშუალება მისცე, ჰოდა, ამდენი ხნის წარუმატებლობით გაღიზიანებული ქართველები ვიცლებოდით…

ერთი მეგობარი მყავს, რომლის სახლის აივნიდან განათებული სტადიონი შორიდან, მაგრამ კარგად მოჩანს და ის მიყვებოდა, ბოლო წუთებზე, როცა გოლის შემდეგ ხორვატებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს ჩვენს კარებთან, სტადიონის თავზე ცისფერი ბოლი ბოლქვებად ამოდიოდაო. ჯერ უფიქრია, რომ შუშხუნების ბოლი იყო, მერე ისიც უვარაუდია, შეიძლება, ხანძარი გაჩნდაო და მერე ერთბაშად მიმხვდარა, რომ საფინალო სასტვენის მოლოდინში დაახლოებით 40 ათასმა კაცმა სიგარეტს ერთდროულად მოუკიდა და ნერვიულად მოქაჩა…

საფინალო სასტვენის შემდეგ კი ლევან კობიაშვილი, მოედნიდან გასახდელში გასვლამდე, სიხარულის ცრემლებით ტიროდა. ტიროდა ფეხბურთელი, ვისაც არაერთი გოლი გაუტანია. მათ შორის – გადამწყვეტი და მათ შორის – ბუნდესლიგაში და ვისი ცრემლებიც არავის ახსოვს… ესეც დაცლა იყო: უარყოფითი ემოციისგან დაცლა და იმის შეგრძნება, რომ სტადიონზე მოსულ ათასობით ადამიანს და კიდევ ასეულ ათასს, რომელიც ტელეეკრანებს იყო მიჯაჭვული, ენით აუწერელი სიხარული მიანიჭე და გამარჯვების რწმენა დაუბრუნე…

ისიც დაცლა და ძველი დიდების გახსენება იყო, რაც მატჩის შემდეგ ჯერ წერეთლის გამზირზე, მერე კი დედაქალაქის დედაქუჩაზე ხდებოდა: ათასობით ადამიანი, ათასობით მანქანის სიგნალი, გულის სიღრმიდან წამოსული „სა-ქარ-თვე-ლო!“, გაღიმებული მძღოლები, გაღიმებული პატრული-პოლიციელები, რომლებსაც აზრადაც არ მოსვლიათ გაურჩებული მძღოლების დაჯარიმება და არც გადაკეტილ გამზირებზე უცდიათ მოძრაობის აღდგენა. და, რაც საინტერესოა, ეს იყო შემთხვევა, როცა ის მძღოლები და ქვეითად მოსიარულეები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ფეხბურთი და არც იცოდნენ, რა მოხდა „პაიჭაძეზე“, მსვლელობის მიზეზის გაგების შემდეგ კოლონას უყოყმანოდ უერთდებოდნენ… მოკლედ, ქართველებმა ზეიმი გავიხსენეთ – ასეთი ამბები დედაქალაქის ქუჩებში ფეხბურთთან დაკავშირებით 1981 წლის 13 მაისის შემდეგ არ მომხდარა, როცა თბილისის „დინამო“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა…

ზემოთ გამარჯვების მოლოდინი ვახსენე და გამიხარდა, როცა ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომ ქართველი ფეხბურთელებიც ასეთივე მოლოდინით ყოფილან შეპყრობილი. ჩემგან ნახსენები მეგობარი ფან-კლუბ „ქართული სპორტის ქომაგთა“ შორისაა და ისეთი კულუარული ამბები იცის ნაკრებთან დაკავშირებით, რომ გაგიკვირდება. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე მიყვებოდა, რომ ლევან კობიაშვილს, თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე დაუჟინია, გოლს გავიტანო და რამდენიმე თანაგუნდელისთვის სიმბოლური სანაძლეოც შეუთავაზებია. როცა ამას მიყვებოდა, მაშინ არა და, მერე, როცა კობიაშვილმა მართლა გაიტანა გამარჯვების გოლი, რაღაც გამახსენდა, გადავამოწმე, საინტერესო პარალელი გამოვიდა და მინდა, თქვენც გიამბოთ:

80-იან წლების ბოლოსკენ თბილისის „დინამო“ საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა უეფას თასზე. მგონი, ეს ის სეზონი იყო, მერვედფინალში რომ „ვერდერმა“ შეგვაჩერა. მახსოვს, მაშინ ბრემენის ამ გუნდმა წინა ეტაპიდან მოსკოვის „სპარტაკი“ გამოთიშა ასპარეზობას (6:0 დაამარცხა საკუთარ მოედანზე), კენჭისყრას კი სწორედ ჩვენ შეგვახვედრა. მართალია, ორი მატჩის ჯამში წავაგეთ, მაგრამ „სპარტაკთან“ შედარებით – საკმაოდ ღირსეულად: ბრემენში „ვერდერმა“ 2:1 მოგვიგო, თბილისში განმეორებითი შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. მაგრამ მატჩი, რომელთან დაკავშირებული ისტორიაც მინდა გიამბოთ, „ვერდერთან“ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ბუქარესტში ჩატარდა და „დინამოს“ მეტოქე რუმინული „ვიქტორია“ გახლდათ. მაშინ დინამოელებმა სტუმრად 2:1 გაიმარჯვეს და გამარჯვების გოლი რუმინელების კარში სოსო ჭედიამ თავით გაიტანა.

ქვეყნად არაფერი იკარგება და ისტორიაც ხშირად მეორდება. თამაშის წინადღეს „დინამოს“ კაპიტანი, სოსო ჭედია, რომელიც ოთხნომრიანი მაისურით თამაშობდა (მიაქციეთ ყურადღება, რომ გუშინდელი ნაკრების კაპიტანიც მეოთხე ნომრით ასპარეზობდა), რამდენიმე თანაგუნდელთან მისულა და სანაძლეო შეუთავაზებია, რომ თამაშში გოლს გაიტანდა, თანაც თავით. რამდენიმე თანაგუნდელს მიუღია კიდეც ეს სანაძლეო. ჭედიამ მართლაც შეძლო თავური დარტყმით გოლის გატანა, მეორე დღეს კი, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში, შესანიშნავმა სპორტულმა ჟურნალისტმა, დავით კაკაბაძემ „ვიქტორია“-„დინამოს“ მატჩის შესახებ სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა: „მზად ვარ, ჭედიასთან ყველა ასეთი სანაძლეო წავაგო, ანუ, ვიქტორია რუმინეთში“.

გუშინდელ მატჩში სოსო ჭედია ნაკრების მეორე მწვრთნელის რანგში თემურ ქეცბაიას გვერდით იჯდა. ეკრანზე კარგად ჩანდა, როგორი გახარებული იყო გოლის შემდეგ – როგორც ყველა ქართველი. მე კი, მოგვიანებით, როცა გოლი და გამარჯვების სიხარული არაერთხელ ვნახე მონიტორზე, სოსო ჭედიას მისამართით ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ნეტავ, საკუთარი ისტორია და რუმინული ვიქტორია(ანუ, გამარჯვება) თუ გაახსენდა?

დღეს გამოქვეყნდა ამ საიტზე

 

ცოტა რამ კლიმატური იარაღის შესახებ

როგორც სახელწოდება მიანიშნებს, კლიმატური ეწოდება იარაღის ისეთ სახეობას, რომლითაც შესაძლებელია კლიმატზე ზემოქმედება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამინდის მართვა. რადგან თითქმის ყველა იარაღი, სამედიცინო და სამუშაო ხელსაწყოების გარდა, სხვისთვის ზიანის მისაყენებლადაა მოგონილი, ბუნებრივია, „ამინდის მართვაში“ არ იგულისხმება ავდრის გარდაქმნა დარად, თუკი ეს კლიმატური იარაღის გამომყენებელი ქვეყნის იმტერესებში არ შედის. უფრო ხშირად დღემდე საიდუმლო იარაღად მიჩნეული კლიმატური იარაღის მთავარ დანიშნულებად სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევას მიიჩნევენ.

იმის მიუხედავად, რომ კლიმატური იარაღის შექმნასა და მის არსებობაზე გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან საუბრობენ, დღემდე დანამდვილებით ვერავინ ამბობს, არსებობს თუ არა ბუნებაში მართლაც ასეთი იარაღი და რომელ სახელმწიფოებს აქვთ იგი. თუ კლიმატური იარაღის არსებობას დავუშვებთ, ისიც უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალგანვითარებულობა ამ იარაღის ფლობისთვის საკმარისი არ არის. კლიმატური იარაღის შესაქმნელად და გამოსაყენებლად ათეული წლების განმავლობაში კოლოსალური შრომა, ადამიანური და ფულადი რესურსი გახდა საჭირო.

იარაღის ამ სახეობის გამოყენებაზე საუბრობდნენ მრავალი დამანგრეველი მიწისძვრის, ცუნამის თუ სხვა კატაკლიზმის დროს. ამიტომაც, არც არავის გაკვირვებია, როცა იაპონიაში მომხდარი მოვლენების შემდეგ აქა–იქ ისევ გაიჟღერა რუსეთის მხრიდან იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენების ვერსიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღის ფლობაზე, ალბათ, არცერთი სახელმწიფო არ იტყოდა უარს, კლიმატური იარაღი სულაც არ არის ისე მარტივად სამართავი, როგორადაც ეს ბევრს წარმოუდგენია და რომელთა აზრითაც, საკმარისია „სვლის“ ღილაკს ხელი დააჭირო და მტრულად განწყობილ ქვეყანას უეცრად წყალდიდობა, ცუნამი ან მიწისძვრა დაატყდება თავს. ამ სახის იარაღის არსებობისადმი სკეპტიკურად განწყობილთა აზრით, მისი არსებობისა და გამოყენების შემთხვევებშიც კი ყოვლად წარმოუდგენელია იმ ეფექტის გათვლა, რაზეც იარაღის გამოყენებაა გათვლილი, ასევე შეუძლებელია სხვა სახელმწიფოებზე მინიმალური გავლენის მოხდენის უზრუნველყოფა და  თვითონ კლიმატური იარაღის გამომყენებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვლა.

ამის მაგალითად მოჰყავთ საბჭოთა პროპაგანდაში გავრცელებული მოსაზრება გასული საუკუნის სამოციან წლებში აშშ–ს მიერ ვიეტნამში ხანგრძლივი ხელოვნური წვიმების სწორედ კლიმატური იარაღის მეშვეობით გამოწვევის შესახებ და აცხადებენ, რომ თუნდაც  ვიეტნამის ომში აშშ–ს მიერ ამ იარაღის გამოყენების დაშვების შემთხვევაშიც კი, ეფექტი მეტად ხანმოკლე იყო იმ ადამიანურ რესურსებთან და მატერიალურ სახსრებთან შედარებით, რაც ამ ექსპერიმენტის ჩატარებაზე დაიხარჯებოდა, ამიტომაც, არცერთ, თვით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოსაც კი არა აქვს იმდენი ფუფუნება, ასეთი საეგებიო ეფექტის მქონე ექსპერიმენტები ჩაატაროს.

რასაკვირველია, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში ბუნებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები ითვალისწინებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა საავდრო ღრუბლების გაფანტვა სპეციალური მოწყობილობების მოშველიებით, მაგრამ ეფექტი ამ შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, ბევრს სასაცილოდაც ეჩვენება რუსეთის მიერ იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენება მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ, სანკტ–პეტერბურგის 300 წლისთავის აღნიშვნის დროს, მთელი რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსებმა დარის უზრუნველყოფა ვერ შესძლეს და მაინც წვიმა მოვიდა…

იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებამდე კლიმატური იარაღის თემა ფიგურირებდა ქარიშხალ „კატრინასა“ და შარშან ზაფხულში მოსკოვის შემოგარენში ხანძრის მძვინვარების დროს. ცალკეული ექსპერტები იმასაც ამბობდნენ, რომ 2008 წელს რუსეთმა კლიმატური იარაღი საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა, როცა ბორჯომის ტყეებში ხანძარი გაჩნდა.

რასაკვირველია, ერთ ბლოგ პოსტში შეუძლებელია კლიმატური იარაღის არსებობა–არარსებობის დადასტურება ან უარყოფა. ამიტომაც, მხოლოდ იმის გახსენებას  დავჯერდებით, როდის და რა კონტექსტში მოიხსენიეს  კლიმატური იარაღი ბოლოს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ იარაღის სავარაუდო მფლობელ ორ სახელმწიფოსთან – აშშ–სა და რუსეთთან მიმართებაში.

პირველი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი კლიმატურ იარაღს ფლობს, ამერიკელმა მეტეოროლოგმა სკოტ სტივენსმა გაზეთ “Casper Star Tribune”–ში გააკეთა. საერთო ჯამში, ამას მინიშნებას ვერც დაარქმევ: ამერიკელმა მეცნიერმა რუსეთი ღიად დაადანაშაულა ქარიშხლების „კატრინასა“ და „რიტას“ წარმოქმნაში, განაცხადა რა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ–ს დროიდან არსებობდა საიდუმლო მოწყობილობები, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში ხდება შესაძლებელი კლიმატზე ზემოქმედება.

სტივენსის განცხადებით, ამ სახის იარაღზე მუშაობა სსრ კავშირმა 1976 წელს დაასრულა და იგი ელექტრომაგნიტური გენერატორის პრინციპზეა აგებული. სტივენსი არ გამორიცხავს, რომ 80–იან წლებში, შესაძლოა, ამ სახის იარაღს სსრკ ბანდიტურ ფორმირებებზე ჰყიდიდა, მათ შორის იაპონურ „იაკუძაზეც“, რომელსაც აშშ–ზე შურისძიება ჰქონდა ჩაფიქრებული ხიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების გამო. სტივენსის თქმით, რადიოეთერის მოკლე ტალღებზე დაკვირვების დროს აღმოჩენილი ამოუცნობი ხმაური კიდევ სწორედ იმას მიანიშნებს, რომ „საქმე გვაქვს ამინდის კონტროლის რუსულ მანქანასთან“.

ისიც უნდა ითქვას, რომ სტივენსის მოსაზრებას აბსურდული ყველაზე პირველად სწორედ ამერიკელმა სწავლულებმა უწოდეს. მეტიც – იგი თერმოდინამიკის კანონებისა და ქარიშხლების შესახებ თეორიული ცოდნის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულეს. ზოგიერთმა ამერიკელმა მეცნიერმა სტივენსს „შეთქმულების თეორიის“ მსხვერპლიც კი უწოდა, თუმცა, მეორე ნაწილმა სულაც არ გამორიცხა რუსეთიდან ამერიკაში „კატრინას“ გაგზავნის შესაძლებლობა და ამ ქარიშხლის დამანგრეველი შედეგების შემდეგ ბევრმა გაიხსენა რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება 2002 წლის სექტემბერში, რომელიც მან ჯორჯ ბუში–უმცროსის მისამართით გააკეთა:

„ღამით ჩვენი მეცნიერები ოდნავ შეცვლიან დედამიწის გრავიტაციულ ველს, და მთელი შენი ქვეყანა წყალქვეშ აღმოჩნდება. ოცდაოთხი საათი, ბლ…. , – და მთელი შენი ქვეყანა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანებისგან წაილეკება. შენ ვის ეხუმრები, ბლ…?!“

ჟირინოვსკის ოდიოზურ ფიგურას და მის ისტერიულ განცხადებებს სულაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, მაინც უნდა ითქვას, რომ 60–70–იანი წლების სსრ კავშირში მართლაც მიმდინარეობდა სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ამინდის მართვისთვის საჭირო იარაღზე მუშაობა. ამ მიზნით შექმნილი იყო მთელი პროგრამა, რომლის დროსაც შეიქმნა ობიექტი „სურა“, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ნიჟნი ნოვგოროდიდან 150 კილომეტრზე, მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა და სსრკ–ს რადიოფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს ეკუთვნოდა.

დღეს ეს ობიექტი, საკმაოდ მიგდებულად გამოიყურება, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს, მისი უკაცრიელი სახე კი, შესაძლოა, შენიღბვის ერთ–ერთი მეთოდიც იყოს. 9 ჰექტარ ფართობზე ოცმეტრიანი ანტენების რამდენიმე რიგია, რომელთა ქვეშ ბუჩქებია ამოსული. ანტენების ველის შუაში უზარმაზარი გამოსხივების მქონე რუპორია განთავსებული – მისი მეშვეობით მეცნიერები ატმოსფეროში აკუსტიკურ პროცესებს სწავლობენ. ტერიტორიის განაპირას რადიოგადამცემთა შენობა და ტრანსფორმატორული ქვესადგურია, ოდნავ მოშორებით კი – ლაბორატორია და სამეურნეო შენობები. რასაკვირველია, ტერიტორია მოქალაქეებისთვის დახურულია და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს იქ ამჟამად, შესაბამისად, საიდუმლოდ რჩება.

„სურა“ საბოლოოდ 1981 წელს ამოქმედდა. იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროზე დაკვირვება და მათი ურთიერთქმედების შესწავლა ამ დაწესებულებაში რომ დღესაც მიმდინარეობს, რუსები ხელაღებით არ უარყოფენ. კარგა ხნის განმავლობაში ამ დაწესებულებას სსრკ–ს თავდაცვის სამინისტროც კურირებდა, თუმცა, როგორც დღეს რუსები აცხადებენ, სსრკ–ს დაშლის შემდეგ აქ დაწყებული მეცნიერული დაკვირვებებით არავინ დაინტერესებულა, რაც ცოტა უცნაური მტკიცებულებაა, თუ მხედველობაში მივიღებთ პუტინის ნატურას და იმას, რომ რუსეთის მმართველი სსრკ–ს დაშლას „ეპოქალური მნიშვნელობის შეცდომას“ უწოდებს.

ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინმა უარი თქვა თითქმის უკვე გამზადებული ხელსაწყოების სრულყოფაზე და გამოყენებაზე, რითაც კლიმატის მართვაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ბევრ უცხოელ და, სხვათაშორის, რუს მეცნიერსაც არ ეპარება ეჭვი, რომ კლიმატური იარაღი რუსეთმა სსრკ–სგან მემკვიდრეობით მიიღო.

„სურა“ ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე მსგავსი დანიშნულების მქონე ერთადერთი ობიექტი სულაც არ არის. აი, რას იხსენებს „იტოგისთან“ საუბარში გეოლოგიურ–მინერალოგოიური მეცნიერების დოქტორი, ფიზიკა–მათემატიკური მეცნიერების კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკისა და მინერალოგიის გაერთიანებული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, ალექსანდრე დმიტრიევი :

„რუსეთში კლიმატური ექსპერიმენტები ნამდვილად ტარდებოდა. მაგალითად, მეცნიერებმა ტულის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან ფართოდ დანერგეს ნალექის კონტროლის ტექნოლოგიები. თავდაპირველად ამ სამუშაოებს სსრკ–ს უმაღლესი განათლების სამინისტრო კურირებდა, შემდეგ ამ გამოკვლევებით სსრკ–ს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, 1990 წლიდან კი ტულელი მეცნიერები გენერალური შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდნენ.

შეიქმნა ქსელი 11 პოლიგონისგან, რომლებზეც შესაძლებელი იყო ამინდის ან კლიმატური პირობების შეცვლა. ტულელი მეცნიერების ტექნოლოგია ციკლონების წარმოქმნასა და მათი მოქმედების ტრაექტორიაზე ზემოქმედების საშუალებასაც იძლეოდა, ქარიშხლებისა და მიწიძვრების გამოწვევის ჩათვლით.

პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარტინოვმა იპოვა მეთოდი, რითაც დედამიწისა და ატმოსფეროს გრავიტაციული ბალანსის დარღვევის ინფორმაციის დაფიქსირება იყო შესაძლებელი, ამის შემდეგ კი შეიქმნა ხელსაწყო, რომელიც მიღებული სიგნალების კორექტირებას ახდენდა და ამინდზე ზემოქმედება შეეძლო.

რამდენიმე ასეთი ხელსაწყო, რომელიც განთავსდა სხვადასხვა წერტილში, იმ სიგნალის გენერაციას ახდენდა, რომელიც ციკლონთა ტალღას მართავდა. რამდენადაც ვიცი, სსრკ–ს დაშლის შემდეგ ეს სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. თუკი დღეს რომელიმე უწყება დაკავებულია მსგავსი საქმიანობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატური იარაღი არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კლიმატის შეცვლის, მასზე ზემოქმედების მეთოდები საკმაოდ პრიმიტიულია და შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიგვიყვანოს“.

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, ძნელია, არ დაეჭვდე, რომ კლიმატური იარაღი მართლაც არსებობს. სხვათაშორის, ამ იარაღის მფლობელად აშშ–საც მოიაზრებენ და ეს არც არის გასაკვირი – ამერიკელებს ყველაზე ადრე ეცოდინებოდათ, რომ ასეთი იარაღის სრულყოფა სსრკ–მ დაიწყო და მისი ანალოგის დასამზადებლად თვითონაც არაფერს დაიშურებდნენ.

რუსულმა მედიასაშუალებებმა სკოტ სტივენსის მიერ კლიმატური იარაღის გამოყენებაში რუსეთის დადანაშაულების შემდეგ მაშინვე გაიხსენეს, რომ აშშ–ში, ანკორიჯიდან 400 კმ–ის დაშორებით, გაკჰონის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული ტერიტორია, სადაც, ტუნდრის შუაგულში ერთი ობიექტი – НААRР, იგივე „ჩრდილოეთის ნათება“ მდებარეობს, რომელსაც  საზღვაო ქვეითთა ბატალიონი იცავს, ხოლო მის თავზე საჰაერო სივრცე ყველა სახეობის ფრენისთვის დახურულია. რუსული მედიის ცნობით, სწორედ ამ ცენტრში და არა რუსეთშია გამოკეტილი კლიმატური იარაღის საიდუმლო.

სტუდია „სლოვოს“ მიერ მომზადებული  „კლიმატური იარაღის“  პირველი ნაწილი, თითქოსდა, ამ იარაღის შესახებ ამომწურავად უნდა მოგვითხრობდეს, მაგრამ მასში მხოლდ გაკვრითაა ნახსენები სსრკ–ს და რუსეთის მიღწევები ამ კუთხით და ძირითადი აქცენტი სწორედ НААRР–ზეა გადატანილი. თუ ფილმს დავუჯერებთ, აშშ–ს კლიმატური იარაღი საკუთარ ტერიტორიაზეც კი გამოუყენებია და ალიასკაზე დამანგრეველი მიწისძვრა გამოუწვევია, რათა ამ იარაღის სიმძლავრე გამოეცადა.

სტუდია “სლოვოს” მიერ გადაღებული ფილმის “კლიმატური იარაღის” პირველი ნაწილი (1, 20 სთ)

სტუდია “სლოვოს” მიერ გადაღებული ფილმის “კლიმატური იარაღის” მეორე ნაწილი (1, 40 სთ)

ბლოგ-ტექსტის მიხედვით გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებისა და თვითონ სტატიის წაკითხვა   აქ შეგიძლიათ.

 

ცუნამს შეწირულები და გადარჩენილები

მეგობრებო, რადგან დღეს კვირაა და, შესაბამისად, ძალიან ბევრს გეზარებათ ინტერნეტში ქექვა იაპონიაში მიმდინარე ამბების გასაგებად, მე კი, ჩემი სამსახურის გადამკიდე, მაინც ვმუშაობ, გადავწყვიტე, ამ ფორმით მოგაწოდოთ ამბები, რომლებიც დილიდან მოვიძიე და რომლებიც იაპონიას უკავშირდება. იმისათვის, რომ არ გადაიღალოთ ამ კვირადღეს, ინფორმაცია მცირე ფრაგმენტებად დაგიყავით და ლიდიც დავურთე, თუ დაგაინტერესებთ, მთლიანად წაიკითხავთ:) მაშ ასე, დავიწყებ შედარებით კარგი ამბით:

ოკეანეში მოტივტივე სახლის სახურავზე ცოცხალი იაპონელი მამაკაცი აღმოაჩინეს

60 წლის ჰირომიცუ სინკავამ სახლის სახურავზე ასვლა მოასწრო, ხოლო მისი ცოლი ტალღამ ოკეანეში გადაისროლა. მას შემდეგ, რაც სახლი ცუნამმა ოკეანეში გაიტაცა, იაპონელი მამაკაცი სახლის სახურავიდან არ ჩამოსულა და სახლთან ერთად ოკეანეში დრეიფობდა.

სამოცი წლის იაპონელი მამაკაცი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, იაპონიისა და მთელი მსოფლიოს ყურადღებისა და აღტაცების საგანი გახდება: ფუკუსიმას პრეფექტურის მკვიდრი, ჰირომიცუ სინკავამ ნაპირიდან 15 კმ-ის დაშორებით, შუა ოკეანეში მოტივტივე საკუთარი სახლის სახურავზე ორი დღე გაატარა. დღეს იგი სამხედრო ხომალდიდან შენიშნეს და ბორტზე აიყვანეს.

ქალაქ მინამისომაში მცხოვრები სინკავა სახლიდან გასული იყო, როცა ცუნამის მოახლოების მანიშნებელი სიგნალი გაიგონა და შინ ცოლთან ერთად დაბრუნდა, რათა ნივთები შეეგროვებინა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო, თუმცა, ცუნამის ზონიდან გასვლა ვერ მოასწრო – ტალღამ მისი სახლი ოკეანეში გაიტაცა.

სინკავამ სახლის სახურავზე ასვლა მოასწრო, ხოლო მისი ცოლი ტალღამ ოკეანეში გადაისროლა და ქმარმა მისი შველა ვერ მოახერხა. იაპონელი მამაკაცი მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლის სახურავიდან არ ჩამოსულა და სახლთან ერთად ოკეანეში დრეიფობდა.

ეს ინფორმაცია იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ერთ-ერთმა იაპონურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ჰირომიცუ სინკავა კვირას სრულიად შემთხვევით შენიშნა იაპონიის ფლოტის  სამხედრო ხომალდ „ჩოკაის“ ეკიპაჟმა. ეს ხომალდი მრავალფუნქციური სამხედრო სისტენა „იჯისითაა“ აჭურვილი, რამაც ოკეანეში მოდრეიფე სახლის პოვნა გაადვილა. იაპონელი მამაკაცი სახლის სახურავზე იდგა და შორს გამოჩენილი ხომალდის ეკიპაჟის დასანახად ხელებს იქნევდა, თან ტანსაცმელს აფრიალებდა და ყვიროდა.

იაპონური გაზეთის, „მაინიტის“ ცნობით, სამხედრო ხომალდიდან აფრენილმა ვერტმფრენმა სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი სინკავა ქალაქ სომას საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს მარცხენა ხელის მსუბუქი მოტეხილობა და სახის დაზიანებები აღენიშნება, მთლიანობაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რა ხდება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე

დაახლოებით ერთი საათის წინ რადიაციის ფონის მომატება დაფიქსირდა იაპონიის კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურონაგავასთან“. რადიაციის გამოსხივების დონემ საათში 21 მიკროზილბერტს მიაღწია, რაც დასაშვებ ნორმაზე 400-ჯერ მეტია. რადიაციით დასხივებული ოცდაორი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უკვე მოხდა ქალაქ ფუტაბადან.

დაახლოებით ერთი საათის წინ რადიაციის ფონის მომატება დაფიქსირდა იაპონიის კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურ „ონაგავასთან“ რომელიც მიიაგის პრეფექტურაში მდებარეობს. ეს სწორედ ის პრეფექტურაა, სადაც 11 მარტს მომხდარი ცხრაბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა.

რადიაციის გამოსხივების დონე ამ ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში რადიკალურად გაუარესდა და საათში 21 მიკროზილბერტს მიაღწია, რაც დასაშვებ ნორმაზე 400-ჯერ მეტია, თუმცა, სპეციალისტების განცხადებით, ეს რადიაციული ფონი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არ არის.

შეგახსნებთ, რომ „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი აფეთქების შემდეგ იაპონიის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აღმოჩნდა, რომ რადიაციის დონე ავარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაშვებზე ბევრად მეტია. ამავე დროს, დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რადიაციული დასხივება მიიღო ოცდაორმა ადამიანმა. მათ შორის, ძირითადად, მეხანძრეები და მაშველები არიან, რომლებიც გამაგრილებელი ხელსაწყოების კომპენსაციას რეაქტორის ტურბინებისთვის წყლის მისხურებით ცდილობდნენ. საგანგებო ჯგუფი ერთმანეთს ენაცვლებოდა და წყლის შესხურება თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

სამაშველო სამუშაოები აფეთქებამ დროებით შეაჩერა, რამაც რადიაციული ფონის კიდევ უფრო მეტად დაბინძურება გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

რადიაციით დასხივებული ოცდაორი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია უკვე მოხდა ქალაქ ფუტაბადან, რომელიც „ფუკუსიმა-1“-სგან ჩრდილოეთით სამ კილომეტრში მდებარეობს. ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიაჩნიათ. 133 ადგილობრივი მცხოვრების სასწრაფო გამოკვლევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება, რომ ავარიის ტერიტორიაზე აფეთქებიდან სულ ცოტა ხანში რადიაციის დონე 882 მიკროზილბერტზე დაფიქსირდა, მაშინ როცა დასაშვები ნორმა 500 მიკროზილბერტია. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, რადიაციის გაჟონვა მესამე რეაქტორიდანაც დაფიქსირდა. თავდაპირველად ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რადიაციული დასხივება სამმა ადამიანმა მიიღო, ერთ საათში მათი რიცხვი უკვე ოცდაორამდე ავიდა.

ცნობები დაღუპულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულების შესახებ

იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემები ყოველ საათში იცვლება. თბილისის დროით დაახლოებით 13.00 საათზე ევროპულმა საინფოემაციო საშუალებებმა(„ბი-ბი-სი“, „ფრანს პრესი“) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ მიაიგის პრეფექტურაში, სადაც ცხრაბალიანი მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა, შესაძლებელია დაღუპული ადამიანების რიცხვი ათი ათასს აჭარბებდეს. პრეფექტურაში ნაპოვნია უამრავი ადამიანის ცხედარი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ ან ცუნამის დროს წყალში დაიხრჩვნენ. ამავე დროს, პრეფექტურისკენ მიმავალი გზები მთლიანად განადგურებულია, რის გამოც ცხედრების გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება პრეფექტურის პოლიციის უფროსმა, ნაბუტო ტაკეუტიმ გაავრცელა.

იაპონიის მთავარი პოლიციის სამმართველოს მონაცემების მიხედვით, 10 ათასზე მეტი მოქალაქეა შეტანილი სიაში, რომლებთანაც ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

არის თუ არა მოსალოდნელი ახალი აფეთქება იაპონიის ატომურ ელექტროსადგურებზე

ბრიტანულმა სააგენტო „ბი-ბი-სიმ“, თბილისის დროით 11.00-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აფეთქება მოსალოდნელია „ფუკუსიმა-1“-ის მესამე რეაქტორზეც. „ბი-ბი-სი“ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, იუკიო ედანოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც ამბობს, რომ „მესამე რეაქტორი ერთადერთია, სადაც პლუტონიუმის ნარევის მქონე საწვავი გამოიყენება, ამიტომაც მისი აფეთქება ბევრად უარეს შედეგამდე მიგვიყვანს“. პირველ რეაქტორზე, სადაც აფეთქება გუშინ მოხდა, პლუტონიუმს არ იყენებდნენ.

პლუტონიუმი – რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს. იგი  ხელოვნურად 1940 წ.მიიღეს. მის ერთ-ერთ იზოტოპს იყენებენ ატომური ენერგის მისაღებად და სწორედ ეს იზოტოპები გამოიყენება „ფუკუსიმა-1“ მესამე რეაქტორზე.

„მიღებული ზომების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ რეაქტორიდან ატომური საწვავის გაჟონვის რისკი ძალიან მაღალია. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა ხდება რეაქტორის შიგთავსში, მაგრამ საწვავის გაჟონვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა იუკიო ედანომ.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, „ფუკუსიმა-1“-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად თვითონ ატომური რეაქტორი არ დაზიანებულა – მწყობრიდან გამოვიდა გარსი, რომლითაც რეაქტორი იყო შემოსაზღვრული.

„ფუკოსიმა–1“ მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც მთელ ტოკიოს ელექტროენერგიით ამარაგებს. ელექტროსადგურის მთლიანი სიმძლავრე 8.800 მეგავატია. იგი ორი სადგურისგან შედგება. ავარია პირველ სადგურზე მოხდა, რომელიც 1971 წლიდან მოქმედებს. ამ სადგურში 6 რეაქტორი მუშაობს. შედარებისთვის – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ავარიამდე 3.800 მეგავატს გამოიმუშავებდა.

რა არის ცნობილი იაპონიაში მყოფი ქართველების შესახებ

ოფიციალურად, იაპონიაში საქართველოს 35 მოქალაქე ცხოვრობს და მათ შესახებ ცნობილია, რომ სტიქიის გამო არ დაზარალებულან. მათი ევაკუირება ქვეყნიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ქვეყნის(იაპონიის) აეროპორტები ბლოკირებულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო და იაპონიაში საქართველოს საელჩო თხოვნით მიმართავს ყველას, მიაწოდონ ინფორმაცია იაპონიაში მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც იქ კერძო ვიზიტით იმყოფებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს საქართველოს საელჩო ყურადღებას არ აქცევდა. ერთ-ერთ სააგენტოში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საელჩოს წარმომადგენლები სტუდენტებს დაუკავშირდნენ.

“2012”–ის აურა და 2012–ის მოლოდინი

პირველად  გამოქვეყნდა აქ

 

როცა სხვა ქვეყნებში მიმდინარე სტიქიური უბედურებების შესახებ ტელევიზიით სიუჟეტები გვინახავს, ვინ იცის, რამდენჯერ მოგვისმენია კატაკლიზმების უშუალო მონაწილეებისა და თვითმხილველებისგან ფრაზა: „თავი საშინელებათა ფილმში მეგონა!..“ გუშინ ძალიან დიდხანს ვიმუშავე იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის თემაზე და მას შემდეგ, რაც სადღაც წავიკითხე, ცუნამს, პირობითად, „2012“ დაარქვესო, კიდევ ერთ საგულისხმო დეტალს მივაქციე ყურადღება: იაპონიის სამხრეთიდან ქვეყნის სიღრმისკენ დაძრული მოქალაქეები, ცუნამგადატანილები და ყველაფრის თავიანთი თვალებით მხილველები, ჟურნალისტებთან საუბრისას ყველაზე ხშირად საკუთარ ემოციას ამ ფრაზით გადმოსცემდნენ: „მეგონა, „2012“-ს ვუყურებდი, ოღონდ, ყველაფერი რეალური იყო…“

 

ამის შემდეგ დავფიქრდი და გადავწყვიტე, ბლოგი იმაზე დამეწერა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანებზე ზოგადად, ფილმები, მით უმეტეს, ისეთი შინაარსის, როგორიც „2012“-ია. მანამდე „2012“-ის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ფილმი ფართო ეკრანებზე გამოსვლისთანავე განსაკუთრებული პოპულარობით, აშშ-ს შემდეგ სწორედ იაპონიაში სარგებლობდა. რადგან ამ ფილმზე ყველამ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი იცის, მის შესახებ მოკლედ შეგახსენებთ და შემდეგ ისევ სათქმელს დავუბრუნდები:

 

რეჟისორ რონალდ ემერიხის ეს ფილმი 2009 წელს გამოვიდა ფართო ეკრანებზე. „კოლუმბია ფიქჩერზის“ ბაზაზე გადაღებული „2012“ „სულ რაღაც“ 260 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით 2012 წელს ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის შესახებ მოგვითხრობს. ამ კალენდრის მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ წელს მზის სისტემის პლანეტები ერთ მწკრივში მოექცევიან, რაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს: მძლავრი მიწისძვრები, ცუნამი და ვულკანების ამოფრქვევა ქვეყნებსა და კონტინეტებს ნანგრევებად აქცევს.

 

ამ ფილმზე რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკოსთა ნაწილი არ დაეთანხმა იმას, რომ, შესაძლოა, ფილმში ასახული მოვლენები დედამიწის მომავალია. მრავალგზის კრიტიკის და ქარცეცხლში გატარების მიუხედავად, ფილმი არნახულად პოპულარული აღმოჩნდა და მხოლოდ 2009 წლის მაჩვენებლების მიხედვით, მის შემქმნელებს უკვე 235 მილიონი დოლარის მოგებაც მოუტანა.

აი, სწორედ ამ ფილმის პოპულარობის მაჩვენებელი იყო იაპონიაში ყველაზე მაღალი აშშ-ს შემდეგ. ჯერჯერობით არავინ იცის, რას ამბობენ ისინი, ვისაც „2012“-ის რეალურად განხორციელებაზე ფიქრი სისულელედ მიაჩნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 88 ათასზე მეტი (ცუნამის პირველ დღეს, პარასკევს, გვიან ღამით არსებული მონაცემების მიხედვით) ადამიანის უმრავლესობას, რომლებიც ცუნამმა ზღვაში გემებთან ერთად გაიტაცა და რომელთა ასავალ-დასავალი ჯერაც არავინ იცის, აუცილებლად გაახსენდებოდა თითქმის ანალოგიური კადრები „2011“-დან, როცა ზღვაში ნაფოტივით ათამაშებული გემიდან დაინახავდა, როგორ წალეკა ათმეტრიანმა ტალღებმა მთელი ქალაქი.

ბევრმა თქვენგანმა, შესაძლოა, მხრები აიჩეჩოს და, ერთი შეხედვით, ლოგიკური კითხვაც დასვას – რა შუაშია ადამიანის ცნობიერებაზე ფილმის გავლენა, თუკი ზუსტად ვიცით, რომ ბუნებრივ მოვლენებსა და კატაკლიზმებს ცნობიერება არა აქვთ, ხოლო ადამაინის ხელი 11 მარტს იაპონიას თავსდამტყდარ ცუნამში არ ჩარეულა? ამ კითხვაზე ასეთი, ალბათ, არაკომპეტენტური, მაგრამ საკუთარი პასუხი მაქვს:

თავის რომანში – „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილს ერთი ასეთი ფრაზა აქვს: „ქვეყნად არარა არ იკარგება, ჩვენ გვავიწყდება მხოლოდ“. თავს არ შეგაწყენთ იმის შეხსენებით (მით უმეტეს, ციტირებით), რომ ამ ფრაზის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ახსნაც არსებობს და ჩემი სიტყვებით გეტყვით: როცა მხატვრულ ნაწარმოებში, იქნება ეს ტილო, სპექტაკლი, ფილმი თუ მულტფილმი, ოსტატურადაა აღწერილი ის, რასაც ადამიანი ქვეცნობიერში მოელის (ოღონდ, მასზე არ ფიქრობს), მაყურებელი არა ნანახის პასიური აღმქმელი, არამედ იმ მოვლენის მონაწილე ხდება, რასაც ხედავს, ხოლო შემდეგ ამ ნანახის ასრულებას რეალურადაც მოელის.

„2012“ და მისი მსგავსი ფილმები აძლიერებს მოლოდინს, რომელიც, მცირე დოზით, მაგრამ მითითებულ თარიღამდეც არსებობს. ოღონდ, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ როცა ფილმს უყურებს ვიღაცის ან ვიღაცების უბედურების შესახებ, თანაგრძნობასთან ერთად ის გრძნობაც უჩნდება, რომ ანალოგიურ სიტუაციაში თვითონ არასდროს მოხვდება. ამ დროს კი მოლოდინი არსებობს და, მაიას ტომის კალენდრის სიზუსტის არ ვიცი, მაგრამ მსგავსი მოლოდინი, უფრო სწორედ, ამ მოლოდინის სახით არსებული უსიამოვნო პროგნოზები, ადრე თუ გვიან, მაინც ახდება ხოლმე.

სამყაროს აღსასრულის მოლოდინის გაჩენა, რა თქმა უნდა, მხოლოდ „2012“-ის და მისი სცენარის მსგავსი სხვა ფილმების „დამსახურება“ არ არის. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე აწ გარდაცვლილი ბებიაჩემისგან ხშირად მესმოდა, რომ ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა და როცა შევეკითხებოდი, ბებო, ეგეთი რამეები საიდან მოგაქვს, სად წერია-მეთქი, დიდი სიამაყით მეტყოდა – ეფუთის წიგნშიო.

მთელი ჩემი ბავშვობის მანძილზე ეს იყო ერთადერთი საოცნებო წიგნი, რომლის წაკითხვა მსურდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ სულმოუთქმელად წავიკითხავდი. მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა, ასაკის მატებასთან ერთად კი ეფუთის მიმართ ინტერესი გამიქრა და, თუ ბებოს სულს არ ვაწყენინებ ამით, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამ წიგნის არსებობაში დარწმუნებული არ ვარ…

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანთა განწყობილება, ცუდის მოლოდინი, იმის დაშვება, რომ შესაძლოა, სამყაროს აღსასრული დადგეს, ჩემი აზრით, ქმნის აურა, აურა კი… აურას ბევრი რამ შეუძლია, თუ ყველაფერი არა. სადღაც წავიკითხე, რომ ერთი მაღალგანვითარებული ქვეყნის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: ერთ ოთახში ერთნაირი ჯიშის ქოთნის ყვავილები ჩაამწკრივეს და ამავე ოთახში ზედიზედ, ერთმანეთის მონაცვლეობით შეუშვეს ოცი კაცი. თითოეული მათგანის შესვლასა და გამოსვლას შორის ათწუთიანი ინტერვალი აირჩიეს. მე–20 ადამიანს დანა მისცეს და ერთ–ერთი ყვავილის აკუწვა დაავალეს, რაც მან გააკეთა კიდეც. დაახლოებით ორი დღის შემდეგ ოთახში დარჩენილ 19 ყვავილს ზემგძნობიარე აპარატურა შეუერთეს და ოთახში არეული თანმიმდევრობით შეუშვეს ექსპერიმენტის ოცივე მონაწილე. არცერთ მათგანს დანა უკვე აღარ ჰქონდა. მეცნიერები ყვავილების რეაქციას აკვირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ როცა ოთახში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც წინა წქსპერიმენტის დროს ერთ–ერთი ყვავილი აკუწა, ცხრამეტივე ყვავილი შეიკუმშა, თითქოს უბედურების მოლოდინში…

ვინ იცის, იქნებ იაპონიის ფართო ეკრანებზე „2012“ წლის ტრანსლირების დროს დაგროვილმა უარყოფითმა აურამ და ენერგიამ ამოხეთქა ცუნამის სახით ამ ქვეყნის ნაპირებზე? ვინ იცის, იქნებ იგივე კატაკლიზმები სხვა ქვეყნებსაც ემუქრება? რასაკვირველია, შორს ვარ იმ მოსაზრებებისგან, რომ „2012“–ის მსგავსი ფილმები უნდა აიკრძალოს, ან რომ ასეთი ფილმები იწვევს კატაკლიზმებს, მაგრამ ბუნებამაც რომ უცნაური შურისძიება იცის, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით…

სხვათაშორის, ნიუ–იორკში „ტყუპების“ დანგრევის შემდეგ ბევრი მეცნიერი ამბობდა, რომ აშშ მსოფლიოზე ბატონობის სურვილის გამო დაისაჯა, ხოლო ის, რაც 11 სექტემბერს ნიუ–იორკში ხდებოდა და რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, ამერიკელებს ბევრად ადრე, სტივენ სპილბერგის ფილმებში უკვე ჰქონდათ ნანახი…

 

ბოლოს ისიც უნდა დავამატო, რომ რეზონანსული ფილმების გავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე საკმაოდ დიდია. მე არ მოვსწრებივარ, მაგრამ უფროსებისგან გამიგია, რომ ფართო ეკრანებზე „ტარზანის“ გამოსვლის შემდეგ თბილისის ბოტანიკური ბაღიდან სასწრაფო დახმარების გამოძახებები რეკორდულად გაიზარდა. მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები, რომლებიც ვითომ სასეირნოდ წასვლის საბაბით ბოტანიკურ ბაღში მშობლებს გაეპარებოდნენ, ტოტიდან ტოტზე გადახტომას ტარზანის მიბაძვით ცდილობდნენ და ეს მცდელობა დედამიწის მიზიდულობის ცნობილი კანონის თანახმად, მძიმე ან მსუბუქი მოტეხილობებით მთავრდებოდა.

 

ასე რომ, „ქვეყნად არარა არ იკარგება…“

 

 

 

რუსი მილიციელები ПИДР–ები არ ყოფილან

ბოლო დროს რუსეთის სოციალურ ქსელში და ცნობილი ბლოგერების გვერდებზე საკმაოდ საინტერესო და სახალისო ინფორმაცია გაჩნდა, რომელიც სოცქსელში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და გაავრცელა, მათ შორის, ქართველი ეროვნების ბლოგერებმა და სოცქსელების იუზერებმაც.

როგორც ჩანს, რომელიღაც ონავარმა რუსმა ბლოგერმა თავდაპირველად იხუმრა, თუმცა, ეს ხუმრობა იმდენად მახვილგონივრულად იყო მოფიქრებული და ფოტოშოპში დამზადებული ფოტოთი იმდენად ოსტატურად გამაგრებული, რომ ონავარას ხუმრობა არავის მიუღია ხუმრობად.

მოკლედ, ერთ–ერთმა რუსმა იუზერმა საკუთარ გვერდზე, ფბ–ში (სხვა ქსელებშიც, მათ შორის, რუსულშიც) ატვირთა ფოტო, რომლის ნამდვილობაში ეჭვი არავის შეუტანია. ფოტოში რუსი მილიციელებია აღბეჭდილი, ოღონდ, ფრიად უცნაურ ფორმაში, ზურგზე დიდი წარწერით:  ПИДР. როგორც იუზერმა აღნიშნა, ძალიან მალე, მილიციის პოლიციად გადაკეთების შემდეგ (ანუ, პირველი მარტიდან), საგზაო ინსპექციის რეფორმა იგეგმება და რუსეთის გზებზე ინსპექტორების ნაცვლად საგზაო რეგულირების პოლიციის ინსპექტორები(полицейский инспектор дорожного регулирования). ეს დასახელება რუსული აბრევიატურით სწორედ ასე გამოიყენება: ПИДР.

ცნობამ და ფოტოშოპში გაკეთებულმა სურათმა, სადაც ახალი პოლიციელები, ანუ „პიდრები“ ჩანან, ინტერნეტსივრცეში ნამდვილი ბუმი გამოიწვია. გამოხმაურებები, ირონია, დაცინვა და სარკაზმი იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვედა რგოლების მეშვეობით გამოხმაურება გადაწყვიტა.

გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საქალაქო სამმართველოს უფროსმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და რუსეთის პოლიციის რიგებში „პიდრების“  შესაძლო გამოჩენა უარყო.

როგორც კოლოკოლცევმა „კომსომოლსკაია პრავდას“ განუცხადა, ამის შესახებ შეკითხვა მას მილიციელებმა ერთ–ერთ შეხვედრაზე დაუსვეს – როგორც ჩანს, ინტერნეტში რუსი მილიციელებიც იქექებიან და მოსალოდნელი „გაპიდრების“ შესაძლებლობა დიდად არ ესიამოვნათ.

ერთ–ერთმა თანამშრომელმა გაზეთს აუხსნა, რომ მილიცია საეჭვო აბრევიატურების გამოყენებას მაქსიმალურად არიდებს თავს. ასე მაგალითად, სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტი (Департамент уголовного розыска) აღინიშნება, როგორც ДепУР და არა როგორც ДУР.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბრის გარდა, კოლოკოლცევმა მილიციის თანამშრომლებთან შეხვედრისას თავისი ქვეშევრდომების გარეგნულ ფორმაზე და ქცევებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება არ დაუმალავს: „ზოგჯერ, როცა ქუჩაში ჩვენს მილიციელებს ვხედავ, მათ ნაცვლად მრცხვენია“,– აღნიშნა კოლოკოლცევმა, – „კურსანტები ნორმალურად გამოიყურებიან, როცა სამსახურს იწყებენ, ერთი წლის შემდეგ კი საზარელი სანახავები არიან…“

რას შეცვლის რუსი მილიციელის გარეგნულ ფორმაში მისი სახელწოდების პოლიციელეად გადაკეთება, 1 მარტის შემდეგ გამოჩნდება…

 

იცოცხლე და აცოცხლე!

1 დეკემბრიდან: გაიკეთე უსფრთხოების ღვედი! იცოცხლე და აცოცხლე!

ღვედის ამ რეკლამამ ძალიან იმოქმედა. დააკვირდით, ვინც პირველად ნახავთ, ძალიან ძლიერი გაკეთებულია. მართალია, ჩვენთან ყველა ნორმალურ შემოთავაზებას უკურეაქცია  მოსდევს(“რა იცი, იქნებ ღვედშიც “ჟუჩოკია” ჩამონტაჟებული!”)მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს, რომ  ეს ვიდეოროლიკი მაგარია. ერთი წამია საკმარისი, რომ მანქანის სალონში ოჯახური იდილია, სიცილ-კისკისი და გადალაპარაკება ტრაგიკულად საპირისპირო გრძნობებმა და მოქმედებებმა შეცვალოს. მე მჯერა, რომ უსაფრთხოების ღვედი გარიდებს ამ წამს და ამიტომ – გაიკეთე…

 

ცოტა რამ ჩემზე

საყვარელი ფრაზები: – დრო კი, მოგეხსენებათ, გადის…”; “კიდევ ერთხელ ვახსენო არაქართული სიტყვა “მუღამი”? თუ, აღარ არის საჭირო?”

მე ვარ – სკირონი

მოვიაზრები როგორც – არაორდინარული და ცოოოტა უცნაური

ბავშვობაში ვიყავი – მიმნდობი და გულჩვილი

ახლა ვარ – მიმნდობი, გულჩვილი და ქიცისა და ქიცმაცურის მცოდნე

ადრე მეგონა რომ – ცხოვრება იყო ძალიან მარტივი

ახლა ვფიქრობ რომ – ვცდებოდი მაგრამ ღირს.

არასდროს – ავივსები ბოღმით

ყოველთვის – მეყვარება

ჩემთვის სულ ერთია – დაშტამპული ადამიანების აზრი ჩემზე

ჩემი დილა იწყება – მადლიერების გრძნობით

ძალიან მიჭირს – საკუთარ თავთან პაექრობა

ვნანობ – ხშირად და ბევრ რამეს

ვერასდროს ვაპატიებ – უზნეობას

მენატრება – ბავშვობა

ყველაზე დიდი დანაკარგი – ღმერთი

ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ღმერთი

არ მინდა მახსოვდეს – სევდიანი მოგონებები

არასდროს დამავიწყდება – სკოლა და მამა

ჩემზე გავლენა იქონიეს – მამამ და დამ

როდესაც მღალატობენ – ვბრაზდები

ვუმწეოვდები– სულიერად ჩემზე მაღლა მდგომი ადამიანების და მთების და შვილების ცრემლების წინაშე

როდესაც მაქებენ – თავს ვირწმუნებ, რომ ნამეტანი მოსდით

როდესაც მლანძღავენ – თავს ვირწმუნებ, რომ ნამეტანი მოსდით

იმედი მაქვს – მხოლოდ ღმერთის

მე ვარ შეუმდგარი – სამხედრო პირი

ლბათ ვერასდროს გავხდებოდი – მათემატიკოსი

როდესაც ვბრაზდები – ვბუზღუნებ და ვყვირი

ტყუილს ვამბობ – ხშირად და ზოგჯერ უსინდისოდ

მეშინია – მხოლოდ ღმერთის

ჩემი წყობიდან გამოყვანა შეუძლიათ – თავხედებს და უზრდელებს, თავდაჯერებულ იდიოტებს

წინა ცხოვრება– ეგეთი არ არსებობს

დება, ვინც ფიქრობს რომ – უჟმური და ქედმაღალი ვარ

საყვარელი ფრაზა – “ვინც რა უნდა თქვას შენზე, აკეთე საქმე, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ და იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ”.

ჩემი საფერებელი სიტყვები – დრანცალა, ჩეეემი,ბადურა, მოოოდი

ვერასდროს ვმალავ – სიხარულს

ვცდილობ – არ მოვიტყუო, არ შევიგინო

მეზარება – ღამით მოწევა, მაგრამ ვეწევი

ვერასდროს ვიცლი – გონებაში ჩანიშნული საქმეების გასაკეთებლად

ვერავინ მაიძულებს – ვერაფერს

ვჩქარობ – როცა მასალის გადაცემა მეჩქარება

ჩემთვის სიმშვიდე არის – ის, რაც ხშირად მაკლდა და ახლა უფრო მაქვს

ბოლოს წავიკითხე – “მაიდ ინ ტიფლის”- აკა

ხშირად მადარებენ – ვინი პუჰს და ჟოაო აბადოს:)

ჩემი თავის მიმართ ვარ – მომთხოვნი და კრიტიკული

ვამაყობ – მიზანსწრაფულობით

უარვყოფ – ძალად ათეისტებს

მწამს – ღმერთის და იმის, რომ ყველაფერს ხედავს

თუკი შევძლებ – დავეხმარები მოხუცებს

სიკვდილი – ის არის, რაც აუცილებლად მოვა და “ერთ წამში აგვყრის იარაღს”

ყოველთვის შეუძლია გამაცინოს – ნიოს

ჩემთვის იდეალური მამაკაცი – მამა

ბოდიშს ვიხდი – მიჭირს, მაგრამ ვსწავლობ

ბედნიერება არის – სისავსე და დროგამოშვებითი

არასდროს ვსაუბრობ – პირად, ინტიმურ თემებზე სხვასთან, საყვარელი ადამიანის გარდა

მიყვარს – მთელი არსებით

ჩემთვის სულ ერთი არაა – ნიოს აზრი

ვერასდროს შევურიგდები – დღეზე გრძელ ღამეს

ახალბედა

სად სკირონი და სად კაატინგა? სწორი შეკითხვაა, თუ ეგ გაგიჩნდათ. მაგრამ სკირონიც არანაკლები იყო, თუნდაც ხუთივე დიდ კანუდოსელთან შედარებით. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ პრუდენსიოსგან განსხვავებით, სკირონი კამორელთა ცხედრებს კაატინგას არ დააყრიდა. არადა, სკირონი აკლია კანუდოსს. დოჩანას კი არ ვუსწორებ რამეს(ამდენად კადნიერიც არ ვარ), მაგრამ სკირონიც რომ კანუდოსელი ყოფილიყო, იქნებ დაგვეცვა პატარა, თიხის ქალაქი კამორელებისგან, იქაური ჟაგუნსოებისგან და რიგობერტოსგან…